უეფა-სა და ფიფა-ს ეგიდით გამართული პრესტიჟული ტურნირების, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების, უეფა-ს ჩემპიონთა და ევროპა ლიგის თამაშებზე მთავარი მსაჯი, ამავე ორგანიზაციების ეგიდით ჩატარებულ მატჩებზე დამკვირვებელი, საერთო ჯამში 204 საერთაშორისო და 385 თურქეთის სუპერლიგის განსჯილი მატჩი არის, ჯუნეით ჩაქირის ბიოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც ამიერიდან ახალი სტატუსით შეივსება. დღეს, სფფ-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ცნობილი თურქი მსაჯი, ქართული ფედერაციის თანამშრომელია და ის, მსაჯთა განყოფილებას უხელმძღვანელებს.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, დავით მუჯირს და ზოგადად სფფ-ის ხელმძღვანელობას. ჩვენს შორის შედგა შესანიშნავი კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც შემომთავაზეს ეს პოზიცია. სფფ-ის ხელმძღვანელობამ გამიზიარა თავისი ხედვა, გეგმები და მოსაზრებები მსაჯობასთან დაკავშირებით. ეს პოზიტიური მიდგომა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მე დღეს აქ ვარ. ჩემს კარიერაში მე არაერთ დიდ მატჩსა და ტურნირში მიმიღია მონაწილეობა. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის მდგრადი წარმატების მიღწევა იყო. ჩვენი პირველი მიზანიც სწორედ მდგრადი წარმატებისკენ ნაბიჯების გადადგმა იქნება. ჩვენ დავნერგავთ საერთაშორისო სტანდარტებს მსაჯთა მომზადებაში და შევეცდებით, მეტი მსაჯი ჩავრთოთ საერთაშორისო მატჩებში. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა კლუბს, მოთამაშესა და მწვრთნელს, საპასუხოდ კი ველით, რომ მოედანზე იგივე პატივისცემა მივიღოთ. ჩვენი მიზანია, ყველა მსაჯი საუკეთესოდ მოვამზადოთ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებისთვის, რათა მხოლოდ მოედანზე ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხი იყოს სალაპარაკო თემა. ჩვენ მეზობლები ვართ და მე მინდა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ძლიერი კავშირები ჩამოყალიბდეს ჩემი აქ ყოფნის პერიოდში - ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იქნება", - ამბობს ჩაქირი, სფფ-ს ოფიციალური გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.
ჩაქირი დღეს, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯებთან გამართულ შეხვედრაზე ოფიციალურად წარადგინა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილებას ფიფა-ს გამოცდილი არბიტრი, ჯუნეით ჩაქირი უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ თურქი სპეციალისტი საქართველოში იცხოვრებს და ყველა იმ პროექტს ჩაუდგება სათავეში, რომელიც სფფ-ს მსაჯთა მიმართულების განვითარებისთვის ხორციელდება. რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ იმ სიახლეებს, რომელიც მასთან ერთად დაინერგება. დარმწუნებული ვარ, ის გამოცდილება, რომელიც მან წლების განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე დააგროვა, დადებითად გამოადგება ამ მიმართულების განვითარებას საქართველოში", - ამბობს დავით მუჯირი.
ჩაქირამდე, სფფ-ში ამ თანამდებობას 2021 წლიდან მიხეილ მაზიაშვილი იკავებდა. ახალი ხელმძღვანელი ოფიციალურ სამუშაო კვირას, სფფ-ს ინფორმაციიდან გამომდინარე 14 აგვისტოდან შეუდგება. ამ დღეს, თურქი მსაჯთან ერთად, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯები ხუთდღიან საწვრთნელ, გაცნობითი სახის შეკრებას გაივლიან.