3 ქულისთვის ჩამოვიდნენ, ბუცებს ხვალ დააწევენ
3 ქულისთვის ჩამოვიდნენ, ბუცებს ხვალ დააწევენ
07.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს საქართველოში ჩამოსვლისას თავგადასავალი არ აკლდება. ალბათ გახსოვთ, 2021 წლის მარტში, როდესაც საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მოხვდნენ ერთად, ესპანელების ნაკრების ვარჯიშის დროს სინათლე გაითიშა. ამჯერად, სინათლე არ გათიშულა და ვერც ქართულ მხარეს დააბრალებს ვერავინ ვერაფერს, თუმცა, ესპანელების მატჩის წინა დღემ, კვლავ კურიოზულად ჩაიარა - ევროპის ერთ-ერთ ტოპ ნაკრებს, საქართველოში წამოსაღები ჩანთა, სადაც მეკარეების ხელთათმანები და ბუცები იყო, როგორც ჩანს, სამშობლოში, აეროპორტში დარჩათ (გუნდი ჩარტერით ჩამოვიდა და შესაბამისად, მათ ჩაბარგება-გადმობარგებაში დაშვებულ ხარვეზებს, ჩვენ მხარეს ვეღარ დააბრალებენ. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ბოლო დროს აგორებული სკანდალებისა (ქალთა ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებულს) და  სამთავრობო დონეზეც კი, ცვლილებების მოთხოვნებს, დიდი ალბათობით, ამ ფაქტის გამოც ექნება საპასუხო. ასეა თუ ისე, გუნდმა დღეს მაინც ივარჯიშა კუთვნილი დრო, მანამდე კი, ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე, ქართული და ესპანური მედიის წინაშე, ქართულ გუნდთან დაპირისპირებაზე და სირთულეებზე ილაპარაკა.

„რთულ თამაშს ველით. იმას გარდა, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლო დროს საკმაოდ მომატებული აქვს და ბრწყინვალე ახალგაზრდა თაობა ჰყავს, მათი შემადგენლობის ნაწილი კარგ გუნდებში თამაშობს და კლასი ამის ხარჯზეც გაიზარდა, ვიცით, რომ ხვალინდელი თამაში ადვილი არ იქნება. თუმცა, ჩვენი მოთამაშეები და მეც, ამ ეტაპზე ამისთვის მზად ვართ და ველოდებით, რომ ხვალ სასურველ შედეგს მივაღწევთ",  - ამბობს ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც ქართული მედიისთვისაც და მოგვიანებით ესპანურისთვისაც გაიმეორებს, რომ მისი გუნდი, თბილისში ჩამოვიდა, რადგან გუნდურად ეთამაშოს გუნდს და არა რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელს. ბუნებრივია, კონკრეტულ ფეხბურთელში ორივე ქვეყნის მედიის წარმომადგენლებიც და სტუმარი გუნდის წარმომადგენლებიც პრეს-კონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას გულისხმობდნენ.




„მაღალი კლასის მოთამაშის ყოლა კარგია, თუმცა, გუნდური ღირებულება სხვა ფასეულობისაა. ამ შემთხვევაში, თქვენმა მწვრთნელმა სანიოლმა, კარგად მოახერხა ის, რომ ნაკრებს გუნდური არსი და სული მისცა. ამ მხრივ, ნაკრები მყარად ჩამოაყალიბა. შესაბამისად, ჩვენ ხვალ გუნდთან გავდივართ სათამაშოდ. თამაშის ღირებულებასთან დაკავშირებით კიდევ, ის შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი ის მატჩია, სადაც სწორად არის გათვლილი და შედეგია",  - ამბობს ლუის დე ლა ფუენტე.


ესპანელთა თავკაცის თქმით, მის გუნდში არიან ყველა ის მნიშნელოვანი ფეხბურთელები, რომელთა ფორმაც ამ მომენტისთვის სანაკრებოს შეეფერება. ქართულ მედიასთან ხვალინდელ სათამაშო ტაქტიკაზე საუბარს მოერიდა და არც ესპანელთა შეკითხვას გასცა პასუხი, როდესაც შეკითხვა  „კვარაზე" აგებულ დაცვას შეეხო, უფრო ზუსტად, რა „ეშველებოდა" ესპანეთის ნაკრების წინასწარ დაგეგმილ სათამაშო სქემებს, თუკი, კვარას ადგილს შეუცვლიდნენ.  ბუნებრივია, ამავე ლოგიკით ესპანელები საგანგებო გათვლებს არც გიორგი მიქაუტაძეზე გააკეთებენ.




ბუნებრივია ისიც, რომ  ესპანელებმა არ ისაუბრეს არც საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაზე, რომელშიც ბევრი ახალი სახეა. თუმცა, მედიამ მატჩის წინა დღეს, ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე გამოცხადებულ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა როდრის, ლა როხას ერთ-ერთი ახლი სახის გვარი, ხვალინდელ მატჩთან მიმართებაში წამოაცდევინა. ჟურნალისტის პროვოკაციულ შეკითხვაზე, ესპანეთის ნაკრების გამოცდილმა მოთამაშემ არ გამოირიცხა, რომ „ბარსელონას" 16 წლის მოთამაშის, ლამინე იამალის დებიუტი, შესაძლოა სწორედ, „დინამო არენაზე" შედგეს.


და კვლავ სტატიის დასაწყისს რომ დავუბრუნდეთ, „მარკას" ცნობით, ესპანეთის ნაკრების ბუცებითა და მეკარეთა ხელთათმანებით სავსე ჩანთა, თბილისში ხვალ ჩამოვა, შესაბამისად დე ლა ფუენტეს გადაწყვეტილი აქვს, ხვალ დილით, გუნდი დამატებით ავარჯიშოს.


უეფა-ს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სექტემბრის პირველი შეხვედრა, „დინამო არენაზე" ხვალ, 8 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე, კარგა ხანია გაყიდულია. ასე, რომ ხვალ სტადიონზე ანშლაგის ფონზე, საქართველო და ესპანეთი 3-3 ქულის აღებას შეეცდებიან.