ხასიათი და სახასიათო 10 წუთი, თუმცა დაგვიანებით...
ხასიათი და სახასიათო 10 წუთი, თუმცა დაგვიანებით...
01.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 25 დღით ადრე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში, ლიეტუვას ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ილიას ზუროსი, თამაშამდე იძახდა, რომ დღევანდელი თამაში, იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, გვენახა, თუ სად ვართ რეალურად კონკრეტულ მომენტში.

ამის სანახავად კი, საქართველოს ნაკრებმა, ტოპ-ევროპული კლუბი შეარჩია და საბოლოოდ, მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ მიუხედავად განსხვავებული მეოთხედებისა, ამოცანას არც თუ ურიგოდ გაართვა თავი. პირველი მომენტი, რაზეც პირადად ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ, საქართველოს ნაკრების მხრიდან ჩაგდებული 102 ქულაა, საიდანაც 30 კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ანგარიშზე მოდის. ამასთან თოკომ, რომელიც ორივე გუნდში საუკეთესო იყო 7 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნაც მიიწერა ანგარიშზე.


„მოსამზადებელი თამაში იყო. დასანანია, რომ წავაგეთ. ამ თამაშებს უფრო პოზიტიურად უნდა შევხედოთ. უნდა ვისწავლოთ, როგორ დავიწყოთ უკეთესად თამაში. არ უნდა მივცეთ მეტოქეს, ბევრი ქულით გაქცევის საშუალება, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მომეწონა ის იყო, რომ თამაშის მეორე ნახევარში მოვახდინეთ რეაგირება. უფრო აქტიურად ვიყავით დაცვაშიც და თავდასხმაშიც. ამ ყველაფერმა, შედეგი გამოიღო", - იტყვის თორნიკე შენგელია მატჩის დასრულების შემდეგ.




მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ზუროსმა „გაბედა" და გუნდში რამდენიმე ახალ სახეს დაუძახა, მაგალითად, ლუკა ლიკლიკაძეს, რომელსაც ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ შეხვედრაში სათამაშო დროც მისცა. ახალგაზრდა კალათბურთელმა კი, საკმაოდ დადებითად გაართვა თავი. ქართველმა, მართალია ქულა ვერ აიღო, თუმცა, 3-3 მოხსნა და გადაცემა გაიფორმა. საკმაოდ საჭირო დროს, რატი ანდრონიკაშვილმაც, გააკეთა ის, რასაც მისგან გუნდი ელის, მცირე, უმნიშვნელო დეტალები, თუმცა, რეალურად გადამწყვეტ მომენტში, რომ თამაშში გაბრუნებს.


„ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინეთ. შეიძლება წავაგეთ, მაგრამ ვიყავით 15-20 ქულით უკან, მაგრამ დავბრუნდით თამაშში და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მატჩის ბედი ბოლო წამებამდე მიგვეყვანა. ვამაყობ ბიჭებით, რადგან ძალიან ბევრი გუნდი დანებდებოდა, მაგრამ ჩვენ, ყველა ერთად შევიკარით, ტაიმ-აუტებზე ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მაქსიმუმი უფრო მეტად გამოგვეცადა. ჩემი აზრით, მეორე შეხვედრის კვალობაზე, თამაშმა კარგად ჩაიარა. წინ კიდევ ბევრი შეხვედრები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო შევეწყობით ერთმანეთს",  - ამბობს სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ლიეტუვასთან შეხვედრაში, ქართული გუნდიდან შედეგიანობით მეორე იყო. მის ანგარიშზე, 19 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაფიქსირდა.




რადგან, მოთამაშეების სტატისტიკას შევეხეთ, ისიც ვთქვათ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი თამაში სტაბილური იყო გიორგი შერმადინი, საბოლოოდ, 18 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და თად მაკფადენი, რომელმაც იმავე რაოდენობის ქულები დააგროვა, თუმცა მხოლოდ  3 მოხსნა და 2 ასისტი მიიწერა, ამასთან მაკფადენმა 9-დან 5 ზუსტი სამქულიანი ისროლა.  ისე, რადგან სიტყვამ პერიმეტრიდან აღებული ქულები მოიტანა, ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს, ზუროსის განაცხადში მყოფი კალათბურთელებიდან, 3-ქულიანი ზონიდან სროლა საერთო ჯამში, შვიდმა კალათბურთელმა გაბედა. სულ, ასეთი მცდელობა იყო 23, საიდანაც ზუსტი 11.  კიდევ ერთ გარემოება, ჩვენ, შედარებით გავაქტიურდით მეორე ტაიმში, მათ შორის პერიმეტრიდან. თუმცა, მიუხედავად ამისა, პერიოდების მიხედვით, მხოლოდ ერთი, ბოლო მეოთხედის მოგება მოვახერხეთ. ამასთან, გადამწყვეტი მეოთხედი, -17 ქულით დავიწყეთ. აქაც, თავიდან არაფერი გამოგვდიოდა, თუმცა, კარგი თამაშის ფრაგმენტები, დროული წუთშესვენებების ხარჯზე ნელ-ნელა მასპინძლების აღელვების საბაბად გადაიზარდა, მეტოქის გუნდში იმატა ხარვეზებმა, გაფუჭებულმა საჯარიმოებმა, მოკლედ, ლიეტუვამ დაიწყო ისე თამაში, როგორც საქართველოს ნაკრებმა პირველი სამი პერიოდი ითამაშა და ყოველივე ამის ფონზე, ზუროსის გუნდმა გამოიჩინა ხასიათი, სიმტკიცე და მატჩის ძირითადი დროის დამთავრებამდე 24 წამით ადრე, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში 102-102 დააფიქსირა. შეხვედრა, გადატენილი დარბაზის თანდასწრებით, ოვერტაიმში, რომ გადასულიყო, ზუროსის ნაკრებს თავი უნდა კარგად დაეცვა. თან, „უჯარიმოდ". რეალურად, გუნდმა ეს გააკეთა, თუმცა, ტაბლოზე შეხვედრის ბოლო მათასედი წამი იწყებოდა, მასპინძლები, რომ ფართან „გაგვეპარენ" და 2 ქულით შეხვედრა მოიგეს, 104-102.


და ბოლოს რა დავინახეთ დღევანდელი თამაშიდან და რა დასკვნა გავაკეთეთ ჩვენ, „რიგითებმა". პირველი, რომ გუნდს აქვს ხასიათი, თუმცა, კარგია, თუ, ამ ხასიათს ბოლო წუთებისთვის არ გადადებენ. მეორე ის, რომ არის უამრავი ლაფსუსი, განსაკუთრებით დაცვაში, რომელიც წესით გამოსწორებადია და ურომლისოდაც, მსოფლიო ჩემპიონატზე ძლიან გაგვიჭირდება. მესამე,  არაა გამორიცხული, რომ ჩაგდებული პირველი ტაიმი, ამხანაგური მატჩის ხასიათსაც დავაბრალოთ და ბოლოს, მეოთხე, ეს ყველაფერი, ალბათ, ზუროსს და მის შტაბს, თბილისში დაგეგმილ ტურნირზე, რომელიც 12-13 აგვისტოს გაიმართება, უკვე მინიმუმამდე უნდა ჰქონდეს დაყვანილი. მანამდე, კი საქართველოს ნაკრები, ბალტიისპირეთში, 5 აგვისტოს, კიდევ ერთ ამხანაგურ სპარინგს, ამჯერად ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.



(c) კალათბურთის ფედერაციის ფოტოები