„ლანჩხუთი“, „სამეგრელო“, „კვარტალი“ და „ბათუმი“ ასპარეზობას მედლებისთვის აგრძელებენ
„ლანჩხუთი“, „სამეგრელო“, „კვარტალი“ და „ბათუმი“ ასპარეზობას მედლებისთვის აგრძელებენ
03.09.2023
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

2 სექტემბერს, ქალთა ლიგის 2023 წლის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, მე-14 ტური გაიმართა. ამ ტურის შემდეგ, რვა გუნდიდან, სატურნირო ცხრილის ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე კლუბი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის გააგრძელებს ასპარეზობას, ქვედა ოთხეული კი, ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ გათამაშების ამ ეტაპზე გუნდებს ჯგუფებში, რეგულარული ჩემპიონატის დროს, ურთიერთშეხვედრებში აღებული ქულები და გატანილ-მიღებული ბურთების რაოდენობა გადაჰყვებათ. ერთმანეთს, ორ წრედ დაუპირისპირდებიან და საერთო ჯამში 6-6 თამაშს ჩაატარებენ.


გათამაშების ეს ეტაპი 13 სექტემბრიდან დაიწყება, თამაშების დეტალურ კალენდარს მოგვიანებით გაგაცნობთ. მანამდე კი, ბოლო ტურში გამართული თამაშების შესახებ, რომელსაც ზედა ჯგუფის მეოთხე გუნდი უნდა გამოევლინა. საჩემპიონო გზაზე მიმავალი საგზურის თეორიული შანსი, ორ გუნდს ჰქონდა, „ბათუმს" და სოხუმის „დინამოს", აქედან აჭარლებს, უფრო რეალური, ვინაიდან, მათ ზედა ჯგუფში მოსახვედრად ფრეც აძლევდა ხელს. სოხუმელებს კი, აუცილებლად მოგება და ამასთან, „ბათუმის" მარცხი აძლევდათ ხელს.


ანგისაზე, „ბათუმისა" და ხობის „კოლხეთის" დაპირისპირებაში, ანგარიში, მე-6  წუთზე ხატია ჭყონიამ გახსნა. ეს ანგარიში, თითქმის მთელი თამაში შენარჩუნდა, თუმცა, მე-80 წუთის შემდეგ, შეხვედრაში კიდევ სამი გოლი გავიდა. ჯერ „კოლხეთმა" გაათანაბრა, გოლი, 84-ე წუთზე თეონა თოდაძემ გაიტანა. 86-ე წუთზე, „ბათუმი" თამრიკო სალუქვაძემ დააწინაურა. 89-ე წუთზე კი, სესილი ყოლბაიამ კიდევ ერთხელ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. „ბათუმმა" მოახერხა საჭირო ქულის აღება და ზედა ოთხეულში, „ლანჩხუთის", „სამეგრელოსა" და „კვარტალის" შემდეგ, გახდა მეოთხე გუნდი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.


დამაჯერებლად, 6-0 მოიგო ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „სამეგრელომ" თბილისში გამართულ საშინაო მატჩში, რომელშიც „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე „ნორჩ დინამოს" უმასპინძლა. მასპინძლები ჯესიკა მონტეიროს (5'), ნინო ბუხრიკიძის (13') და ლიზი მწყერაშვილის (15') გილებით უკვე 3-0-ს იგებდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, 52-ე და 55-ე წუთებზე, პირველ ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა ანა კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა. შეხვედრის მიწურულს კი, ანა კირვალიძემ ამ შეხვედრაში ბოლო გოლი გაიტანა.


„ლანჩხუთმა", რომელიც მიმდინარე სეზონში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, სახლში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე „კვარტალს" უმასპინძლა და 5-2 დაამარცხა. მედლებისთვის მაძიებელი გუნდების ამ დაპირისპირებაში ანგარიში მე-7 წუთზე ლიზი კანიამ გახსნა. მასპინძლებმა, რომელთა კარსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ იცავდა თათია გაბუნია, ანგარიში 26-ე წუთზე გვანცა ქადაგიშვილის გოლით გაათანაბრეს. 37-ე წუთზე კი, მეგი ეჯიბიამ „ლანჩხუთი წინ გაიყვანა". მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე ეთერ სულაშვილის (54') და თინათინ ამბალიას (56') გოლებმა, ჩემიონატის ყველაზე ახალგაზრდული გუნდის რიგებში ცოტა დაბნეულობა კი შეიტანა, თუმცა, 59-ე წუთზე გამოცდილი ნინო პასიკაშვილის გოლმა, თანაგუნდელები ოდნავ დაამშვიდა. მიუხედავად ამისა, „კვარტალმა" თამაშში, ბოლომდე დაბრუნება ვერ მოახერხა და 66-ე წუთზე ანასტასია ბოლქვაძისგან კიდევ ერთი გოლი მიიღო.


სოხუმის „დინამოს", ამ ტურში მოგების შემთხვევაში ჰქონდა შანსი, ზედა ოთხეულში მოხვედრილიყო. თუმცა, სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრში ანგარიში გათამაშების აუტსაიდერმა „მართვემ" გახსნა. ანა ჯანელიძემ (16', 19') დუბლი გაიფორმა. 76-ე წუთზე ლიზი კაკულიამ ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა, თუმცა, 83-ე წუთზე მარიამ ხარგელიამ, მასპინძლებს ყველა იმედი გადაუწურა. „მართვემ" 1-3 გაიმარჯვა და ქვედა ოთხეულში, მომავალი ასპარეზობების წინ, პრინციპულ მეტოქესთან საჭირო ქულები აიღო.


და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლებისთვის ბრძოლას, ზედა ოთხეულში „ლანჩხუთი", „სამეგრელო", „კვარტალი" და „ბათუმი"  აგრძელებენ.


ქალთა ლიგაში დასარჩენად კი, ქვედა ოთხეული სოხუმის „დინამო", ხობის „კოლხეთი", „ნორჩი დინამო" და „მართვე" იასპარეზებენ.


ქსკ "ლანჩხუთის" ფოტო