ბუნებრივია, საქართველოს კალათბურთელთა 2023 წლის ფორმაციის ნაკრები ისტორიაში შევიდა, გამომდინარე იქიდან, რომ პირველად ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, ამასთან ჯგუფური ეტაპის დაძლევაც მოახერხა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის შევიდა. ისიც, ფაქტია, რომ შეუძლია თუ არ შეუძლია, ჩვენი გუნდი იბრძვის, თუმცა, იმის მაქსიმუმს ვერ აკეთებს, ვიდრე ეს გუნდის პოტენციალშია. მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, თბილისში გამართული ტურნირის წინ, ჩვენი ნაკრების ბერძენმა სპეციალისტმა, მედიის წარმომადგენლებს და შესაბამისად საზოგადოებასაც ჰკითხა - რატომ გაქვთ მოლოდინებიო. რეალურად, ახლა უკვე ნათლად ჩანს, თუ რას გულისხმობდა ილიას ზუროსი. მაშინ, ამის შესახებ ჩვენ დავწერეთ და არგუმენტად ქართულ ნაკრებში მოთამაშე ის კალათბურთელები (ლეგიონერები) მოვიყვანეთ, ვინც საკლუბო დონეზე არც თუ ურიგოდ თამაშობენ. ან, მეტნაკლებად არც თუ ურიგოდ.
კიდევ ერთი ფაქტი, რასაც გვერდს ვერ ავუვლით - მთელი მოსამზადებელი ციკლი და უკვე უშუალოდ ოკინავაშიც, ჩვენი გუნდის თამაშის დროს დაშვებული ხარვეზებს თუ გადავხედავთ, იქ, სადაც სუსტებთან გაგვივიდა, ძლიერი არ გვაპატიებდა. ასე მოხდა, სლოვენიასთან მატჩში. ასე მოხდა დღეს, გერმანიასთანაც - რეალურად, შრიოდერისა თუ, მის გარეშე, ჩვენ წავაგეთ გუნდთან, გუნდმა. კონკრეტულად დღევანდელ თამაშში, ვიბრძოლეთ მხოლოდ, ორი მეოთხედი და ბოლოს კაპიტულაცია გამოვაცხადეთ.
თამაშის შემაჯამებელ ამ სტატიაში უბრალოდ, გავყვები ჩანაწერებს, რომელიც თამაშის მსვლელობის დროს გავაკეთე - ჯგუფური ეტაპის თამაშებისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობა შეცვლილი იყო. ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გამოუშვა - რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, გოგა ბითაძე. ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს შროდერის შეჩერება გაგვიჭირდება. საქართველოს ნაკრები 5 ქულით წინ გასვლას ახერხებს. ამ მომენტისთვის თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 5 ქულაა, გოგა ბითაძისაზე 7, თუმცა, პერიოდის მიწურულს თავი კვლავ იჩინა შეცდომებმა დაცვით თამაშში და განსაკუთრებით, რაც საყურადღებოა ჩვენ წავაგეთ ფარი. მეოთხედი გერმანიამ, 22-16 მოიგო.
ანალოგიური სცენარით გაგრძელდა მეორე მეოთხედი. ვიდრე ჩვენი ნაკრები შეხვედრაში ანგარიშს გაათანაბრებდა და 36-36 გახდიდა, სანდრო მამუკელაშვილის ნახტომში ნასროლი 3-ქულიანის შემდეგ, ჩვენ ამ კომპონენტში (პერიმეტრიდან სროლებში) საშინელი სტატისტიკა გვქონდა. მხოლოდ თად მაკფადენს, რომელიც მსგავს წარუმატებლობას აცრემლებული განიცდიდა, 3-ქულიანების გასწვრივ, 5-დან 0 მაჩვენებელი ჰქონდა. მეორე მეოთხედის ბოლოს, მაშ შემდეგ რაც ანგარიში გავათანაბრეთ, დარჩენილი იყო 2:46 წუთი დასრულებამდე, გერმანიის ნაკრებმა 7 ქულა აიღო, ჩვენ მხოლოდ 5 (ანდრონიკაშვილი 2, სანაძე 2, „მამუმ" 1 საჯარიმოდან. ამასთან მეოთხედი 21-25 მოვიგეთ, თუმცა ტაიმი, 34-41 დავთმეთ. კიდევ ერთი არასასიამოვნო მომენტი შეხვედრის პირველი ტაიმიდან - თოკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, თუმცა, მოგვიანებით თოკომ ითამაშა.
