საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს" ანდრეს კარასკო უხელმძრვნელებს. ესპანელი სპეციალისტი საქართველოში, კერძოდ „დინამოში" რამდენიმე წელია უკვე მუშაობს, თუმცა, ის აკადემიის მიმართულებით იყო დაკავებული. ამიერიდან კი, კარასკო საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ჩაუდგება სათავეში.
აღნიშნული დანიშვნის შესახებ, დღეს, საფეხბურთო კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია და გუშინ, გუნდიდან გიორგი ჭიაბრიშვილის წასვლის შემდეგ, მოარული ხმებიც, კარასკოს დანიშვნის თაობაზე დაადასტურა.
„დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო იმუშავებს. ესპანელი სპეციალისტი 2022 წლიდან ჩვენ კლუბის აკადემიას ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი, პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში.
კარასკო, წარსულში უკვე მუშაობდა „დინამოში", 2011-12 წლებში აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ, მის სახელს უკავშირდება.
ესპანელის სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში" დაიწყო, იგი ლა მასიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამას გარდა, კარასკო, სხვადასხვა დროს „მალაგას" 16-წლამდე და დონეცკის „შახტარის" 19-წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი „საბურთალოს" აკადემიაშიც იმუშავა.
აკადემიების გარდა, კარასკოს ძირითად გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს - იგი ესპანური „საბადელის", ავსტრალიური „ვესტერნ სიდნეი უონდერერსისა" და თურქული „ქარაბიუქსფორის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. „დინამოში" დაბრუნებამდე კი, კარასკო, ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
გამომდინარე იქიდან, რომ ჭიაბრიშვილთან ერთად, კლუბიდან წავიდა სამწვრთნელო შტაბის გარკვეული ნაწილი, ამ ეტაპზე უცნობია, ვის ჩათვლის კარასკო საჭიროდ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ პოზიციებზე დაიმატოს. ჩვენი ინფორმაციით „ჭია", ოფიციალურად, დღეს დაემშვიდობა გუნდს, კარასკო კი, პირველ ვარჯიშს, მხოლოდ ხვალ ჩაატარებს.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, რომელიც უეფა-ს ევროტურნირებს გამოეთიშა, 2023 წლის სეზონის ბოლომდე, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებასა და თასის მოპოვებას შეეცდება. ამ მომენტისთვის, „დინამო თბილისი", ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის მე-4 საფეხურზეა და გორის „დილას" მსგავსად, 34 ქულა აქვს. 6 აგვისტოს, მე-19 ტურშიც სწორედ, ეს გუნდები უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს, თუმცა, გორის „დილას" თხოვნით, რომელსაც 10 აგვისტოს, უეფა-ს კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა აქვს გასამართი, ეს მატჩი გადაიდო და შესაბამისად, კარასკოსაც, მეტი დრო მიეცა გუნდთან გასაშინაურებლად. ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით, „დინამო თბილისის" პირველ ოფიციალურ შეხვედრას, 13 აგვისტოს, „პეტრო არენაზე", გასვლაზე, „გაგრას" წინააღმდეგ გამართავს.