ქალთა ლიგის 2023 წლის სეზონის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტური რჩება. 2 სექტემბერს დაგეგმილი, მე-14 ტურის წინ, უკვე ცნობილია ის სამი კლუბი, რომლებიც საჩემპიონო მედლებისთვის „ზედა ჯგუფში" გააგრძელებენ ასპარეზობას - „ლანჩხუთი", „სამეგრელო" და „კვარტალი". ამ ჯგუფში, დარჩენილი ერთი ადგილის მოპოვების შანსი მე-13 ტურში „ბათუმს" მიეცა. თუმცა, თეორიულად, ეს შანსი ჯერ კიდევ აქვს „დინამო სოხუმს". დღეს, გრძელი „არდადეგების" შემდეგ, ქალთა ლიგის გათამაშება განახლდა.
მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, ნუცუბიძის პლატოს სფფ-ს საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. თბილისის „კვარტალი", ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „სამეგრელოს" დაუპირისპირდა, რომელიც თავის მხრივ, მოახლოებული უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ზაფხულის არდადეგების დროს გაძლიერდა და თანაც, 7 ლეგიონერი დაიმატა. მე-13 ტურში, „სამეგრელოს" მთავარმა მწვრთნელმა გივი კვარაცხელიამ, შვიდივეს სასტარტო შემადგენლობიდან დააწყებინა თამაში, რამაც, ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდული „კვარტალის" მოთამაშეები სტარტზე ოდნავ დაძაბა, თუმცა, შემდეგ, საკმაოდ თანაბარი და საინტერესო თამაში გაიმართა. ამ შეხვედრაშიც, ერთადერთი გოლი, სწორედ საწყის წუთებზე გავიდა. „კვარტალის" კარი, მე-10 წუთზე ნინო ბუხრიკიძემ აიღო. „სამეგრელომ" მინიმალური ანგარიშით 0-1 გაიმარჯვა. თუმცა, ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ორივე გუნდში, ამ დღეს საუკეთესო, „კვარტალის" მოთამაშე ნათია დანელია იყო.
ქუთაისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში 0-4 დამარცხდა „მართვე" მიმდინარე გათამაშების ლიდერთან „ლანჩხუთთან". მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 50-ე წუთზე მეგი ეჯიბიამ გახსნა და კიდევ, 24 წუთში დუბლიც გაიფორმა. თითო გოლი ანასტასია ბოლქვაძემ (65') და ეთერ სულაშვილმა (79') გაიტანეს. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე, „ლანჩხუთი" 37 ქულით სატურნირო ცხრილს უდგას სათავეში და ამასთან ერთადერთი დაუმარცხებელი კლუბია მიმდინარე ჩემპიონატში.
„ბათუმმა" თბილისში, სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში 1-4 დაამარცხა „ნორჩი დინამო" და ზედა ოთხეულში მოსახვედრი დარჩენილი ერთი საგზურისკენ, ოდნავ წინ წაიწია. ანგარიში, მე-17 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლი ანა საღირაშვილმა გაიტანა. თუმცა, აჭარლებმა 5 წუთში წონასწორობა აღადგინეს. ბათუმური გუნდისა და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთმა მეგოლემ, თათია შაინიძემ, აჭარული გუნდის ათვლა 22-ე წუთიდან დაიწყო და მეორე ტაიმში ჰეთ-თრიქიც გაიფორმა. ბათუმელთაგან კიდევ ერთი, მეოთხე გოლი, გამოცდილი ხატია ჭყონიას ანგარიშზეა.
ბათუმელთაგან განსხვავებით, ამ ტურში სოხუმელებმა საქმე გაირთულეს და ახლა, ზედა ჯგუფში მოსახვედრად, მათ მოგების გარდა, „ბათუმის" მარცხიც სჭირდებათ. „სოხუმის დინამო" დღეს ხობში, პაატა თათარიშვილის სახელობის სტადიონზე, ანგარიშით 8-1 დამარცხა „კოლხეთთან". ანგარიში მე-7 წუთზე სალომე თოდუამ გახსნა და პირველივე ტაიმში დუბლიც შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები, უკვე პირველი ტაიმის შემდეგ იგებდნენ 7-ბურთიანი სხვაობით. ხობელთაგან გოლები თეონა თოდაძემ (13' 90'+1), ნატა კვირკვაიამ (14' 28'), მარიამ ჩუბინიძემ (19') და ანი დავითულიანმა (38') გაიტანეს. სტუმართაგან, პრესტიჟის გოლი 75-ე წუთზე, მარიამ გოგოლაძის ანგარიშზეა.
ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, მე-14 ტური 2 სექტემბერს გაიმართება.
ფოტო: (c) მარიამ (ბუბუ) კეთილაძე