საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა ჩაატარა. გათამაშების დებიუტანტმა ჯგუფიდან გასვლა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა მოახერხა, ითამაშა ორი ჯგუფური ეტაპი და 5 თამაშიდან 2 მატჩი მოიგო. ამას გარდა, პირველად, საქართველოს ნაკრები წინა ოლიმპიურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და 24 გუნდიდან შეეცდება პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებას. ფაქტია, ქართული კალათბურთის ისტორიაში ახლი გვერდი ჩაიწერა. ბუნებრივია, ამ გადასახედიდან, ჩვენი გუნდის გამოსვლა დადებითად შეიძლება შეფასდეს. განსაკუთრებით, დღევანდელი შეხვედრა ფიბა-ს მამაკაცთა მსოფლიო რეიტინგის მესამე ნაკრებთან, ავსტრალიასთან, ისიც იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე აკლდნენ ტრავმების გამო, გიორგი ცინცაძესა და მიხეილ ბერიშვილის სათამაშო დრო არ მისცემიათ. რეალურად, 12 ავსტრალიელის წინააღმდეგ, რომლებიც დღეს პარკეტზე იყვნენ, 8 ქართველი დაუდგა.
შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თუ ტრავმირებულებს არ ჩავთვლით და კიდევ იმას, რომ ნატურალიზებული თად მაკფადენის გუნდში დარჩენა, ჯერ კიდევ ჩემპიონატამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩში, ითამაშა იმ გუნდის ჩონჩხმა, რომელზეც ახალი გუნდის შენება უნდა დაიწყოს. იმედია, რომ საქართველოში მოიძებნებიან იმ რაოდენობის ახალგაზრდა კალათბურთელები, რომელთა შორის პოზიციებზე ჯანსაღი კონკურენციისა და არა, ამა თუ იმ მწვრთნელის ან, საკალათბურთო მაღალჩინოსნის პირადი სიმპათიით შეირჩევიან მოთამაშეები და უკვე, წინა საოლიმპიადო ტურნირზე, გამართული სახით წარსდგებიან. კიდევ ერთი დადებითი მომენტი ამ ჩემპიონატიდან ისაა, რომ ქართული კალათბურთის მომავალი თაობის ნაწილმა სანაკრებო დონეზე, მსგავს ტურნირზე სათამაშო გამოცდილება ასე თუ ისე მიიღო.
ახლა, რაც შეეხება „ცუდს". ცუდი ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, 12-კაციან შემადგენლობაში ის კალათბურთელები შეირჩნენ, რომლებსაც ტრავმები ბოლომდე არ ჰქონდათ მოშუშებული. ჩემს შეკითხვაზე, იაპონიაში, ავსტრალიასთან სპარინგის დროს რომ ვინმე დაიმტვრეს, რა გვეშველებათქო, მიპასუხეს, რაც დავრჩებით იმით ვითამაშებთო. „ოფლის ბოლო წვეთის" რა გითხრათ, მაგრამ ამ ლოგიკით, „სისხლის ბოლო წვეთამდე" გვიწევდა თამაში. დღევანდელ მატჩში ეს ნათლად გამოჩნდა.
არ ვიცი, ალბათ, საკალათბურთო ცხოვრებას ცოტა ჩამოვრჩი, მაგრამ ფეხბურთში (სპორტის სახეობებიდან ერთად ერთი საქართველოში, სადაც კრიტიკული აზრის მოსმენა იციან, დასკვნებიც გამოაქვთ ხოლმე ზოგჯერ), არაფრის დიდებით, იმ გუნდთან სპარინგს, მითუმეტეს, ერთი კვირით ადრე არ გამართავენ, რომელთანაც პოტენციურად ოფიციალური თამაშის დიდ ალბათობაა. ჩემი აზრით, სწორედ, იმ სპარინგის დროს, მაგალითად ავსტრალიამ „ლაივში" და არა ვიდეო-ჩანაწერიდან შეისწავლა პოტენციური მეტოქე. მართალია, ამხანაგურშიც და ახლაც, სიმბოლურად 100-100 ქულა ჩაგვიგდო, მაგრამ ფაქტია, რომ ავსტრალიის ანალიტიკოსებს ქართული გუნდი სკურპულოზურად ჰყავდათ შესწავლილი.
