„თბილისი არენაზე" ირანის ეროვნულ ნაკრებთან გამართული დახურული თამაშით, რომელშიც ილიას ზუროსის გუნდმა გაიმარჯვა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის კიდევ ერთი ციკლი დაასრულა და ხვალ, ბოლო სპარინგებისთვისა და სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში გაემგზავრება. უშუალოდ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ქართული გუნდი კიდევ ორ ამხანაგურ სპარინგს გამართავს იაპონიისა და ავსტრალიის გუნდებთან და ამით მთავარი ტურნირისთვის სამზადისს დაასრულებს.
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა ის 12-კაციანი შემადგენლობა, რომლის „გამოცნობაც" თბილისის საერთაშორისო ტურნირის პირველივე მატჩისას ნათელი იყო. საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც ზუროსმა 2 ათეულზე მეტი კალათბურთელით დაიწყო თბილისში, უკვე 14-მდე იყო დასული. საბოლოოდ, კი იაპონიაში გასამგზავრებელ სიაში 12-ნი დარჩნენ:
რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი და გოგა ბითაძე.