საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა. ამასთან, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე, ქართული გუნდისთვის სადებიუტო ტურნირზე, ილიას ზუროსის გუნდმა, ჯგუფური ეტაპის ბოლოს, ვენესუელას ნაკრების დამარცხების (70-59) შემდეგ, იაპონური ოკინავადან, ფილიპინებზე 2 მოგება გაიყოლა. თუმცა, კალათბურთში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულებს, ეს, დამშვიდების საფუძველს არ აძლევს. კი, ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ილიას ზუროსი ქართულ მედიას ეკითხებოდა, რატომ გვგქონდა მოლოდინები, თუმცა, როდესაც გუნდში ესპანური ჩემპიონატის ქრონიკული MVP გყავს გიორგი შერმადინის სახით, კიდევ საკმაოდ პერსპექტიული მომავლის მქონე NBA-ური გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის ტანდემი და ამათ დამატებული თოკო შენგელია, მოლოდინი ალბათ, უნდა გქონდეს. ყოველ შემთხვევაში, მე მინიმუმ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გასვლის მოლოდინი მქონდა, სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორებიდან გამოდინარე, მაგრამ შემდეგ რა იქნება?
ვენესუელასთან მატჩის მე-3 და მე-4 პერიოდებით თუ ვიმსჯელებთ და ამას, გამოცვლილ გარემოს დავუმატებთ (მომდევნო ეტაპი ფილიპინებზე იმართება), ასე, გერმანიასთან (რომელთანაც თამაშის გამოცდილება გვაქვს) და ავსტრალიასთან (ამხანაგური თამაში დახურული იყო და შესაბამისად ბევრ დასკვნასაც ვერ ვაკეთებთ), შორს ვერ წავალთ. არავისთვის უცხო არაა და ალბათ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ქართველთა გუნდს ზუროსიც დატოვებს, თუმცა, თუ პარკეტზე კალათბურთელებმა არ გამოასწორეს ის პატარ-პატარა შეცდომები რაც მეტოქის წისქვილზე ასხამს წყალს და თანაც, არაა გამოუსწორებადი, თამაშს გუნდის სათავეში მოსული ვერც ოკინავაში მყოფი ზაზა ფაჩულია ან მანუჩარ მარკოიშვილი შეცვლის და ვერც მკვდრეთით აღმდგარი ოთარ ქორქია და მის ოქროს გუნდში მყოფი ლევან მოსეშვილი.
დიდი ალბათობით, აღარ გვეყოლება თად მაკფადენიც - თუნდაც, ასაკიდან გამომდინარე, რომელსაც ჯგუფური ეტაპი ჩაუვარდა - ვენესუელასთან მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 1-2 % შუა, ხოლო ჯგუფური ეტაპის სამ თამაშში, 15 მცდელობიდან მხოლოდ, 3 სამქულიანი არის მის ანგარიშზე. ჩვენი აზრით, გუნდიც საერთო ჯამში, დიდი ალბათობით გადახალისდება. დღეს კი, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ზუროსმა 12-დან მხოლოდ 9 კალათბურთელს მისცა თამაშის საშუალება. სკამზე გაატარეს ეს შეხვედრაც მიხეილ ბერიშვილმა, გიორგი ტურძილაძემ და ლუკა ლიკლიკაძემ.
პირადა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჯინჭარაძის თამაშიდან სხვა ტურნირებზეც მახსენდება ფრაგმენტები, ოკინავაში ის, აღმოჩენა იყო, თავისი შრომით, ბრძოლის უნარიანობით და კარგი გაგებით უტიფრობით.
სტაბილური 2 თამაშის შემდეგ, მინდა მჯეროდეს, რომ სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ვენესუელასთან პარკეტზე მხოლოდ 16:58 წუთი გაატარა, უბრალოდ დღეს, თავს მოდუნების საშუალება მისცა (ზოგჯერ ესეც საჭიროა). დღეს, ოდნავ „გამოფხიზლებული" იყო რატი ანდრონიკაშვილიც, რომელმაც რთულია თბილისიდან განსაზღვრო რა ფსიქოლოგიურ კონდიციაშია, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატზე აკლიმატიზაცია გაიარა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომდევნო თამაშებში წაგვადგება, არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე, არამედ, სხვა ტურნირებზეც.
ვენესუელასთან კი, მთელმა ჯაფამ თორნიკე შენგელიაზე გადაიარა, რომელსაც მხარი გოგა ბითაძემ აუბა და მატჩის ბოლოს სულ რაღაც 1%-ით უფრო სარგებლიანი აღმოჩნდა ქართულ გუნდში, ვიდრე კაპიტანი.