ცუდია ისიც, რომ უხეირო თამაშის შემდეგაც კი, და ასეთი თამაშები, საქართველოს ნაკრებს არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე, არამედ, ჩაგდებული ევრობასკეტიდან მოყოლებული ბევრი ჰქონდათ და რეალურად, მსოფლიოზე მოსახვედრად, უბრალოდ, ბეწვის ხიდი არ ჩაგვიწყდა, მთელი გუნდი (ფედერაციასთან და სპონსორებთან ერთად) ერთხმად ცდილობს, რომ სიმაღლითა და ხმით გადაგვფაროს და დაგვარწმუნოს, რომ თეთრი, შავია.
მოკლედ, ახლა ცოტა თამაშის შესახებაც, რომელიც, ყველა ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ილიას ზუროსმა (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ასე ითვლება) შემდეგი ხუთეულით დაიწყო: თად მაკფადენი, რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი შერმადინი. საკმაოდ დაძაბული პირველი მეოთხედი, ორმხრივი შეცდომებით, თუმცა, ავსტრალიელთა პერიმეტრიდან კარგი თამაშით აღინიშნა. საქართველოს ნაკრებში, პირველი ქულები გუნდს გამოცდილმა გიორგი შერმადინმა მოუტანა. პირადად, ჩვენი აზრით, თამაშიდან თამაშამდე გაიხსნა კახა ჯინჭარაძე, რომელმაც დღესაც კარგად იმუშავა. თამაში იგრძნო რატი ანდრონიკაშვილმა და ალბათ, კარგი იქნება, თუ ეს ახალგაზრდა კალათბურთელი, მომდევნო ტურნირებზე დაღვინებული იქნება, რადგან რატის, ახლა სწორედ ეს აკლია და ათამაშდა თად მაკფადენი, ქართული გუნდის ის რგოლი, რომელიც ასე ძალიან დაგვაკლდა განვლილ თამაშებში. ამ მეოთხედიდან და მომდევნოებიდანაც, კვლავ დაგვამახსოვრა თავი ამერიკელმა ქალმა მსაჯმა ბლანკა ბარნსმა, რომელიც აშკარად „ერჩის" საქართველოს ნაკრების NBA-ს მოთამაშეებს - სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძეს. ეს მონაკვეთი 23-17, 6 ქულით წავაგეთ.
მეორე მეოთხედში, ავსტრალიელები ძალიან მარტივად, სულ „ხტუნვა-ხტუნვით" მიიწევდნენ წინ და ზრდიდნენ უპირატესობას. შეხვედრის ამ მონაკვეთში, მხოლოდ ერთმა პატი მილსმა ჩაგვიგდო 16 ქულა. ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის აღებული ქულების დიდი ნაწილი კი, 3-ქულიანი ზონიდან იყო (63%), 10 ზუსტი, 16 შესაძლებლობიდან. მაშინ, როდესაც ჩვენ, მხოლოდ 8-დან ორი გვგქონდა ჩაგდებული. აქ, ცუდი კიდევ ის იყო, რომ პერიმეტრიდან, ძალიან მარტივად და თავისუფლად ვაძლევდით სროლის საშულებას. ჩვენ, ეს მონაკვეთიც წავაგეთ, ამჯერად 11 ქულით, 31-20. დიდი შესვენების წინ კი, ანგარიში 54-37 იყო, სხვაობა მთელი 17 ქულა. პირველი ტაიმის შემდეგ, ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, 18:18 წუთში აღებული 12 ქულით. 9 ქულა ჰქონდა გოგა ბითაძეს. 8 ქულა კი, თად მაკფადენის ანგარიშზე, საიდანაც 3-დან 2 ზუსტი 3-ქულიანი იყო.
მომდევნო მესამე მეოთხედი, ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ჩაატარა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მონაკვეთი 5 ქულით, 25-30 მოვიგეთ. უბრალოდ, ჩანდა, რომ ნაკრებს დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხსნა და ითამაშა. ამ მონაკვეთის შემდეგ, ქართულ გუნდში ყველაზე მეტი, 17 ქულა თად მაკფადენის ანგარიშზე იყო. 16 ქულა გოგა ბითაძის და 14 გიორგი შერმადინს ჰქონდათ. მხოლოდ 10 ქულა იყო სანდრო მამუკელაშვილის გვარის გასწვრივ და ფაქტია, როდესაც მსგავს ჩანაწერს ვაკეთებ, ნიშნავს, რომ მასზე უფრო დიდი მოლოდინები კეთდება ახლაც და მომავალშიც. ბოლო მეოთხედის წინ, საერთო ანგარიში 79-67 იყო და რეალურად, თამაშის შემოტრიალების თუ არა, ანგარიშის მაქსიმალურად შემცირების შანსიც.
