ქართული კლუბებიდან უეფა-ს ევროტურნირების გათამაშებაზე ის კლუბი შემორჩა, რომლისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გორის „დილამ", უკრაინულ „ვორსკლას" უმასპინძლა და ორი შეხვედრის ჯამში მომდევნო ეტაპზე გავიდა. ახლა, უეფა-ს კონფერენს ლიგის მომდევნო, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდის მეტოქე, კვიპროსული „აპოელია" რომლის ღირსებასაც გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი იცავენ.
„მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრს არ ვიმხიარულებთ და მეტოქეს ამით არ გავანაწყენებთ. კარგად ვითამაშეთ, მატჩს ვაკონტროლებდით, თუმცა გოლების გატანას ვერ ვახერხებდით. ტაიმის ბოლოს გატანილმა, დიდი ძალა მოგვცა. ჩვენ თვითრწმენა მოგვემატა, მათ დააკლდათ. დავინახეთ, რომ სწორი გზით მივდიოდით და დავიჯერეთ, რომ მატჩის მოგება ოვერტაიმის გარეშე შეგვეძლო. მეტოქემ, 1 გოლის უპირატესობით შენარჩუნება სცადა. გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ გუნდი, რომელიც დაცვიდან თამაშობს და ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობს, სივრცეებს ბოლომდე ვერ კეტავს. ადამიანური ფაქტორი მაინც მუშაობს - სადღაც ფეხბურთელი ვერ ჩაასწრებს, სადღაც საჭიროდ ვერ იმოქმედებს. ასეც მოხდა - მომენტები შეგვექმნა და ძალიან კარგია, რომ მათი გამოყენება შევძელით", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ დემჩენკო.
შეხვედრაში, რომელიც გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე გაიმართა, ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ოთარ ფარულავამ გახსნა. 71 წუთზე, უკვე მიკოლა კოვტალუკის გოლით, რომელმაც პირველ შეხვედრაშიც გაიტანა, „დილა", ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, თუმცა, უკრაინელებმა 3 წუთში, ერთი ბურთი გაქვითეს. ორი შეხვედრის ჯამში, საყაიმო ანგარიში, 3-3 იყო და თამაში დამატებითი დროისკენ მიდიოდა. თუმცა, აქ, 86-ე წუთზე გეილმა ვარდნაში დაასწრო მეკარეს და ბურთი „ვორსკლას" კარში გადაგზავნა, 3-1. ორი შეხვედრის ჯამში კი, დილა 4 წუთით ადრე, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 4-3 დაწინაურდა. დემჩენკოს გუნდმა, მოახერხა დარჩენილ დროში, ანგარიშის შენარჩუნება და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
„ვერ ვიტყვით, რომ შეხვედრაზე გავლენა ერთმა ეპიზოდმა მოახდინა. მთელი თამაში პრესინგს ვთამაშობდით, ვცდილობდით, მეტოქისთვის ფიქრის დრო არ მიგვეცა და უბრალოდ, ბურთი წინ მოეგერიებინათ. ამით ბურთსაც ვიბრუნებდით და მოწინააღმდეგეს თვითრწმენას ვუმცირებდით. გეგმამ იმუშავა, გოლები გავიტანეთ და ჩვენმა მცველებმა თავი ვორსკლას შეტევებს გაართვეს. მოლოდ ერთ ეპიზოდში, როცა უბრალოდ, წინ არტყამდნენ ბურთს და თავით მოგებას ცდილობდნენ, ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ კონტროლი მალევე დავიბრუნეთ", - ამბობს დემჩენკო.
მომდევნო ეტაპზე „დილა" პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე" (ამ მომენტისთვის 99%-ით ასეა დაგეგმილი) 10 აგვისტოს გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი, 17 აგვისტოს კვიპროსზე გაიმართება.
