ჟორჟო ოფიციალურად „აიაქსის“ ფეხბურთელია
ჟორჟო ოფიციალურად „აიაქსის“ ფეხბურთელია
30.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გიორგი მიქაუტაძე, შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის შემდეგ კიდევ ერთი ქართველია, რომლითაც ამსტერდამის „აიაქსი" დაინტერესდა და ფეხბურთელთან კონტრაქტიც გააფორმა. „მეცის" საფეხბურთო აკადემიის გაზრდილმა, რომელსაც ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის თამაშებზე გამოცხადებამდე, ახალ კლუბთან ერთად უკვე უვარჯიშა კიდეც, თუმცა მანამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა და ხელშეკრულება გააფორმა.

„მართლა კარგი გრძნობაა. მოხარული ვარ, რომ ისეთ დიდ გუნდთან მოვაწერე ხელი, როგორიც „აიაქსია". ეს არის დიდი კლუბი, სადაც ბევრ ცნობილ ფეხბურთელს უთამაშია. ასე, რომ აქ გადმოსასვლელად წამიც არ მიფიქრია. მე ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა, ვარ ტექნიკური და სწრაფი... გოლის შეგრძნებით. მიყვარს გოლების გატანა და ასევე, თანაგუნდელებისთვის საგოლე გადაცემების გაკეთება, მაგრამ ყველაფერზე მეტად მიყვარს გამარჯვება. ვერ ვიტან წაგებას. ორივე ფეხით შემიძლია თამაში. ძალიან დიდი გამოწვევაა. ბავშვობაში, ხშირად ვვარჯიშობდი, მარცხენა ფეხზე, რომელიც უფრო სუსტი იყო და ნელ-ნელა მოვახერხე, რომ ორივე ფეხით თამაშის დონე გამეთანაბრებინა", - ამბობს ჟორჟი „აიაქსის" ოფიციალური გვერდისთვის მიცემული ინტერვიუში (ეს კომენტარი სტატიაში ჩამატებულია მოგვიანებით).

 

 


„აიაქსმა", ფრანგული „მეციდან" ქართველის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა, თანხა შესაძლოა 19 მილიონამდეც ავიდეს, ამას ნიდერლანდური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება. ქართველმა ახალ კლუბთან ხელი 2028 წლის 30 ივნისამდე მოაწერა.


ფოტო: (с) AFC Ajax