დღეს, საქართველოს თასის ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა
დღეს, საქართველოს თასის ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა
29.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, მიხეილ მესხი 2-ზე თბილისის „ლოკომოტივმა", დავით ყიფიანის საქართველოს თასის 1/8 ფინალში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „დინამო თბილისს" უმასპინძლა. დინამოელებს, რა დასამალია და მალტაში განცდილი მარცხის დაღი ამ შეხვედრაშიც ემჩნეოდათ, შესაბამისად სათასო მატჩში მოგება, მათთვის უფრო ფსიქოლოგიური ღირებულების იყო და ამასთან, გუნდი თასის გათამაშების 1/4 ფინალშიც გავიდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ოსეი ბარნსმა გაიტანა. „დინამო თბილისმა" მინიმალური ანგარიშით 0-1 (მატჩის სტატისტიკა) მოიგო, თუმცა, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩის წინ, რომელიც აუცილებლად მოსაგები აქვთ, ხასიათი მცირედით გამოისწორა. დღევანდელ შეხვედრაში, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს დავით სხირტლაძე, ჯიმი ტაბიძე, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი უმნიშვნელო ტრავმების გამო აკლდნენ გუნდს. თორნიკე კირკიტაძეს კი, კიდეv ორი კვირა ტრავმის მოშუშება მოუწევს.

დღეს, თასის გათამაშების კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა:


„კოლხეთი" ხობი - „სამგურალი" 1-3

„ბეთლემი" - „კოლხეთი 1913" 1-2

„ირაო" - „მეშახტე" 0-0 / დამატებითი 1-1, 6-5 პენალტები


ხვალ, 30 ივლისს დავით ყიფიანის თასის გათამაშების კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. 16:30 / „სიონი" - „დინამო" ბთ

20:00 / „თელავი" - „საბურთალო"


1/8 ფინალური ეტაპის კიდევ ორი შეხვედრა, ქუთაისის „ტორპედოსა" და გორის „დილას" მონაწილეობით გადატანილია და შესაბამისად 7 და 12 სექტემბერს გაიმართება.


7 სექტემბერს, 15:30 საათზე „სპაერი", ქუთაისის „ტორპედოს" შეხვდრება. 12 სექტემბერს კი,  „გარეჯი", გორის „დილას" 15:30 საათზე უმასპინძლებს.