სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატისთვის, კალათბურთში, საქართველოს ეროვნული ნაკრები უშუალოდ, იაპონიაში აგრძელებს სამზადისს. კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, ქართული გუნდი იაპონიაში ჩემპიონატში მონაწილე ყველა სხვა გუნდზე ადრე ჩავიდა და ოკინავას დარბაზში ივარჯიშა კიდეც. გუნდი, ამ ეტაპისთვის ფიზიკურ მომზადებაზე აკეთებს აქცენტს, რამეთუ, მსოფლიო ჩემპიონატის დებულების თანახმად, ოფიციალური ვარჯიშების „განრიგი" ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღით ადრე იწყება.
სასიამოვნო სიურპრიზი დაახვედრეს საქართველოს ნაკრებს ოკინავას ორის სკოლის, კოზასა და გოეკუს მოსწავლეებმა. მათ, ჩვენს გუნდს დარბაზისკენ მიმავალ დერეფანში ქართულ ენაზე დაწერილი ე.წ კედლის გაზეთები დაახვედრეს, სადაც ჩვენებს წარმატება უსურვეს და ჩეპიონატის ჯგუფური თამაშების დროს მატჩებზე დასწრებასა და მხარდაჭერას დაჰპირდნენ. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ცნობით, „ეს გახლავთ ერთგვარი გაცვლითი პროგრამა, რომელშიც იაპონელებმა ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტს შესთავაზეს და რომლის მიხედვითაც ოკინავაში ჩასულ ყველა ნაკრებს ეყოლება საკუთარი ქომაგები ქალაქის სკოლების მიხედვით. ამ სკოლის ბავშვები წინასწარ სწავლობენ იმ ქვეყნის ნაკრების ენასა და კულტურას, რომელსაც უნდა უქომაგონ. ბავშვები ასევე დაესწრებიან საკუთარი საქომაგო გუნდის ვარჯიშს და ენებათ მოთამაშეებთან ინტერაქცია. საქართველოს ნაკრების წევრებს იაპონელ ბავშვებთან შეხვედრა 21 აგვისტოს ელით".
იაპონიაში ჩასვლის შემდეგ გაირკვა, რომ თბილისში, საერთაშორისო ტურნირის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაანონსებული ორი ამხანაგური შეხვედრის ნაცვლად, ზუროსის გუნდი ამ განცხადებამდე დაგეგმილ გრაფიკს არ გადაუხვევს და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, მხოლოდ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ნაკრები, ბოლო სპარინგში, 22 აგვისტოს, მსოფლიო საკალათბურთო რეიტინგის მე-4 ადგილზე მყოფ ავსტრალიას დაუპირისპირდება.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო