27-28 აგვისტოს ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატი განახლდება
27-28 აგვისტოს ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატი განახლდება
25.08.2023
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

აგვისტოს ბოლოს განახლდება საქართველოს ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის 2023 წლის გათამაშება. ხანგრძლივი საზაფხულო და ამავდროულად, სანაკრებო შესვენების შემდეგ, გოგონათა გუნდები სათამაშო მოედნებს უბრუნდებიან.


27 და 28 აგვისტოს, ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრები არის დაგეგმილი. გათამაშების ლიდერი, „ლანჩხუთი", რომელიც 34 ქულით სატურნირო ცხრილს უდგას სათავეში, ქუთაისში, აუტსაიდერ „მართვეს" შეხვდება.


ტურის ცენტრალური შეხვედრა კი, 17:30 საათზე, თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გაიმართება, სადაც თბილისის „კვარტალი", ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „სამეგრელოს" უმასპინძლებს. სატურნირო ცხრილის დღევანდელი მდგომარეობით, „სამეგრელოს", რომელიც მეორე საფეხურზეა,  27 ქულა აქვს და მხოლოდ, 1 ქულით უსწრებს გათამაშების ყველაზე ახალგაზრდულ გუნდს, „კვარტალს".


12-12 ქულა აქვთ „ბათუმსა" და სოხუმის „დინამოს". შავი ზღვისპირა ამ ორ გუნდს შორის, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ბათუმელები „ზედა ოთხეულში" არიან და ჯერ-ჯერობით, მიმდინარე სეზონის მედლების მაძიებელთა ზონაში იმყოფებიან. ამ ტურში, მათ „ნორჩ დინამოსთან" უწევთ დაპირისპირება.  თბილისელთა წარმატების შემთხვევაში კი, ორივე გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდება.


არანაკლებ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელით სოხუმელებსაც ხობში, ადგილობრივი „კოლხეთის" წინააღმდეგ, რომელსაც დღეისათვის მხოლოდ, 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 საფეხურზეა. თუმცა, თეორიულად, „ბათუმის", სოხუმის „დინამოსა" და „ნორჩი დინამოს" მსგავსად, მასაც აქვს ზედა ოთხეულში მოხვედრის შანსი. ამისთვის ხობელებმა ორივე შეხვედრა უნდა მოიგონ, სხვა გუნდებმა კი, ქულები დაკარგონ.


შეგახსენებთ, რომ ამ ტურის გარდა, ქალთა ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში რჩება კიდევ ერთი, ბოლო, მე-14 ტური, რომლის დასრულების შემდეგაც პირველ ოთხ ადგილზე გასული გუნდები, ორ წრედ, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად გააგრძელებენ ასპარეზობას. მეხუთე-მერვე ადგილზე მყოფი გუნდები კი, ასევე ორ წრედ ითამაშებენ და შეეცდებიან, არ დაიკავონ ბოლო ადგილი, რომელიც ავტომატურად 2024 წლის სეზონზე, ქალთა ლიგა 2-ში გადანაცვლებას ნიშნავს.


აქვე გეტყვით, რომ ქალთა ლიგა 2-ის გათამაშება 29 აგვისტოს განახლდება.