გემრიელი დებიუტი ბუს ლეიტმოტივით
გემრიელი დებიუტი ბუს ლეიტმოტივით
26.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის შემდეგ, ილიას ზუროსი იტყვის, რომ საერთო ჯამში ის, გუნდის თამაშით კმაყოფილია და განსაკუთრებით, იმ მოთამაშეებით, რომლებმაც იმაზე უკეთ ითამაშეს, ვიდრე ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და სამწვრთნელო შტაბს ამის მოლოდინი ჰქონდა.

თუმცა, გუნდმა კაბო ვერდესთან შეხვედრა, სადაც ფავორიტებად იყვნენ მიჩნეულები საკმაოდ მძიმედ დაიწყო. ზუროსმა, პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გამოუშვა:  რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია და თად მაკფადენი. დავიწყეთ ძალიან ცუდად - არ წაგვივიდა სროლები, ცუდად ვითამაშეთ დაცვაში და ამასთან, პირველივე წამებზე, პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველად სწორედ, ქართველი, რატი ანდრონიკაშვილი დაჯარიმდა. მოწინააღმდეგე 6 ქულით გაგვექცა და ზუროსმაც, როდესაც ანგარიში 8-2 იყო მეტოქის სასარგებლოდ, წუთშესვენება აიღო. ამ მომენტამდე, ჩვენი ნაკრების მიერ ჩაგდებული ასევე სადებიუტო ქულები კი, გიორგი შერმადინის ანგარიშზეა. ბუნებრივია, თამაშის შემდეგ, ქართული  გუნდის სამატჩო განაცხადიდან, მხოლოდ კახაბერ ჯინჭარაძე აღმოჩნდა ქულის გარეშე, თუმცა, კალათბურთელმა, რომელმაც ჯამში 12:22 წუთი დაჰყო პარკეტზე, ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა.




მიუხედავად იმისა, რომ თავის 20 წუთში ბევრი იმუშავა და პირველი ქულები მოუტანა საქართველოს ნაკრებს, გიორგი შერმადინი ოდნავ დაკარგული მეჩვენა (თუმცა ისევე, როგორც თად მაკფადენი), ცოტა დაღლილიც (?). ყოველ შემთხვევაში, მას, უფრო დიდი მოლოდინები უკავშირდება. ამიტომ, მისი 8 ქულა უბრალოდ, არ გვყოფნის. შესაძლოა, დღევანდელი „შერმადინი", სლოვენიას მატჩამდე ე.წ. კალათბურთელის „დამალვით" არის გამოწვეული, თუმცა, „შერმოს", დამალავ თუ არა,  მაინც „შერმოა".


ვინ იგულისხმა ზუროსმა, როდესაც თქვა, რომ ზოგმა უფრო კარგად ითამაშა, ვიდრე მოველოდითო, რთული გამოსაცნობია, თუმცა, „ბუსგან", შერმადინის მსგავსად, ყოველთვის არის მოლოდინი, რა ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს და დღეს, ეს გამოცდილმა კალათბურთელმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სწორედ, გიორგი ცინცაძემ, გატეხა წუთშესვენების შემდეგ ნავსი, თანაც, 3-ქულიანით და შემდეგ, გუნდი აიყოლია. ზუროსმა კი, ცინცაძესთან ერთად, პარკეტში სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე შემოუშვა, რითაც თამაში გამოაცოცხლა. ჩვენი მოწინააღმდეგე 8 ქულაზე გაიყინა, ჩვენ კი, 8 ჩავუგდეთ და პირველად, ამ შეხვედრაში დავწინაურდით, თან ისე, რომ მეტი ლიდერიც არ შეცვლილა და აღარც ანგარიში გათანაბრებულა. იმ უსახური საწყისი წუთების შემდეგ, დარჩენილ დროში, იყო ლამაზი სამქულიანები, თოკო შენგელიას პირველი დანქი, ბითაძის პირველი ზუსტი საჯარიმოები. ზუროსმა, ერთის შეხედვით თამაში დაალაგა, პირველი მეოთხედი 11-20 მოვიგეთ.




