მარიბორში დღეს, ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად დაიხურა
მარიბორში დღეს, ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად დაიხურა
30.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, სლოვენიის ქალაქ მარიბორში, ევროპის ახალგაზრდულ რიგით XVII ოლიმპიურ ფესტივალზე ბოლო საასპარეზო დღე იყო და მორიგი მედლების დღე ჩვენი ჯუდოკებისთვის. ამჯერად, საქართველოს ძიუდოს ვაჟთა და გოგონათა შერეულმა ნაკრებმა გუნდური შეჯიბრის ბრინჯაოს მედალი მოიგო.

საქართველოს ნაკრები ტატამზე თამარ გიგოლაევას, თორნიკე გიგაურის, ნონა დოლიაშვილის, გიორგი ბენდელიანის, ლიზი ქვარცხავას, შოთიკო გოჩიაშვილისა და ნინო პაპიძის შემადგენლობით ასპარეზობდა. ქართველებმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყეს და თავდაპირველად ბულგარეთი 4-3, შემდეგ სლოვენია 4-2 დაამარცხეს, თუმცა, 1/2 ფინალში აზერბაიჯანელების ბარიერი ვერ დაძლიეს და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში, ე.წ. დამატებით დროში 3-4 დასთმეს.


მედლებისთვის ბრძოლა ჩვენმა გუნდმა რეპეშაჟიდან გააგრძელა. ბრინჯაოს მედლებისთვის კი, უნგრეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით 4-0 მოიგო.




დღესვე, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიამდე, ჩვენთვის არანაკლებ საინტერესო ღონისძიება გაიმართა - „სამართლიანი თამაშის" პრიზით დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც ყურადღების ცენტრში ქართველი სპორტსმენი მათე გველესიანი მოექცა. ალბათ გახსოვთ, ჩვენი ძიუდოისტი, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიაზე, ტრავმირებული ხორვატი მეტოქე კვარცხლბეკამდე ხელში აყვანილმა გაიყვანა.




საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ძიუდოისტისთვის პრიზის გადაცემის გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს.


საერთო ჯამში, მარიბორში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე (14-დან 18 წლამდე ევროპის საუკეთესო სპორტსმენთათვის განკუთვნილი მულტისპორტული შეჯიბრი), ქართულმა გუნდმა 9 სახეობაში 31 სპორტსმენით იასპარეზა და 48 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა. ქართველების სათვალავში 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია. რომელსაც ტურნირის ბოლო დღეს კიდევ ერთი შერეული გუნდური ბრინჯაო დაემატა ძიუდოში.


ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: შოთა ბაჩოშვილი (ძიუდო, -50 კგ.), მერაბ სამადაშილი (ძიუდო, -55 კგ.), მათე გველესიანი (ძიუდო, -66 კგ.), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი ბენდელიანი (ძიუდო, -81 კგ.) და საბა გველესიანი (ძიუდო, -90 კგ.), ძიუდოისტმა შოთიკო გოჩიაშვილმა (+90 კგ.) და ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.





სეოკ-ის ფოტოები