ბათუმის „დინამომ“ გია გეგუჩაძის წასვლა დაადასტურა
ბათუმის „დინამომ“ გია გეგუჩაძის წასვლა დაადასტურა
21.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ბათუმის „დინამომ" ოფიციალურად დაადასტურა კლუბიდან გია გეგუჩაძეს წასვლის თაობაზე. სოციალურ ქსელში, აჭარულმა კლუბმა შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა:

„გია გეგუჩაძე დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.


კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ბატონ გიას გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.


გია გეგუჩაძემ დინამო 2018 წლის იანვარში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონობა, ეროვნული ლიგის ჩემპიონობა, სუპერთასის მოგება და 3 ჯერ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ამ პერიოდში  ჩატარებული 188  ოფიციალური მატჩიდან დინამომ 108 შეხვედრა მოიგო, 46 მატჩი ფრედ დაასრულა და 34 მარცხი განიცადა.


გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის თაობაზე გადაწყევტილებას კლუბის ხელძღვანელობა უახლოეს პერიოდში მიიღებს", - ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ გეგუჩაძემ, ბათუმელთა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო და სწორედ, მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ „გეგუჩა" გუნდს დაემშვიდობა, თუმცა, კლუბი ამ დრომდე დუმდა.


ჩვენი გვერდის მიერ მოძიებულ ინფორმაციაში, ბათუმის „დინამოს" ხელმძღვანელობა რამდენიმე ქართველ მწვრთნელს მათ შორის „დინამო თბილისის" ორ ყოფილ მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძესა და გიორგი ჭიაბრიშვილსაც ესაუბრა. თუმცა, ცხადაძისგან ბათუმის „დინამოში" მუშაობის ვარიანტი გამოირიცხა. გიორგი ჭიაბრიშვილი კი, რომელმაც „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის პოსტი, ევროტურნირებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ დატოვა, ბათუმში, „დინამოს" ხელმძრვანელობას შეხვდა. თუმცა, ამ ეტაპზე არც ერთი მხარე, საკითხს მეტად არ აკონკრეტებს.


27 აგვისტოს, ბათუმის „დინამოს" თბილისში, პეტრო არენაზე „გაგრას" წინააღმდეგ აქვს თამაში. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაში გუნდს, უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი გამოიყვანს.