მეორე ჯგუფური ბოლო ტურისთვის გადავდეთ
მეორე ჯგუფური ბოლო ტურისთვის გადავდეთ
28.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სლოვენიასთან თამაშის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დილემის წინაშე იდგა - გაერისკა ბოლომდე, თავი შეეკლა დონჩიჩის სლოვენიასთან თუ, ძალები შეენახათ ვენესუელასთან მატჩისთვის და იქ, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ეასპარეზათ წარმატებით, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდოდნენ.  თამაშის წინ, მას შემდეგ რაც კაბო ვერდემ ვენესუელა დაამარცხა, როგორც ჩანს ქართველების გეგმებში რაღაც არია. თუ ჩვენ დღეს მოვიგებდით, ყველა ვარიანტში მომდევნო ეტაპზე ვიყავით. ის კი არა და თუ ჩვენ, ბოლო შეხვედრაშიც დავმარცხდებოდით და დღესაც, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ვინარჩუნებდით...

მატჩამდე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა გუნდს ბოლო დარიგებისას აუხსნა, რომ დონჩიჩი დონჩიჩად, მაგრამ დღეს ისინი, გუნდს ეთამაშებოდნენ. „ამოტომ მენდეთ მე და კარგად ვითამაშოთ დაცვაში". სწორედ, ასეთი შინაარსის იყო ზუროსის დარიგება. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ამ დღეს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფრაგმენტს დაცვაში ყველაზე ცუდად ითამაშა, რაც კი, ამ ბოლო დროს უთამაშია და მოსამზადებელი ეტაპის დროს ჩვენს მიერ არაერთგზის ნაჩვენები ხარვეზები, დღეს, რეალურ კოშმარად აქცია.




სხვათა შორის, თბილისში, საერთაშორისო ტურნირზე, პირველი მატჩის შემდეგ, ზუროსმა მედიას გვითხრა, მიკვირს, მოლოდინები რომ გაქვთო. მოლოდინი, ალბათ, ყველაზე ბოლო გუნდის ქომაგსაც კი აქვს, თუმცა, ამ შემთხვეაში, სლოვენიასთან, რეალური მოლოდინი მინიმალური ანგარიშით წაგება იქნებოდა და არა 21 ქულით. დღეს, ჩვენ არ ვაპირებთ ჩავუღრმავდეთ ამ შეხვედრას, რადგან ერთი, რომ ადრესატებს მერე ეწყინებათ და გაგვებუტებიან, მეორენი იტყვიან, აბა, კალათბურთი არ უთამაშიათ და კლავიშებზე აკაკუნებენო. გამოჩნდება კიდევ ვიღაც და ამ ყოველივეს გამართლებას დაიწყებს.


თუმცა, ფაქტია, რომ პირველი ტაიმით თუ ვიმსჯელებთ, ნაკრებს დასაწყისში დავალებად - გამარჯვება ჰქონდა. ძალიან რთულად, ძალიან ბერი შეცდომით სწორედ დაცვაში თამაშით, ალბათ, ძალიან უყურადღებო და მიუტევებელი შეცდომებით დახუნძლულ შეტევებში,  ცოტა უიღბლობაც იყო, რადგან ბურთი ხშირად ვნახეთ, როგორ ტრიალებდა კალათის პირზე  და უბრალოდ, შიგნით არ ვარდებოდა და მსაჯების უხეში შეცდომების მიუხედავადაც, ჩვენ ამ თამაშის პირველი მეოთხედი მოვიგეთ, თუმცა, საბოლოოდ მატჩი წავაგეთ.  ფაქტია ისიც, რომ სლოვენიელებმა ქულების უმეტესობა, ე.წ. მეორე შეტევიდან აიღეს




დღეს, ის რაც, მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო თამაშში გამოგვივიდა, პერიმეტრიდან სროლები, საჯარიმოები, სამწამიან ზონაში თამაში, ყველაფერი სადღაც, მეორე მეოთხედიდან ნელ-ნელა გაქრა. მსაჯებზე აქ ბოლოჯერ ვიტყვი და გავჩუმდები - განზრახ თუ შეუგნებლად დაშვებულმა შეცდომებმა, რომელიც მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავის ზეწოლით გამოიხატებოდა, მსაჯებმა ტურნირის დებიუტანტები, ფაქტობრივად ფსიქოლოგიურად გატეხეს. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების თამაში დონჩიჩის ნეიტრალიზებაზე იყო აგებული და რეალურად, გუნდი (სლოვენია) „გამაზა".