თითქმის იდენტურად დაიწყო მეორე პერიოდიც, ანალოგიური შეცდომებით. უნდა ითქვას, რომ დღეს, ყველაზე მეტად რაც თვალში მოგხვდებოდა იყო ე.წ. „დაკარგვები", რასაც კაბო ვერდე თუ გვპატიობდა, სლოვენია, შანსს არ დაგვიტოვებს. დღეს, კი, შეხვედრის ამ მონაკვეთში, დაულაგებელი პირველი წუთის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ნელ-ნელა გაზარდა უპირატესობა. პირველი ტაიმის მიწურულს კი, ნაკრების დებიუტანტს, ლუკა ლიკლიკაძეს, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, მართალია მხოლოდ, 11 წამი, თუმცა პარკეტზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. ეს მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 17 ქულით, 11-28 მოიგო და დიდ შესვენებაზე, საერთო ჯამში 26-ქულიანი სხვაობით, 22-48 გავიდა. შეხვედრის ამ მონაკვეთისთვის, ყველაზე მეტი 9 ქულა თორნიკე შენგელიას ანგარიშზე იყო, 7-7 ქულით მას, სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი მიჰყვებოდნენ. განსხვავებით მოსამზადებელი ეტაპისგან, ამჯერად, შეიძლება ითქვას, პერიმეტრიდან სროლები წაგვივიდა, პირველ ტაიმში აღებული 48 ქულიდან, 15 ქულა სამქულიანი ზონიდან იყო შესრულებული (11 მცდელობიდან, ორი ზუსტი სროლა გიორგი ცინცაძის, თითო კი თად მაკფადენის, სანდრო მამუკელაშვილისა და დუდა სანაძის ანგარიშზე იყო). და კიდევ, ეს მონაკვეთი რომ შევაჯამოთ, „ბუს" მიერ გატეხილ ნავსზე, „მამუმ" და გოგამ, NBA-ს ტანდემმა, როგორც უკვე ამ ახალგაზრდულ ქართულ წყვილს მოიხსენიებენ ოკინავაში, ფიბა-ს კომენტატორები, კიდევ უფრო მეტი ცეცხლი დაანთეს.




მოსამზადებელი პერიოდის დროს და მანამდეც, თუკი საქართველოს ნაკრების მიმართ ისმოდა კრიტიკა, ეს არარეალიზებული საჯარიმო სროლები იყო. ამ მხრივ, მესამე პერიოდის დასრულების შემდეგ, ტექნიკურ ოქმს თუ გადავხედავთ, პროცენტული მაჩვენებელი 94%-ს შეადგენდა. ჩვენებს, 16 საჯარიმო სროლიდან, მხოლოდ ერთი ჰქონდათ გაცუდებული. ზუროსს კი, შემადგენლობაში მყოფი 12 კალათბურთელიდან, გიორგი ტურძილაძისა და მიხეილ ბერიშვილის გარდა, ყველა ჰყავდა „გამოცდილი".


რეალურად, შეხვედრის მესამე მეოთხედში, პირადად ჩვენი შეხედულებით, გუნდი, უფრო „ვარჯიშის" რეჟიმზე გადაერთო და ეს მათ ცუდად არ გამოსდიოდათ. რაც მთავარია, კაბო ვერდეს მთავარმა ვარსკვლავმა, ედი ტავარეშიმ, რომელმაც პარკეტზე საერთო ჯამში თითქმის 26 წუთი დაჰყო, მატცის ბოლოს აღმოჩნდა რომ, მხოლოდ 6 ქულა დააგროვა. საქართველოს ნაკრებმა, მოახერხა იმ წყაროს გადაკეტვა, რომელიც ყველაზე საფრთხის შემცველი იყო. მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 15-22 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ, საერთო ანგარიშიდან 37-70 გამომდინარე, თავს, უფრო მეტი დასვენების საშუალება მისცა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თუკი, მესამე მეოთხედის შემდეგ, თოკოს, 14 ქულა ჰქონდა, მატჩის შემდეგ, მისი გვარის გასწვრივ, მხოლოდ 16 ქულა ეწერა. კაპიტანმა, საერთო ჯამში, პარკეტზე, თითქმის ერთი წუთით ნაკლები დაჰყო, ვიდრე თად მაკფადენმა და სანდრო მამუკელაშვილმა. ზევით ვახსენეთ და ამ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა, მეტოქის მთავარი მოთამაშის ჩაკეტვა მოახერხა და ასე, გააკონტროლა თამაში, თუმცა, მომდევნო შეხვედრაში, ზეგ, სლოვენიის წინააღმდეგ, რამდენად შეძლებს ლუკა დონჩიჩის ნეიტრალიზებასა და შეჩერებას მაინც, ეს ილიას ზუროსის მთავარი საფიქრალია უკვე, როგორც ჩანს, დღევანდელი მატჩის მესამე მეოთხედიდან მოყოლებული.




