მორიგი მედლები მარიბორიდან, ორო კვლავ ძიუდოისტების და ერთიც ტანმოვარჯიშის ანგარიშზეა. ვინაიდან, ძიუდოში უკვე ნორმად ვთვლით მედლებს, სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური, როგორც -- ფესტივალის მორიგი საასპარეზო დღის მიმოხილვას სწორედ, ქართველი ტანმოვარჯიშის გამოსვლით დავიწყებთ.
ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ დღეს, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ტაიჭზე ფინალურ ასპარეზობაში მსაჯებისგან 13.300-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც საბოლოოდ მესამე შედეგი აღმოჩნდა.
დღეს დაასრულეს ინდივიდუალურ ჩათვლაში ასპარეზობა ქართველმა ჯუდოკემბმა. საერთო ჯამში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ჩვენმა ნაკრებმა, 6 მედალი, მათ შორის 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მოიპოვა, ვაჟთა შორის არაოფიციალური გუნდური პირველი, საერთო ჩათვლაში (გოგონები და ბიჭები ერთად) კი, მეორე ადგილი დაიკავა..
-90 კგ წონით კატეგორიაში ოქროსთან ახლოს იყო საბა გველესიანი, თუმცა, ფინალში აზერბაიჯანელ ძიუდოისტთან დამარცხდა. საბამ, შეჯიბრი მეორე წრიდან დაიწყო და იპონით შვედეთის წარმომადგენელი დაამარცხა. მომდევნო შეხვედრებში, ორ-ორი ვაზარით, მონტენეგროელი და ესპანელი მეტოქეები დაამარცხა და ფინალშიც გავიდა. თუმცა, იქ, როგორც აღვნიშნეთ, აზერბაიჯანელთან ორი ვაზარით დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედლით ბრუნდება სამშობლოში. სხვათა შორის, ეს წონითი კატეგორია სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.
+90 კგ წონით კატეგორიაში, 1/2 ფინალში თურქეთის წარმომადგენელთა წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ასპარეზობა შოთიკო გოჩიაშვილმა. ბრინჯაოს მედლისთვის ქართველი ბერძენს ძიუდოისტს დაუპირისპირდა და წმინდა გამარჯვება მოიპოვა.
დღესვე იასპარეზეს ძიუდოისტმა გოგონებმა. -70 კგ წონით კატეგორიაში ლიზი ქვარცხავამ, პირველ წრეში ბელგიელ მეტოქესთან გამარჯვებას მიაღწია, თუმცა, მეორე წრეში ავსტრიელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა. +70 კგ წონით კატეგორიაში, ნინო პაპიძე პირველ წრეში ფრანგ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, თუმცა, მაინც მოხვდა რეპეშაჟში. სადაც ასევე წააგო რუმინელ თანატოლთან.
უროს ტყორცნაში ფინალური შეჯიბრი მე-11 შედეგით (55.20 მ) დაასრულა ნოდარ კახელაშვილმა.
50 მეტრზე თავისუფალში საკვალიფიკაციო გაცურვა წარუმატებელი გამოდგა ანა ნიჟარაძისთვის, რომელმაც დისტანცია 00.28,23 წამში დაფარა.
ფესტივალის დასრულებამდე, საქართველოს ნაკრებს სათვალავში 7 მედალი აქვს. ხვალ, ფესტივალის ბოლო საასპარეზო დღეს შეჯიბრები ოთხ სახეობაში გაიმართება. მათ შორის ძიუდოში - შერეული გუნდური, ტანვარჯიშში, მძლეოსნობასა და ჩოგბურთში.
სეოკ-ის ფოტოები