საქართველოს ჩემპიონმა ფუტსალში თბილისის „ჯეორჯიანსმა", დღეს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე შეხვედრა ჩაატარა ნიდერლანდების „ეინდჰოვენის" წინააღმდეგ და მშრალი ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა. „ჯორჯიანსმა" ანგარიში შეიძლება ითქვას, მატჩის სტარტზევე გახსნა. ირაკლი თოდუამ ანგარიში 1'16'' გახსნა. ქართული გუნდის ყველაზე გამოცდილმა რონინიომ პენალტით 8'03'' ანგარიში ორამდე გაზარდა. შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველოს ჩემპიონის გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. მეორე ტაიმის სტარტზე, 25'04''-ზე ვახტანგ ჯვარაშვილმა ანგარიში სამამდე გაზარდა და მანვე, 37'45'' ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. 37'29'' გუნდის კაპიტანმა შოთა თოფურიამაც ამ ტურნირზე გოლების ათვლა დაიწყო.
ავთანდილ ასათიანის გუნდი, პირველ მატჩში, ჯგუფის მასპინძელი მონტენეგროს „ტიტოგრადს" დაუპირისპირდა და ერთი ბურთის სხვაობით, 3-4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ანგარიში ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს. 9'53'' გოლი ირაკლი თოდუამ გაიტანა, რომელმაც 15'47'' დუბლიც გაიფორმა, თუმცა, მანამდე „ჯეორჯიანსმა" 13'43'' ციბმალიევიჩისა და 15'07'' დელიჩის გოლებიც მიიღო. შეხვედრის პირველი ტაიმი კი ფრედ, 2-2 დასრულდა. მეორე ტაიმში, დაახლოებით 6 წუთიან მონაკვეთში, ციმბალიევიჩმა კიდევ ორი გოლი გაგვიტანა 28'52'', 36'19'' და მასპინძლები 2-4 დააწინაურა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წამით ადრე ნიკოლოზ გაბრიჩიძემ ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა, თუმცა, დაძაბულ ორთაბრძოლაში, ქართველებს ქულის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ.
ჯგუფის ბოლო შეხვედრას, „ჯორჯიანსი" 26 აგვისტოს, გიბრალტარის „ეუროპას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი, წილისყრით C ჯგუფშია, სადაც „ჯორჯიანსის" გარდა, ნიდერლანდების „ეინდჰოვენი", მონტენეგროს „ტიტოგრადი" და გიბრალტარის „ეუროპა" არიან მოხვედრილები. დებულების თანახმად ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი გუნდი გადის.
იხილეთ ასევე სტატია
ფოტო: (c) UEFA