ზომიერი მოლოდინი და ქართული გუნდის პერსპექტივა მსოფლიომდე რამდენიმე კვირით ადრე...
ზომიერი მოლოდინი და ქართული გუნდის პერსპექტივა მსოფლიომდე რამდენიმე კვირით ადრე...
12.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„რატომ არის ზედმეტი მოლოდინი? მგონი, მთავარია, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშობთ და ამით უნდა ვისიამოვნოთ", - იტყვის ილიას ზუროსი დღეს, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი სპარინგის დასრულების შემდეგ ქართულ მედიასთან. მოლოდინი მოლოდინად, თუმცა, ჩვენი ნაკრების თავკაცი არც იმას უარყოფს, რომ საქართველოს ნაკრებს დაცვაში თამაში გამოსასწორებელი აქვს და თუკი, ამის გაკეთებას მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩენილ დროში მოახერხებს, მაშინ ყველა ის წვრილმანი შეცდომა, რომელიც ჩვენს გუნდს დღევანდელ შეხვედრაშიც ჰქონდა ფრაგმენტულად, ნელ-ნელა გამოასწორებს.


დღეს კი, ილიას ზუროსის გუნდი,  თბილისის საერთაშორისო თასის გათამაშებაში იორდანიის ნაკრებს შეხვდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა, 86-69. საქართველოს ნაკრებმა მოიგო ოთხიდან პირველი სამი მეოთხედით 27-19, 21-16, 23-16 და მხოლოდ ბოლოში მისცა თავს უფლება, მეტოქე სამი ქულით წინ გაეშვა 15-18. თუმცა, ამ გარემოებას, მატჩის შედეგზე არ უმოქმედია.


მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, მედიასთან შეხვედრისას, დაცვაში თამაშის მნიშვნელობაზე გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამაც ისაუბრა. თოკოს თქმით, ამ სპარინგებმა ნელ-ნელა დაიწყო სარგებლის მოტანა, გუნდი უფრო შეთამაშდა და ამასთან, სწრაფად ათამაშდა. ეს დღეს, იორდანიასთან მატჩის დროს, ყველაზე კარგად შეიმჩნეოდა, რადგან ზუროსის გუნდმა მოახერხა პრესინგიც, თითქმის მთელს მოედანზე და მოწინააღმდეგისთვის პერიმეტრის გადაკეტვაც. თუმცა, საინტერესოა, რამდენად მოახერხებს, ხვალინდელ ფინალურ დაპირისპირებაში, მონტენეგროს საკმაოდ ძლიერ გუნდთან იგივეს გამეორებას საქართველოს ნაკრები.


ერთი საინტერესო დეტალი, დღევანდელ განაცხადში, გუნდებს 14-14 კალათბურთელი ჰყავდათ. მსოფლიო ჩემპიონატზე ამ რაოდენობას კიდევ ორ-ორი მოაკლდება. ილიას ზუროსს, ყოველ შემთხვევაში დღეს, ამის თაობაზე არაფერი კითხეს, თუმცა, მარტივი მისახვედრია, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს, იაპონიაში მიმავალი თვითმფრინავის ბორტს მიღმა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება გაამახვილა, რომ ქვეყანას ახალი თაობის სახით, კარგი შევსება ეზრდება და ამის დასტური დღეს, ქვეყნის მთავარ გუნდში გამოჩენილი ახალი თობის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც, საკუთარ კედლებში, ეროვნული ნაკრების „წნეხი" კარგად დაძლიეს. ლიკლიკაძემ კი, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი სადებიუტო საჯარიმო ქულაც ჩააგდო, ერთ შედეგიან გადაცემასთან ერთად.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, დიდი ხნის შესვენების შემდეგ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემაც. ზუროსმა ამ გარემოებასაც გაუსვა ხაზი და ბითაძის თამაში, დადებითად შეაფასა. შეხვედრა კი, რომელშიც, ქართველთა მწვრთნელი ხშირ როტაციას ასრულებდა და რეალურად ყველა კალათბურთელს მისცა სათამაშო დრო, შემდეგი ხუთეულით დაიწყო:   ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი. სხვათა შორის, გუნდში, გამომდინარე იქიდან, ვინ იყო პარკეტზე, შესაბამისად ზუროსის ბიჭები ახერხებდნენ, ლიდერობა აეღოთ, ეფექტური ჩატენვებით და გადაცემებით. თუმცა... თუმცა, იყო ხარვეზები, რომელსაც, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში მეტოქეები, ამას დიდი ალბათობით, არ გაპატიებენ. სხვათა შორის, ზუროსმაც და იორდანიის ნაკრების მწვრთნელმაც, მატჩის შემდგომ ხაზი გაუსვეს, რომ ის თამაშები, რომლებიც ამხანაგურ ხასიათს ატარებს, ბევრად განსხვავებული იქნება მათგან, რომელსაც გუნდები უშუალოდ, მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენებენ.


და ბოლოს, საქართველოს ნაკრებში დღეს ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო 19 ქულით (5 მოხსნა 2 გადაცემა).  16 ქულა დააგროვა კაპიტანმა, შენგელიამ, ამავდროულად ორმაგი დუბლი შეასრულა.  13 ქულა და 4 მოხსნაა გოგა ბითაძის ანგარიშზე. 9-9 ქულა დააგროვეს რატი ანდრონიკაშვილმა და დუდა სანაძემ, 6-6 ქულა თად მაკფადენისა და გიორგი შერმადინის ანგარიშზეა. 2-2 ქულა დააგროვეს გოირგი ცინცაძემ, ლუკა ლიკლიკაძემ, ბექა ბექაურმა და გიორგი ტურძილაძემ. უქულოდ დაასრულეს, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მიშა ბერიშვილმა, კახაბერ ჯინჭარაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა.


ხვალ, თბილისი არენაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის ფინალურ შეხვედრაში, 19:00 საათზე მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. მანამდე კი, მესამე ადგილისთვის ირანისა და იორდანიის ნაკრებები ითამაშებენ.


აქვე გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ სამ სპარინგს გამართავს, აქედან ერთს თბილისში, 14 აგვისტოს დახურულს, ირანის წინააღმდეგ. უკვე იაპონიაში ჩასულები კი ავსტრალიისა და იაპონიის ნაკრებებს შეხვდებიან.



სტატია რედაქტირებულია 13.08 / 02:40 მატჩის ფოტო-ამბავი