გამომდინარე აქედან, თუ ჩვენი გუნდი, გადალახავდა ფსიქოლოგიურ ფაქტორს, უპირველესად, საკუთარ ძალებს ირწმუნებდა და დამშვიდდებოდა, შეგვეძლო ბოლომდე გვებრძოლა, თუმცა, მესამე მეოთხედის დასაწყისში, გერმანიის ნაკრებმა 7 ქულით გაქცევა მოახერხა, ოდნავ მოგვიანებით 43 ქულიდან 61-ზე ავიდნენ, ჩვენ კი, იმავე პერიოდში, მხოლოდ 4 ქულა ავიღეთ. საბოლოოდ ამ მეოთხედშიც, ისევე, როგორ ბოლოში, ქართულმა გუნდმა მხოლოდ 16 ქულის აღება მოახერხა. გერმანიამ კი, მესამეში 27, ბოლოს კი, 30 ქულა ჩაგვიგდო, შესაბამისად მეოთხედები 27-16, 30-16 და შეხვედრა 100-73 (მატჩის სრული სტატისტიკა) წავაგეთ.
ერთ საინტერესო დეტალი, საქართველოს სამწვრთნელო შტაბმა, მათ განკარგულებაში არსებული 12 კალათბურთელიდან, ბოლო 5:05 წუთი მისცა თამაშის საშუალება ახალგაზრდა ლუკა ლიკლიკაძეს და მის ანგარიშზე 4 ქულა ერთი ზუსტი 3-ქულიანი და ერთიც საჯარიმოდან აღებული ქულაა. გამოცდილი მიშა ბერიშვილი კი, მხოლოდ, 1:25 წუთით შეუშვა მოედანზე. გიორგი ტურძილაძეს კი, მსოფლიო ჩემპიონატის რანგის შეჯიბრის „სკამის" პრაქტიკა შეაძენინა, რაც ალბათ, მომავალში, ახალი ფორმაციის საქართველოს ნაკრებს, დიდი ალბათობით, ზუროსისა და თად მაკფადენის გარეშე (ჩვენი აზრით, სწორედ, მათზე გადატყდება ჯოხი, რადგან „ჩვენებს", აბა, როგორ გავწირავთ, მერე თვალებში ხომ უნდა შევხედოთ), ეს გამოცდილება და გაკვეთილი აუცილებლად წაადგება.
დღევანდელ შეხვედრაში კი ქართული გუნდის მონაგარში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები ისევე, როგორც წინა შეხვედრებში, სანდრო მამუკელაშვილის 19 ქულა, 4 მოხსნა და გოგა ბითაძე 15 ქულა 6 მოხსნა იყვნენ. შენგელიამ, რომელსაც მეორე ტაიმი, დიდი ალბათობით, თამაში, პირველ ტაიმში მიღებული ტრავმიდან გამომდინარე ტკივილთა ერთად მოუხდა 12 ქულას, შერმადინი კი, 9 ქულას დასჯერდნენ.
მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებში, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო შეხვედრა დარჩა გასამართი 3 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ, ცვლილებები მალევე დაიწყება. ამ ეტაპზე, ჩემი კოლეგებიც, ზედა აბზაცში აღნიშნული დეტალის გამო, განტევების ვაცს, სხვაგან მოძებნიან, თუმცა, იმედია, გუნდში მოსული ახალი (დიახ, იმედია, რომ ახალი და კვალიფიცირებული სამწვრთნელო გუნდი იქნება), ძველებიდან (ასაკოვანი მოთამაშეები მყავს მხედველობაში), გუნდში ორს დატოვებენ, რომლებიც ახალგაზრდებს სტიმულს და გამოცდილებას შემატებენ. დანარჩენი კი, ასაკობრივი ნაკრებიდან იქნება შევსება, რომლებსაც სწორი მიმართულების შემთხვევაში, საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვთ. კიდევ იმედია, რომ მედიის ერთი ნაწილისგან განსხვავებული აზრის მოსმენას და ანალიზსაც ისწავლიან.
ფოტო: ©FIBA