მოიგო ყაზახეთში ქუთაისის „ტორპედომაც" 1-2, თუმცა ქუთაისელებს, მომდევნო ეტაპზე გასავლელად, პირველი თამაშის დროს განცდილი მარცხი წამოეწიათ და ორი შეხვედრის ჯამში, გათამაშების მიღმა დარჩნენ. „აქტობესთან" საპასუხო შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა 31-ე წუთზე გახსნეს და ეტყობა თავს ზედმეტად დამშვიდების უფლებაც მისცეს, რადგან მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 8 წუთიან მონაკვეთში, ჯერ გიორგი არაბიძემ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ირაკლი ბურღიძემ, ქუთაისელები წინ გაიყვანა. თუმცა, მეტის გაკეთება ქართულმა გუნდმა ვეღარ შეძლო, ამასთან გუნდი 10 კაცით დარჩა (მსაჯებმა ნიკა სანდოხაძე ორი ყვითელის გამო გააძევეს) და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი შეხვედრის ჯამში გათამაშებას გამოეთიშა.
მალტის „ჰამრუნთან", უეფა-ს კონფერენს ლიგაზე გადმორთული „დინამო თბილისი", პირველი დაპირისპირებიდან განსხვავებით, სადაც გუნდს სახე არ ჰქონდა, დღეს, ფეხბურთს თამაშობდა, ბურთსაც ფლობდა 82% და რამდენჯერმე კარის მიმართულებითაც დაარტყა, ორი მომენტი გააფუჭა ზორან მარუშიჩმა, მეკარესთან პირისპირ გასულმა ანზორ მექვაბიშვილმა უბრალოდ ის ვერ გააკეთა რაც გორში გეილიმ, გიორგი ხარაიშვილმა ძელი შეაზანზარა, თუმცა, გუნდმა გოლი ეგრევე ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, მალტელები სულ რამდენჯერმე აღმოჩნდნენ თბილისელთა კარის წინ და იშვიათი შესაძლებლობებიდან ერთი შანსი პირველი ტაიმის მიწურულს გამოიყენეს. მეორე ტაიმში, თბილისელები მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის, „ჰამრუნი" კი, გოლის ავტორის გარეშე დარჩნენ. ფაქტია, რომ სიტუაცია, ყველა ზემოთხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით, არც მეორე ტაიმში შეცვლილა, თუმცა, თბილისელებმა 10 კაცით დარჩენილი „ჰამრუნის" კარში, გოლი, ასევე ვერ გაიტანეს. როგორც ჩანს, „დინამო თბილისს", სახლში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ასტანასთან" სახლში განცდილი მარცხი, ჯერ კიდევ გამოყოლილი აქვს და გუნდი, დალაგებას ვერ ახერხებს.
„ასტანასთან" მარცხი უიღბლობა იყო, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ამჯერად, გარკვეული პრობლემები იყო, ტრავმებთან, ახალი ფეხბურთელების დამატებასთან დაკავშირებით. ძალიან რთულია ტრანსფერები, ჩვენც ვეძებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი მიზეზის გამო არ გამოდის, ზოგი მოთამაშე უარს ამბობს აქ თამაშზე. ზოგადად, ჩემპიონთა ლიგიდან უფრო მარტივია კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშო, მაგრამ იქიდან გამოვარდნის შემდეგ შეიძლება წნეხი შეიქმნა გუნდში, რაც პრობლემა იყო", - იტყვის მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილის თანაშემწე გიორგი დეკანოსიძე, რომელიც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მედიასთან გამოცხადდა.
მატჩის სრული ფოტო-ამბავი
ამ ეტაპზე, რთული სათქმელია, დღევანდელი მარცხის შემდეგ, როგორ განვითარდება ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ გუნდში მოვლენები, მანამდე კი, ქართული ფლაგმანის გულშემატკივართა გულის გასახეთქად, „დინამო თბილისი" კვლავ ევროტურნირებს მიღმა დარჩა.
სტატიაში გამოყენებულია გორის „დილას" და ქუთაისის „ტორპედოს" ფოტოები