საბოლოოდ დონჩიჩი მატჩის MVP  გახდა, სლოვენიელის ანგარიშზე 34 ქულა დაგროვდა, 10 მოხსნით და სამმაგ დუბლამდე, რაც მას მსოფლიოს ჩემპიონატების ახალ რეკორდს დაამყარებინებდა, 4 პასი დააკლდა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი, 36% შეადგინა.


სწორედ, შეხვედრის იმ მცირე მონაკვეთებში, როდესაც დონჩიჩს დასვენების საშუალება მისცეს, სლოვენიის ნაკრებმა, გუნდურად მოახერხა თამაში და ჩვენ, გაღიმებულები დაგვტოვა. პირველი ტაიმი  33-45 (17-16, 16-29) წავაგეთ. თითქოს, ეს არ იყო, ის სხვაობა, რისი დატრიალებაც საქართველოს ნაკრებს არ შეეძლო, თუმცა, არა ამ თამაშით.




წავაგეთ, მომდევნო მეოთხედიც 17-18 თუმცა, იყო მომენტი, როცა შეგვეძლო მომატება, მაგრამ გუნდს, როგორც აღვნიშნეთ, აშკარად, ფსიქოლოგიური ბზარები ემჩნეოდა. ბოლო მეოთხედი, უბრალოდ ფორმალობა იყო, გუნდი დემორალიზებული, მაგრამ თამაში უნდა დაგვესრულებინა. ეს მონაკვეთი 17-25, ხოლო თამაში, 67-88  (მატჩის სრული სტატისტიკა) წავაგეთ.


ქართული გუნდიდან დღეს, „მამუს" თამაში იყო. პირადად ჩვენი გადმოსახედიდან ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული პარკეტზე სწორედ ის იყო - 33:27 წუთის განმავლობაში, სანდრო მამუკელაშვილმა 21 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. მის მერე, ვინც ქართველთაგან 10 ქულიანი ზღვარი გადალახა კახაბერ ჯინჭარაძეა 12 ქულით რომელმაც 3-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ერთიდან ერთი ორიანი და ერთიდან ერთი ჯარიმა! ჯინჭარაძის მსგავსად  სტაბილური გამოდგა მოედანზე გატარებული წუთები გოგა ბითაძისთვისაც - (3/3, 2/2, 1/1), თუმცა მის ანგარიშზე მხოლოდ 7 ქულა დაგროვდა 6 მოხსნით.




შეჯამებისთვის - საწყენად არა, გასაანალიზებლად - საქართველოს ნაკრებმა ვერც დონჩიჩი შეაჩერა და გუნდი „გაემაზა". სლოვენიის ნაკრებმა გუნდურად ითამაშა, დონჩიჩზე აქცენტებით და ორი კალათბურთელი თოკო შენგელია და გოგა ბითაძე გაგვიძევა. თუკი, პირველი მატჩის დროს, გიორგი შერმადინის უჩვეულო არასტაბილურობა ფეხის მცირე ტრავმას მივაწერეთ, სლოვენიასთან მატჩში იგივე მიზეზით, დუდა სანაძე „დაგვეკარგა". ახლა, იმედს ვიტოვებთ, რომ შეხვედრის მსვლელობისას მიღებული ტრავმა, სერიოზული არაა თორნიკე შენგელიასთვის. კაპიტანმა თამაში ჩაამთავრა, თუმცა, ის ამას ასეც და ისეც გააკეთებდა.  და ბოლოს, იმედს ვიტოვებთ, რომ თად მაკფადენი ბოლოს და ბოლოს, ამ ჩემპიონატზე გაიხსნება.


საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას ვენესუელასთან  30 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე გამართავს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე კი, F ჯგუფს სლოვენიის ნაკრები ლიდერობს ქულების მაქსიმუმით. მომდევნო საქართველოა 3 ქულით, რომელიც მესამეადგილოსან კაპო ვერდეს ჯერ ბურთების უკეთესი სხვაობით, ამასთან ურთიერთშეხვედრის  ხარჯზე უსწრებს.





 ფოტო: (с) FIBA