გორის „დილა" ხვალ, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გორის ნაცვლად, თბილისში, „დინამო არენაზე" ჩაატარებს. ჩვენი ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები 8000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული, თუმცა, 10 აგვისტოს 21:00 საათამდე, იმედია, 54 ათასიანი სტადიონისთვის, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე იმედია, რომ გორის „დილა" შეეცდება პირველი რაუნდის შემდეგ, ისეთი დადებითი ბალანსი შეიქმნას, რაც ევროტურნირებზე დარჩენილ ერთადერთ ქართულ კლუბს, საპასუხო თამაშის წინ, კომფორტულ გარემოს შეუქმნის.
„გული დაგვწყდა, რომ გორში ვერ ვთამაშობთ, რადგან იქ სხვა ატმოსფეროა. გუნდის ხელმძღვანელობას რამენაირად უნდა მოვთხოვოთ, რომ ისეთი სტადიონი გვქონდეს, რომ შესაბამისი დონის მატჩების მასპინძლობა შეგვეძლოს. თუმცა, ერთადერთი ქართული გუნდი ვართ, რომელიც ევროთასებზე შემორჩა, ამიტომ, არ ვთამაშობთ მხოლოდ გორისთვის, არამედ საქართველოსთვის. ახლა, „დინამო არენაა" ჩვენი სახლი და დარწმუნებული ვარ, გორელებიც და თბილისელებიც ბევრი მოვლენ სტადიონზე. უკეთესია, რომ პირველი მატჩი სტუმრად ყოფილიყო, მაგრამ წილისყრით ასე მოხდა და სხვა გზა არ არის. მაღალი ტემპერატურაც არის, თუმცა, უნდა ვითამაშოთ", - ამბობს ანდრეი დემჩენკო, გორის „დილას" მთავარი მწვრთნელი.
ხვალინდელ მატჩში, დემჩენკოს მიერ ხელისშემშლელი ფაქტორების - შეცვლილი სტადიონის, ცხელი ამინდის გარდა, ალბათ, კვიპროსულ კლუბში ქართველების ყოფნაც ადარდებს, თუმცა, გორელთა უკრაინელი მწვრთნელი, მედიასთან მატჩისწინა შეხვედრის დროს, ამ გარემოების კომენტირებისას, მხოლოდ ქვილითაიასა და დვალის „კარგ ფეხბურთელობას" უსვამს ხაზსს.
„ქვილითაია და დვალი კარგი ფეხბურთელები არიან. ქვილითაია სახიფათო თავდამსხმელი, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია ინდივიდუალურად და გუნდურადაც. ჩვენს გუნდს აქვს თავისი სტილი, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. მთავარია, მეტოქე უბურთოდ დავტოვოთ და პრესინგი ვითამაშოთ. „ვოივოდინას" პრესინგი არ იყო ინტენსიური და „აპოელსაც" თამაში უფრო გაუადვილდა, სივრცეები ჰქონდა. ვეცდებით, ისე ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის ვთამაშობთ. „აპოელს" საინტერესო მწვრთნელი ჰყავს, ბევრი გადაადგილებები აქვს თამაშის დროს. საინტერესო მატჩი იქნება და მზად ვართ", - ამბობს დემჩენკო და დასძენს, რომ ძირითადად არ აქცევს ყურადღებას მეტოქე, რამდენად ძლიერია. „მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ და რას დავუპირისპირებთ მეტოქეს. რა თქმა უნდა, „აპოელი" უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი წინა მეტოქეები, მაგრამ ჩვენც გავხდით ძლიერები, ვინაიდან ორი კარგი გუნდი გამოვთიშეთ ასპარეზობას და უფრო თავდაჯერებულები გავხდით".
ხვალ, „დილასა" და „აპოელის" შეხვედრა „დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. დღეს, გადაწყდა ასევე, რომ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.