თუმცა, ერთადერთი რაც ამ მონაკვეთში შევძელით - სხვაობის 10 ქულამდე შემცირება და კიდევ ერთი, ახალგაზრდა გიორგი ტურძილაძისთვის სათამაშო დროის მიცემა იყო. 6 წუთში მან 4 ქულა დააგროვა და საკმაოდ „იჭიდავა" ფართან. რეალურად, ეს მონაკვეთი, თითქმის თანაბრად ვითამაშეთ და მხოლოდ, 4 ქულა წავაგეთ, მაგრამ დავუშვით იგივე შეცდომები, რაც ყველა სხვა თამაშში და ამასთან, ავსტრალიასაც დიდად აღარ მოუკლავს თავი. მეოთხედი 21-17, თამაში კი, 100-84 (მატჩის სტატისტიკა) წავაგეთ.
8 კაცზე გადავლილი თამაშის შემდეგ (პარკეტზე ყველაზე დიდი დრო თად მაკფადენმა 38'29'', სანდრო მამუკელაშვილმა 34'04'', გოგა ბითაძემ 29'41'', რატი ანრონიკაშვილმა 29'39'', კახაბერ ჯინჭარაძემ 27'06'' და გიორგი შერმადინმა 26'26''გაატარეს, 8'26'' ითამაშა ლუკა ლიკლიკაძემ და 6'09'' გიორგი ტურძილაძემ) კი, მოთამაშეებს შემდეგი სტატისტიკა დაუფიქსირდათ: ბითაძე - 20 ქულა, 5 მოხსნა; მაკფადენი - 18 ქულა, 9 პასი; შერმადინი 16 ქულა, მამუკელაშვილი -12 ქულა, 9 მოხსნა, ანდრონიკაშვილი -12 ქულა, 8 პასი; ტურძილაძე - 4 ქულა; ჯინჭარაძე - 2 ქულა, 6 მოხსნა და ლიკლიკაძე - 2 მოხსნა.
მატჩის შემდეგ გასახდელშიც და FIBA-ს ვებ-გვერდზე გამართული პრეს-კონფერენციაზეც ილიას ზუროსმა ორაზროვანი, თუმცა, ვისაც კალათბურთის კულუარებში შეხედვა შეუძლია მის ნათქვამს კარგად მიხვდა - ბერძენი, როგორც ჩანს, უკვე ოფიციალურად (რადგან ევრობასკეტის და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ უკვე აქტიური იყო მისი გუნდიდან წასვლა), მომავალი ციკლიდან, საქართველოს ნაკრების თავკაცი აღარ იქნება.
„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ და მასში პირველად ვმონაწილეობთ. ტურნირი მაღალი სტანდარტებით იყო ორგანიზებული. მადლობა ფანებს და ქართველ ფანებს, აქ იყვნენ და გვამხნევებდნენ. ამაყი ვარ ჩემი გუნდის, მათ ყველაფერი ჩადეს ამ ტურნირზე, უფრო მეტი, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. ჩვენ მოვხვდით მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდი, მოვხვდით წინა ოლიმპიადის ტურნირზე. მოხარული ვარ ჩემო მოთამაშეების გამო. ეროვნულ ნაკრებში გატარებული 8 წლის შემდეგ, რთულია ასე დასრულება, ისეთი განცდა მაქვს, რომლის გადმოცემაც მიჭირს. ყველა მოთამაშე მიყვარს, მიყვარს ქვეყანა, ხალხი, ყველაფერი. ამ მომენტში, შემიძლია ვთქვა, რომ უფრო ქართველი ვარ, ვიდრე ბერძენი. მადლობა ყველაფრისთვის, განვლილი 8 წლისთვის. მჯერა, რომ ამ გუნდში მთელი ჩემი სული და გული ჩავდე. დავრჩები თუ წავალ, გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ. 8 წლის განმავლობაში ყველაფერი ჩავდე ამ გუნდში. მათ მომცეს საბაბი ვიამაყო, მეტს ვერაფერს ვიტყვი", - ამბობს ზუროსი და ჩვენც მეტს ვერაფერს დავამატებთ, მხოლოდ ერთს, რომ 8 წლის მანძილზე გუნდის ჩავარდნა, ალბათ, მხოლოდ ზუროსზე გადასაბრალებელი არაა და პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი თავად ფედერაციის ტოპ-მენეჯმენტმაც უნდა აიღოს. პირველ რიგში კი, კრიტიკის მოსმენა ისწავლონ და მედიასთან ბუტიაობის თამაშს შეეშვან.
ფოტო: (C) FIBA