საქართველოს ნაკრები თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
საქართველოს ნაკრები თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
13.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გამოცდილება არის ის ფაქტორი, რასაც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გამართულ ყველა სპარინგში, მათ შორის თბილისის საერთაშორისო ტურნირზე, ილიას ზურუსი ხედავს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი უკვე მეორე შეხვედრაა გოგა ბითაძეს გუნდთან შეთამაშების შესაძლებლობას აძლევს და დღეს, თბილისის საერთაშორისო ტურნირის ბოლო, საფინალო მატჩში, ბერძენმა ის სრულად დატვირთა. შესაბამისად, გოგამაც, რომელმაც ამჯერად სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო, პარკეტზე გატარებულ 19:40 წუთში 21 ქულა დააგროვა.

თამაში კი ზუროსმა, მონტენეგროს საკმაოდ ძლიერ გუნდთან, შემდეგი ხუთეულით დაიწყო: რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, გოგა ბითაძე. აქვე გეტყვით, რომ 14 კალათბურთელიდან, რომელიც ისევე, როგორც გუშინ დღესაც იყო ზუროსის განკარგულებაში, ოთხმა - ლუკა ლიკლიკაძე, გოირგი ტურძილაძემ, მიშა ბერიშვილმა და ბექა ბექაურმა არ ითამაშეს. რთული სათქმელია, იაპონიაში გასამგზავრებლად, ამ ჩამონათვალიდან იქნება ის ორი, ვინც თბილისში უნდა დარჩეს თუ არა. ამას, დიდი ალბათობით, ხვალ, ირანის ნაკრებთან გამართული დახურული მატჩის შემდეგ გავიგებთ.


დღეს კი, საქართველოს ნაკრებმა უპირატესობის მოპოვება თამაშის პირველივე მეოთხედში მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ პერიოდების მიხედვით, ანგარიში საყაიმო 2-2 (26-16, 19-23, 13-21, 26-19) გამოვიდა, საბოლოოდ, ზუროსის გუნდმა,  5 ქულით, 84-79 (მატჩის სრული სტატისტიკა) მოიგო. სხვათა შორის, ბოლო პერიოდის დაწყებამდე მონტენეგროელები წინ 2 ქულით გავიდნენ და შესაბამისად, ზუროსის გუნდს, სრული მობილიზება დასჭირდა, რომ პირველ პერიოდში მიღწეული სტატუს-კვო აღედგინა.  გამომდინარე იქიდან, რომ ისევე, როგორც გუშინ, დღესაც ზუროსის კვლავ მიმართავდა როტაციას, არაა გამორიცხული, რომ ამხანაგურ ტურნირზეც მისი დავალება გუნდისადმი, „წაგებული სიტუაციიდან ამოსვლა" იყო. ამჯერად, საქართველოს ნაკრებმა ეს მონტენეგროსთან მოახერხა, რომელთანაც ამ მატჩამდე, ურთიერთშეხვედრებით თუ ვიმსჯელებთ, ბალანსი მონტენეგროელების მხარეს იყო, 2-1, თუმცა დღეს, ამ ამხანაგური სპარინგის ხარჯზე გათანაბრდა 2-2.


და ბოლოს, საქართველოს ნაკრებში საუკეთესო, როგორც უკვე გითხარით, 21 ქულით გოგა ბითაძე იყო (6 მოხსნა, 1 დაფარება). 19 ქულა დააგროვა თად მაკფადენმა, რომელმაც 7-დან 6 ზუსტი 3-ქულიანი ჩააგდო, ამასთან 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე ამჯერად, 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასია. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც მართალია, მხოლოდ 10 ქულა დააგროვა, თუმცა, პარკეტზე საკმაოდ გაისარჯა. 10 ქულა დააგროვა დუდა სანაძემაც. 7 ქულა მოდის გიორგი შერმადინის ანგარიშზე და სამიც, ისიც საჯარიმოებიდან, რატი ანდრონიკაშვილისაზე.


მესამე ადფილისთვის შეხვედრაში ირანმა იორდანია  82-73 დაამარცხა.





სტატია რედაქტირებულია 14 აგვისტოს, 13:00