საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაწყებული არ იყო, რომ მათი 70 % უკვე გაყიდული იყო. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მორიგი კალენდარული მატჩი 8 სექტემბერს თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება და ის, 20:00 საათზე დაიწყება. დღეს დილით, ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების 90% გაყიდულია, დარჩენილ 10%-ს კი, კიდევ ჰქონდა ბილეთის შეძენის შანსი უშუალოდ ოფიციალური ვებ-გვერდიდან და არა გადამყიდველებისგან, რომელიც, ქართულ სპორტულ ღონისძიებებზე, არშევსებული ტრიბუნების აქილევსის ქუსლია.
ბუნებრივია, გადამყიდველების „პრობლემა", მხოლოდ ქართული რეალობა არაა და ვებ-გვერდი, საიდანაც გულშემატკივარს შეუძლია ბილეთის შეძენა, შეჯიბრის ორგანიზატორის მითითებითაც, ოფიციალურად გაფრთხილებს, რომ ამ შემთხვევაში, 4-ზე მეტ ბილეთს ვერ იყიდი. თუმცა, გადამყიდველები, ამის გაკეთებას მაინც ახერხებენ, და თუკი, თამაშთან მოახლოებულ დღეებში, სტადიონების მიმდებარე ტერიტორიებზე, სალაროებთან ჩაივლი, მათი ნახვაც მარტივად არის შესაძლებელი - ტრადიციულად, სახეები წლებია ერთი და იგივეა და „პრობლემის" მოგვარების სურვილისა და კანონის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ნაკრებების თამაშებზე დასწრების მსურველ მშობლებს, შვილების წაყვანა მატჩებზე, ბევრად გაუადვილდებათ.
საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშისადმი ინტერესი განსაკუთრებულად მაღალია. შესაბამისად მაღალია მატჩზე დასწრების მსურველთა რაოდენობაც და ბილეთის ფასიც, ამჯერად, ცოტა უფრო მაღალი. მიუხედავად ამისა, ბილეთების გაყიდვიდან, დაახლოებით ერთ-ორ საათში, პირველი იარუსის, ასევე, მეორე იარუსის 50 და 30 ლარიანი ბილეთები სრულად იყო გაყიდული ან დაჯავშნილი. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ექსპერიმენტის სახით, 15 აგვისტოს, 13:46 წუთზე რიგში ჩავდექით და ჩვენი რიგის ნომერი იყო 16888, ხოლო ჩვენს წინ 11394 იყო მოლოდინის რეჟიმში (მანამდე ვებზე უბრალოდ შეუძლებელი იყო შესვლა) და ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, ვებ-გვერდმა შეგვიშვა, აღმოვაჩინეთ რომ დარჩენილი იყო, 20-ლარიანი ბილეთების გამონაკლისი რაოდენობა, სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნებზე, 30-ლარიანები აღმოსავლეთისა და დასავლეთი ტრიბუნების მეორე იარუსების ბოლო რიგებში და ასევე 10 ლარიანი ბილეთები, „დინამო არენის" ტაბლოს ქვეშ.
აღნიშნულ ფოტოზე, ლურჯად მითითებულია ის სექტორები, სადაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ ბილეთების შეძენა - ძირითადად 50 ლარი ღირებულებისა და „გალიორკაზე" 30-ლარიანები. თუმცა, თუ შემოდგომის არამდგრად ამინდებს და წვიმას გავითვალისწინებთ (თუკი ასეთი იქნება), დარჩენილი ბილეთები, ალბათ ყველაზე მეტად გასიამოვნებთ, თუკი, ფასია თქვენთვის ხელმისაწვდომია. და ბოლოს, სხვათა შორის, ამავე ფოტოზე ნაჩვენები ადგილები, გუშინ, როდესაც ჩვენ, ექსპერიმენტის სახით ვათვალიერებდით ან სერი (გაყიდული) ან ყვითელი (დაჯავშნილი) ფერით იყო. შესაბამისად, და ალბათ, დიდი ალბათობით, სოცმედიაში, გუშინ ატეხილი „პროტესტის" გამო ვებ-გვერდს, „მოდემის გადატვირთვა" მოუხდა.