ძიუდოისტების მორიგი მედალი მარიბორიდან
ძიუდოისტების მორიგი მედალი მარიბორიდან
28.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მართალია ამჯერად, მხოლოდ ვერცხლი, თუმცა, ქართული გუნდის სათვალავში ძიუდოისტებმა კიდევ ერთი მედალი ჩადეს. -81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ბენდელიანმა, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამოსვლა ეფექტური იპონით დაიწყო და საბოლოოდ, ვერცხლის  მედალით დაასრულა. ბენდელიანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. როგორც უკვე გითხარით, იპონით დაამარცხა ისრაელელი და ჩეხი მეტოქეები, ნახევარფინალში გასული ვაზარით ბულგარეთის წარმომადგენელს სძლია. ფინალში, ბენდელიანი თურქ სელიმ არი ემირთან ორი ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.


მარიბორში, XVII ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედლის მოგება შეეძლო -73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ქავთარაშვილსაც, თუმცა, ჩვენებურმა ბრინჯაოს ფინალში, ბენდელიანის მსგავსად, თურქ მეტოქესთან წააგო.


დღეს, -63კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა გოგონათა ნაკრების წევრმა ნონა დოლიაშვილმაც, რომელიც პირველ წრეში დანიელ მეტოქე დაამარცხა, თუმცა მომდევნო შეხვედრაში, ჩეხეთის წარმომადგენელთან დამარცხდა.




მე-8 შედეგით დაასრულა ფინალური გაცურვა 100 მეტრზე ბატერფლაიში ანა ნიჟარაძემ.  


100 მეტრზე ბრასით ცურვაში საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ გადალახა სანდრო ქვილორიამ. 01.09,39 შედეგი ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.


საგზატკეცილო ველოსპორტში რუსლან ბაბილოძემ მე-60, არჩილ უნდილაშვილმა 61-ე და გიორგი გაბრიჩიძემ 62-ე ადგილები დაიკავეს.


მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა საქართველოს 3X3-ზე ნაკრები კალათბურთში. ამჯერად, გერმანიასთან და უკრაინასთან განცდილი მარცხის შემდეგ, ჩვენებურები გუნდი პოლონეთთან დამარცხდნენ.


ბადროს მტყორცნელმა ვაჟა მარტყოფლიშვილმა ასპარეზზობა მე-9 ადგილით დაასრულა.


და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მარიბორში, ქართულ გუნდს, 4 მედალი, მათ შორის ერთი ვერცხლი და 3 ოქრო, ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზეა.

 


სეოკ-ის ფოტოები