რაც შეეხება თამაშს, რომლის პირველი ტაიმიც 21 ქულით 42-23 მოვიგეთ და 12 ქულით ქართულ გუნდში საუკეთესო თორნიკე იყო, იყო ლაფსუსები, კაბო ვერდესთან თამაშის მსგავსად, რომელიც სლოვენიამ უკვე არ გვაპატია. საქართველოს ნაკრებმა პირველი ორი მეოთხედი 24-19 და 18-4 მოიგო. ჩვენი აზრით, სწორედ 18-4 მოგებული პერიოდიდან გამომდინარე ზუროსის გუნდმა გადაწყვიტა ჩემპიონატის მომდევნო თამაშამდე „ტაიმ-აუტი" აეღო და მეორე ტაიმის ორი მეოთხედი 17-21 და 11-15 წააგო. ბუნებრივია, ქართველთა გუნდმა თავს ამით, დასვენების საშუალება მისცა და თამაშიც გააკონტროლა, თუმცა, ზუროსის ხშირი მოწოდებების მიუხედავად დაცვაში ყურადღებით გვეთამაშა, ეს ყურადღება დაგვაკლდა. მეორე ტაიმი 8 ქულით, 28-36 წავაგეთ. საერთოდ ამ შეხვედრიდან, ამ წვრილმანი ლაფსუსების გარდა, რაც საქართველოს ნაკრებს დღეს ახასიათებდა, ცოტა უფრო საგანგაშოდ გაფუჭებული საჯარიმო სროლები მაფიქრებს 71%-ზე ცოტა მეტი იყო თამაშის შემდეგ და ამ კომპონენტში 100%-იანი მაჩვენებელი მხოლოდ დუდა სანაძეს ჰქონდა, 2-დან 2 ზუსტი. რაც შეეხება სამქულიანებს, აქ ჩვენი გუნდის მაჩვენებელი 21% იყო, ყველაზე დაბალი სამი თამაშიდან, 23 მცდელობიდან მხოლოდ 5 აღმოჩნდა ზუსტი (რატი ანდრონიკაშვილის, გიორგი ცინცაძის, დუდა სანაძის, თორნიკე შენგელიასი და თად მაკფადენის).
როგორც უკვე გითხარით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული გუნდიდან მარგი ქმედების კოეფიციენტის მხრივ გოგა ბითაძე გამოარჩიეს, რომელმაც ორმაგი დუბლის გაკეთება შეძლო, 11 ქულითა და 11 მოხსნით. ყველაზე მეტი ქულა კი, ქართულ გუნდს თორნიკე შენგელიას ანგარიშზეა. კაპიტანმა ვენესუელას 25 ქულა ჩაუგდო.
მატჩის სრული სტატისტიკა
„მინდა ჩემს მოთამაშეებს მივულოცო. მათ წარმოუდგენელი სამუშაო გასწიეს აქ, რომ თავი წარმოეჩინათ. ეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი პირველი გამოჩენაა და მჯერა, რომ ყველას ვანახეთ ის, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებდით. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც იბრძვის ყოველთვის. არასდროს ნებდება, ეს ქართული სულია. ეს არის საქართველოს გული. დღეს, ქვეყანა ბედნიერია", - ამბობს ილიას ზუროსი, მატჩის დასრულების შემდეგ.
„ამ გადმოსახედიდან ძალიან ბედნიერები ვართ. არ ვართ კმაყოფილები იმიტომ, რომ დაგვრჩა კიდევ თამაშები, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვისიამოვნოთ. ჩვენ დავწერეთ ისტორია. ეს თამაში ჩვენთვის ისტორიული იყო. ჩვენი სახელები წიგნში შევა და ამის გამო, ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ და ამით ძალიან ვამაყობთ. როგორც მწვრთნელმა თქვა თამაშამდე, ეს თამაში უნდა მოგვეგო საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, ხალხისთვის. ვიმედოვნებ, რომ ისინი ამაყობენ ჩვენით. ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ. ძალიან მეამაყება და ბედნიერი ვარ, ამ გუნდის კაპიტნობით, ისტორიის წერით, საოცარია. ეს არის ისტორია, რომელიც მომავალ თაობებს უნდა მოუყვე" , - ამბობს თორნიკე შენგელია.
და ბოლო, ბუნებრივია, რომ ეს შეხვედრა მოვიგეთ, ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფიდან გასვლაც მოვახერხეთ, თუმცა, ის შეცდომები, რაც თუნდაც დღეს, ქართულმა გუნდმა დაუშვა, აუცილებლად „წამოგვეწევა" და ეს გასათვალისწინებელია და არა გაბუტვის მიზეზი.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ლატვიას შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დებიუტანტი გახდა, რომელმაც მომდევნო ეტაპზე, მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის გასვლა მოახერხა. ჩვენი ნაკრებს ახლა ურთულეს ჯგუფში ავსტრალიასთან და გერმანიასთან მოუწევს, მომდევნო ეტაპზე, 1/4 ფინალში გასასვლელად ბრძოლა. საინტერესოა სად არის ჩვენი გუნდის მაქსიმუმი, იყოს მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდს შორის, თუ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, მე-9 ადგილისთვის იბრძოლოს.
ფოტო: (c) FIBA