გორის „დილა" ქართული კლუბებიდან ბოლო იყო, რომელსაც უეფა-ს 2023-2024 წლების სეზონზე ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა შეეძლო, თუმცა, უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის მესამე რაუნდიდან ეს კლუბიც, მსგავსად დანარჩენი სამისა, ასპარეზობას გამოეთიშა. სამაგიეროდ, კლუბი, რომელშიც ორი ქართველი გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი ასპარეზობენ, კონფრეენს ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ გზას მიიკვლევ და იმედი გვაქვს, ჯგუფში შესვლასაც მოახერხებს.
რაც შეეხება „დილასა" და „აპოელის" საპასუხო შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა ძალიან მშვიდად აკონტროლეს თამაში, მეორე ტაიმის სტარტზევე, 47-ე წუთზე დაცვის ხაზის შეცდომითაც ისარგებლეს და გოლი გაიტანეს. კვიპროსელთა მარაგში სამი ბურთი და 42 წუთი სათამაშო დრო იყო, სადაც გორელებს მინიმუმ 3 გოლის გატანა უნდა მოეხერხებინათ, თამაშის გადასარჩენად, ეს კი, თუნდაც, თამაშის ხარისხიდან გამომდინარე წარმოუდგენელი იყო. „აპოელმა" დღეს, 1-0, ორი შეხვედრის ჯამში 3-0 გაიმარჯვა და ასპარეზობის მომდევნო ეტაპზე გავიდა. სხვათა შორის, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ორივე გუნდში, რა სათამაშო დროც მან მოედანზე გაატარა, საუკეთესო გიორგი ქვილითაია იყო, რომელსაც პირველ ტაიმში ეფექტურ გოლამდე ცოტა დააკლდა. კიდევ ერთი დეტალი, რაც გათამაშებაში დარჩენილ ქართველებს ეხებათ, „დილასთან" შეხვედრაში, კვიპროსელებმა 4 ყვითელი ბარათი მიიღეს, აქედან ორი ქართველების ქვილითაიასა და დვალის ანგარიშზეა.
გორელები სამშობლოში ბრუნდებიან, „აპოელი" კი, ქართველებთან ერთად ბელგიაში გასამგზავრებლად ემზადება, სადაც 24 აგვისტოს „გენტს" დაუპირისპირდება.