ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო, თუმცა, მესამე უნგრულ დღეს, მეტიც შეიძლება ყოფილიყო
ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო, თუმცა, მესამე უნგრულ დღეს, მეტიც შეიძლება ყოფილიყო
06.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო, თუმცა, მესამე უნგრულ დღეს, მეტიც შეიძლება ყოფილიყო. ქართულ გუნდს დღეს, სამ წონაში ქართული ფინალის შანსი ჰქონდა, თუმცა, მხოლოდ ერთში, -90კგ წონით კატეგორიაში ძიუდოს ქართველი ქომაგისთვის, უნგრეთის მასტერსზე დღეს, ყველაზე საინტერესო ფინალი შედგა. ბოლო პერიოდში, უკვე ტრადიციად ყალიბდება კონკრეტულად ამ წონაში ქართული ფინალი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ლუკა მაისურაძესა და მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს შორის. ამჯერადაც, ბუდაპეშტის ტატამზე, ფინალში, სწორედ ლუკა და ლაშა შეხვდნენ.

ფინალში ასპარეზობის უფლება, პირველად მაისურაძემ მოიპოვა. ქართველმა იტალიელი პარლატი დამატებითი დროის მე-6 წუთზე  მოახერხა. უფრო მარტივი გამოდგა ბექაურის შეხვედრა უზბეკ ბობანოვთან, რომელიც ქართველმა არასრულ შეხვედრაში იპონით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღე ლაშასთვის „იპონური" იყო, რადგან ქართულ ფინალშიც, ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ და შესაძლოა, ცოტა უფრო დაღლილ მეტოქესთანაც გამარჯვება სწორედ, იპონით მოიპოვა. ლაშა ბექაური, ბუდაპეშტის მასტერსის გამარჯვებული.


-100 კგ-ში მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა ილია სულამანიძემ. ქართული ძიუდოს ერთ-ერთმა თვითმყოფადმა ჯუდოკამ, ბადე მარტივად გაიარა და 1/2 ფინალში, ისრაელის წარმომადგენე, გამოცდილ პეტერ პალტჩიკთან დასთმო შეხვედრა. ბრინჯაოს მედლისთვის კი, ქართველი ნიდერლანდის წარმომადგენელ მაიკლ კორელს დაუპირისპირდა და შეხვედრაში გამარჯვების გარდა, მიმდინარე ტურნირზე თანაგუნდელის „ჯავრიც" იყარა.


+100 კგ წონით კატეგორიაში ქართველები სამწუხაროდ, მხოლოდ რეპეშაჟისკენ მიმავალ გზად გადაეყარნენ ერთმანეთს. გურამ თუშიშვილსა და გელა ზაალიშვილს შორის, ამჯერად, ზაალიშვილმა იმარჯვა და ბრინჯაოს მედლისკენ განაგრძო გზა. ბრინჯაოს ფინალში კი, იაპონელი კოკორო კაგეურა დაამარცხა და ქართული გუნდის ყულაბაში, უნგრეთის მასტერსზე ბოლო მედალი ჩადო.


ბუდაპეშტის ტატამზე, დღეს სტარტი შვიდმა ქართველმა ძიუდოისტმა აიღო, მათ შორის იყო +78 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილი, რომელმაც ჯგუფიდან გასასვლელი შეხვედრა წააგო და სამწუხაროდ, მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


მედლებისთვის ბრძოლას სტარტზევე გამოეთიშნენ -100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ონისე სანებლიძე და +100კგ-ში საბა ინანეიშვილი.


საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიგო, თუმცა, ცოტა გამართლება და იღბალი, რომ ჩვენი ჯუდოკების მხარეს ყოფილიყო, ეს მაჩვენებელი ბევრად უკეთესი იქნებოდა.



ფოტო: © IJF / Di Feliciantonio Emanuele /  Kulumbegashvili Tamara