საქართველოს ნაკრებმა ირანს დახურული სპარინგ-მატჩი 84:72 მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ირანს დახურული სპარინგ-მატჩი 84:72 მოუგო
15.08.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩი გამართა ირანთან და მეტოქე 12 ქულის სხვაობით - 84-72 (სტატისტიკა) დაამარცხა. მწვრთნელებმა დაასვენეს 4 კალათბურთელი - თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თად მაკფადენი და გიორგი ცინცაძე. განახევრებული შემადგენლობით საქართველომ საკმაოდ იოლად დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონატზე აზიის წარმომადგენელი ირანი.


ილიას ზუროსს და მის ასისტენტებს - ანატოლი ბოისას და მანუჩარ მარკოიშვილს კარგი შესაძლებლობა მიეცათ საქმეში ხანგრძლივად ენახათ ის მოთამაშეები, რომლებსაც გასულ ამხანაგურ მატჩებში მოედანზე ყოფნა შეზღუდული დროით უწევდათ. ყველაზე მეტი - 28 წუთი ლევან გოგიჩაიშვილმა ითამაშა, რომელმაც 2-დან 2 სამქულიანი, 1 ორიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 23 წუთი მოედანზე იმყოფებოდა გიორგი ტურძილაძე, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა 22-18 წუთი ითამაშა.


ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი გახლდათ, რომელმაც არასრულ 17 წუთში 17 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. გამოირჩა კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მოედანზე გატარებულ არასრულ 22 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.


საქართველოს ნაკრებმა თბილისში ბოლო 3 დღეში 3 მატჩი მოიგო: იორდანიასა და მონტენეგროს თბილისის საერთაშორისო თასის ფარგლებში სძლია, რისი დასრულების შემდეგაც ირანთან მოლაპარაკების საფუძველზე დამატებით სპარინგ-მატჩი ითამაშა, რაც გუნდის სათადარიგოების გამოსაცდელად შესანიშნავი საშუალება გახლდათ.


მატჩს დაესწრნენ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრები, რომლებმაც რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატზე A დივიზიონის საგზური მოიპოვეს და თბილისი არენაზე პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდნენ.


საქართველო 84-72 ირანი
21-13, 23-14, 22-27, 18-18


კაკუშაძე 12 წთ, 2 ქ, 2 პ
ანდრონიკაშვილი 20 წთ, 2 ქ, 5 პ
ჯინჭარაძე 22 წთ, 14 ქ, 3 მ, 3 პ
ლიკლიკაძე 20 წ, 8 ქ, 4 პ
შერმადინი 17 ქთ, 17 ქ, 6 მ
სანაძე 18 წთ, 9 ქ, 2 მ
ტურძილაძე 23 წთ, 11 ქ
ბერიშვილი 22 წთ, 3 ქ, 4 პ
გოგიჩაიშვილი 28 წთ, 9 ქ
ბექაური 18 წთ, 9 ქ, 8 მ, 4 პ
წთ - წუთი, ქ - ქულა, მ - მოხსნა, პ - პასი