„კი, ნამდვილად ისტორიული მომენტია ქართული კალათბურთისთვის. ეს არის სადებიუტო ჩემპიონატზე, სადებიუტო მატჩში გამარჯვება. ბედნიერები და კმაყოფილები ვართ, მაგრამ წინ სლოვენიასთან თამაშია ზეგ და ფოკუსირება მასზე უნდა მოვახდინოთ. იმ შეხვედრისთვის მზადება უკვე უნდა დავიწყოთ", - ამბობს ზუროსი და ცოტა მოგვიანებით დასძენს, რომ „ბუნებრივია, ჩვენს ტაქტიკაზე, ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ ცხადია, რომ მსოფლიოს ტოპ გუნდთან გველის თამაში და დონჩიჩის წინააღმდეგ, საერთოდ, იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ყველა კომპონენტში მაღალ დონეზე შეუძლია თამაში".


ბოლო მეოთხედი პირველის მსგავსად დაიწყო, კაბო ვერდემ 6-2 წაიყვანა, თუმცა, ამ მომენტისთვის სხვაობა ისეთი სოლიდური იყო, რომ თამაშის შემოტრიალებაზე ფიქრიც კი, აბსურდის თეატრს ემსგავსებოდა. ისევე, როგორც საწყის პერიოდში, ახლაც, ზუროსმა  წუთშესვენება აიღო, თუმცა, კაბო ვერდოელებს თავი აღარ შეაკლა, პერიოდი დათმო 23 -15  (საინტერესოა რომ ამ ერთ მონაკვეთში ჩვენმა მეტოქემ თითქმის იმდენი ჩაგვიგდო, რამდენიც პირველ ტაიმში),  თუმცა, განაცხადში მყოფ 12-ვე მოთამაშეს მისცა პარკეტზე გამოსვლის საშუალება. მსოფლიო ჩემპიონატზე ქულების აღება მოახერხეს, ლუკა ლიკლიკაძემ, გიორგი ტურძილაძემ და მიშა ბერიშვილმა. ჩვენი გუნდიდან, დღეს, ქულა მხოლოდ ჯინჭარაძემ ვერ აიღო.




„გოგას, ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში. აქვს კარგი საკალათბურთო IQ  და დასანანია, რომ ის და თოკო, შარშან ზაფხულში გვაკლდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გავიმარჯვეთ და წინ სხვა თამაშებია, მე მჯერა გუნდის და ისინი, როგორც გუნდი გააკეთებენ ყველაფერს წარმატებისთვის. ჩვენ, ჯერ მხოლოდ, პირველი თამაში გვგქონდა" , - ამბობს ზუროსი.


საქათველოს ნაკრებმა, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი გამარჯვება ჩაიწერა 60-85 და სლოვენიისა და ვენესუელას შეხვედრამდე, ჯგუფის ლიდერიც გახდა (რედაქტირებული: სლოვენია -ვენესუელა 100-85). ჩვენი გუნდიდან, ყველაზე მეტი ქულა 16, თორნიკე შენგელიამ დააგროვა. პირველი ქართული დუბლი მსოფლიო ჩემპიონატებზე კი, გოგა ბითაძის ანგარიშზეა,  15 ქულა (აქედან 4 თამაშიდან და დანარჩენი საჯარიმო სროლებიდან) და 11 მოხსნა. 12 ქულა დუდა სანაძის, 10 კი, სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზეა.


„ეს იყო ჩვენი პირველი თამაში, ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე. იყო შერეული გრძნობები მატჩის საწყის წუთებზე. თუმცა, საბოლოოდ, ბიჭებმა კარგად იმუშავეს და მწვრთნელის ყველა დავალება მოედანზე შევასრულეთ", - ამბობს გოგა ბითაძე.




იმედია, ჩვენი ნაკრები, ზუროსისა და სამწვრთნელო შტაბის სხვა დავალებებსაც ჯგუფის დარჩენილ თამაშებშიც ზუსტად შეასრულებს. დანარჩენზე კი, მოგვიანებით ვილაპარაკოთ.


მატჩის საბოლოო სტატისტიკა


ფოტო: (c) FIBA