ქართველების კვიპროსული გუნდი ქართულ „დილასთან“ სათამაშოდ ემზადება
ქართველების კვიპროსული გუნდი ქართულ „დილასთან“ სათამაშოდ ემზადება
09.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი / სოფო ერქვანია

გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი დღეს, მშობლიურ „დინამო არენაზე", უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წინ ბოლოჯერ მოითელენ. კვიპროსული „აპოელის" მთავარ მწვრთნელს არ დაუკონკრეტებია ქართველები, ხვალინდელ მატჩს, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებენ თუ არა, თუმცა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა, გორის „დილას" მეტოქე გუნდისთვის, ქართველების წვლილზე ილაპარაკა.

„ქვილითაია და დვალი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ორივე ძალიან გამოცდილია, ნაკრების წევრები არიან. ჩვენს გუნდში წამყვანი ფუნქცია აქვთ. რა თქმა უნდა, სამშობლოში თამაში მათთვის დამატებით მოტივაციასაც წარმოადგენს, თუმცა, ხვალ ემოციებისა და პატრიოტიზმის ადგილი არ იქნება, მათი დავალება, როგორც სხვა ყველა ფეხბურთელის იქნება მოგება და სწორედ, ამ მიზნით გავლენ მოედანზე", - ამბობს პინტუ.


ქართული კლუბის პლიუს-მინუსებზე, კარგად ჩატარებული „სახლის" თამაშებზე და ამ კოზირის კიდევ ერთხელ გამოყენებაზე, მატჩის წინა დღეს შეკრებილ მედიასთან საუბრისას, ხაზი გაუსვა სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა. თუმცა, საკუთარი გუნდის ამბიციიდან გამომდინარე, ორი შეხვედრის ჯამში საკუთარი გუნდის პერსპექტივაზე მაინც, უფრო გააკეთა აქცენტი.



„ვფიქრობ, რომ ისინი ამჯერადაც შეეცდებიან საკუთარ მოედანზე დადებით შედეგს მიაღწიონ. ჩვენც იგივეს ვეცდებით, მაგრამ მგონია, რომ საბოლოო ჯამში ხვალ, არაფერი გადაწყდება და გადამწყვეტი საპასუხო მატჩი იქნება", „დილა" ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით ბრაზილიელი მოთამაშეები, ასევე ტიერი გეილი და ონორე გომისი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები არიან, რომლებსაც სივრცეების გამოყენება შეუძლიათ თუ, მას დავუტოვებთ. სტანდარტული სიტუაციებიდანაც, ეს გუნდი საკმაოდ კარგად მოქმედებს. ზოგადად, დადებითი სათამაშო ფილოსოფია აქვს, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რთული თამაშისთვის, ბევრად უფრო უკეთესად, აგრესიულად და დალაგებულად უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე „ვოივოდინასთან". განსაკუთრებით, მეორე მატჩის პირველ ტაიმში, როცა ჩვენი დავალებები სათანადოდ ვერ შევასრულეთ", - ამბობს პინტუ.



შეგახსენებთ, რომ ხვალ, 21:00 საათზე, გორის „დილა" უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ თამაშს, ნაცვლად გორისა, თბილისში, „დინამო არენაზე" ჩაატარებს. როგორც ჩანს, კვიპროსელებმა, „საშინაო" მატჩზე აქცენტირებისას ეს მცირე დეტალი ვერ გათვალეს. მიუხედავად ამისა, თამაშის სირთულე, სტუმრებს საკმაოდ აფიქრებთ.


 „კარგად გვესმის, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ აქ კარგი თამაშის საჩვენებლად და მოსაგებად ვართ ჩამოსულები. როგორც მწვრთნელს მიაჩნია სწორად, იმის მიხედვით შევასრულებ ჩემს დავალებებს და არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუ ძირითად შემადგენლობაში არ ვიქნები. რა თქმა უნდა, ჯერ „დილასთან" თამაშებზეა სრული კონცენტრაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ შემდეგ მეტოქეზე ფიქრს", - ამბობს ჯორჯ ეფრემი, ნიქოზიელთა გუნდის კაპიტანი.


ჩვენი ინფორმაციით, ხვალინდელ მატჩს, რომლის ტრანსლირებაც საზოგადოებრივი მაუწყებლით იწარმოებს, ადგილზე 8000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება. დღეს, როდესაც „აპოელი" სავარჯიშოდ იყო გასულო, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ რაოდენობის ბილეთი იყო გაყიდული.