საქართველომ მასპინძელი რუმინეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ელიტის საგზური მოიპოვა
საქართველომ მასპინძელი რუმინეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ელიტის საგზური მოიპოვა
14.08.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის საგზური მოიპოვა და 2024 წლის კონტინენტის პირველობის ელიტაში იასპარეზებს. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთის ქალაქ პიეშტში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა. ქართველებმა მასპინძელ რუმინეთს დაძაბულ ბრძოლაში, 70-68 (სტატისტიკა) მოუგეს და 6 წლის წინ 16-წლამდელების მიერ მიღწეული შედეგი გაიმეორეს.

 

2017 წელს საქართველოს ნაკრებმა 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-3 ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთი დაამარცხა და A დივიზიონში გადავიდა. მაშინ იმ ნაკრებში რატი ანდრონიკაშვილი თამაშობდა, რომელიც დღესდღეობით ეროვნულ გუნდში იცავს საქართველოს სახელს. ქართველებმა ელიტაში ადგილი ვერ შეინარჩუნეს და მომდევნო წელს B დივიზიონში დაქვეითდნენ და მას შემდეგ ელიტაში დაბრუნების შანსი პირველად წელს გამოიყენეს.

 

საქართველო და რუმინეთი ჯგუფურ ეტაპზეც ერთად იყვნენ. ცინცაძე-ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძლებთან გამართული პირველი შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში - 62:66 დათმო. არანაკლებ დაშაბული გამოდგა მე-3 ადგილისთვის მატჩი, რომელსაც უკვე კონკრეტული ფასი ჰქონდა - გამარჯვებული ბრინჯაოს მედლებთან ერთად A დივიზიონის საგზურს იღებდა.

 

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ორჯერ მოიგო. ის ხელჩასაჭიდი უპირატესობა, რომელიც ჩვენებმა შეხვედრის მესამე პერიოდში მიპოვეს და მთელი ბოლო ათწუთეული კბილებით ინარჩუნებდნენ, რუმინელებმა ბოლო წუთზე გაათანაბრეს. ჩვენმა ნაკრებმა პირველი პერიოდი 4 ქულით დათმო, მეორე კი 3-ით მოიგო და დიდ შესვენებაზე ქულით ჩამორჩებოდა. მე-3 ათწუთეულში საქართველომ მატჩზე კონტროლი დაამყარა, მეტოქე 10 ქულით ჩამოიტოვა და გამარჯვებაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა.

 

 

ბოლო პერიოდის წინ ქართველები 8 ქულით იგებდნენ, თუმცა მასპინძლები დანებებას არ აპირებდნენ და შეხვედრა დასასრულისკენ ისე მიდიოდა, რუმინეთი ჩამორჩენას ნაბიჯ-ნაბიჯ ამცირებდა. ძირითადი დროის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე მათე ხატიაშვილს შედეგიანი გარღვევის შედეგად საქართველო 6 ქულით, 67-61 დაწინაურდა, რამაც მასპინძლები მაინც არ გატეხა და ჯერ მატეი-ალექსანდრუ როსუს სამქულიანით, ხოლო ხატიაშვილის 1 ზუსტი საჯარიმოს შემდეგ კოდრუტ-ალექსანდრე დინუს სამიანით  ანგარიში საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე გაათანაბრეს - 68-68.

 

ბოლო შეტევაში ქართველებმა ბურთი ბოლომდე გაათამაშეს, თუმცა რუმინელებმა ტაქტიკური ჯარიმა აუღეს და შესატევად 12 წამი დაიტოვეს. საჯარიმოები მათე ხატიაშვილმა ჩააგდო, საქართველო 70-68 დააწინაურა და რუმინელთა ბოლო, გადამწყვეტი შეტევა დაიწყო. 1 წამი ქართველებმა თავი კარგად დაიცვეს, რის შემდეგაც რუმინელმა დინუმ გამარჯვების მომტანი 3-ქულიანი ესროლა, თუმცა ჩვენი დამცველების ზეწოლის ქვეშ მისმა ტყორცნამ ფარამდეც ვერ მიაღწია და საქართველომ გამარჯვება მოიპოვა.

 

ჩვენს გუნდში 23 ქულით ბომბარდირი გახდა მათე ხატიაშვილი. საერთო სარგებლიანობით საქართველოს ავთანდილ ბახტაძემ ულიდერა, რომელმაც 18 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 11 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა მატჩი გიორგი ჭირაქაძემ, ილია სულაძის ანგარიშზე 5 ქულა დაგროვდა.

 

საქართველოს ნაკრებთან ერთად A დივიზიონის საგზურები ხორვატიამ და ბულგარეთმა მოიპოვეს. ამ გუნდების ფინალური მატჩი ხორვატების იოლი გამარჯვებით, 85-67 დასრულდა.

 

ტრადიციულად, ტურნირზე გამოვლინდა საუკეთესო, ეგრეთწოდებული წიმბოლური ხუთეული, რომელშიც ჩვენი ნაკრებიდან ავთანდილ ბახტაძე შევიდა.

 

სიმბოლური ხუთეული: ავთანდილ ბახტაძე (საქართველო), ბორნა კატანოვიჩი (ხორვატია), როკო იემო (ხორვატია), ივაილო სრინსკი (ბულგარეთი), კოდრუტ-ალექსანდერ დინუ (რუმინეთი). ტურნირის MVP ბორნა კატანოვიჩი  გახდა.