დღეს, დილიდან ბათუმში „მღელვარებაა" და არა მხოლოდ, ბათუმის პორტში შემოსული საკრუიზო გემის მიზეზით. ქართულ მედიაში ბათუმელთა გულშემატკივრების კლუბისა და „დინამოს" წერილობითი „დუელი" გაიმართა. „პირატებმა" 25 ივლისს, საკუთარი სოციალური ქსელით შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელეს:
„დინამო ბათუმის ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენს წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000 მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი, არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.
ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუ კი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა".
შემდეგი ნაბიჯი ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადადგა და კლუბის ფეისბუქ-გვერდით საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა:
„მინდა გამოვეხმაურო დინამო ბათუმის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ეტაპზე ეს კლუბი და მისი ინტერესები არის, იყო და იქნება ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობს დინამო ბათუმის თითოეული გულშემატკივარი, რადგან ეს კლუბი ეკუთვნის ბათუმს და ბათუმელებს.
ჩემი და ჩემი მეგობრების კლუბში მოსვლის დღიდან დღევანდელობამდე ჩვენ ერთად ბევრი სირთულე გადავლახეთ და გუნდისგან, რომელიც არსებობისთვის იბრძოდა ჩამოვაყალიბეთ ბრძოლისუნარიანი და ძალიან წარმატებული კლუბი. დინამო ბათუმი ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველთვის იბრძოდა და დღესაც იბრძვის ჩემპიონობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში. ჩვენი კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებების და ბათუმში შექმნილი ჭეშმარიტი საფეხბურთო ზეიმის გამოძახილი არის ის, რომ აჭარის რეგიონმა და კერძოდ ბათუმმა ძალიან ბევრი საერთაშორისო სპორტული ჯილდო თუ აღიარება მოიპოვა. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა და გულშემატკივრის ოცნებები რეალობად აქცია.
აქვე მინდა შევეხო მთავარი მწვრთნელის საკითხს... ბატონი გია გეგუჩაძის წვლილი დინამო ბათუმის ბოლო პერიოდის წარმატებებში არის განუზომელი. ისევე როგორც ჩვენი ფანკლუბის - "პირატები"-ს თითოეული წევრის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ცალკეულ ადამიანებს და კომპანიებს უანგარო მხარდაჭერისთვის: კლუბის საპატიო პრეზიდენტს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, ლიქსინ გრუპს, კროკობეთს, ევროპაბეთს და სხვა უამრავ ადამიანს ვინც სხვადასხვა ეტაპზე დინამო ბათუმის დახმარების სურვილს გამოთქვამდა და გამოთქვამს. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი სიხარული და იმედგაცრუება გამოვიარეთ.
გასული წლის ბოლოს თქვენთან ერთად განვლილი 5 წელი შევაჯამეთ და ახალი მიზნები დავისახეთ, მთავარ მიზნად საქართველოს ეროვნული ლიგის მოგება და კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ჩემპიონების რანგში აღნიშვნა განვიზრახეთ. ასევე ჩვენი ჯერაც აუხდენელი ოცნების - დინამო ბათუმის საფეხბურთო აკადემიის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა დავაანონსეთ. მინდა ავღნიშნო, რომ ორივე მიზანი გეგმაზომიერად ხორციელდება, გუნდი ეროვნულ ლიგაში პირველ საფეხურზეა, დინამო ბათუმის აკადემიიდან კი ახლახან პირველ გუნდში ჩვენი კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი დავით ფაღავა დაწინაურდა.
ძვირფასო გულშემატკივრებო მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოკრძალებული აზრით მიმდინარე ეტაპზე ჩვენს ერთობაში ნებისმიერი რყევა და განხეთქილება იქნება დამაზიანებელი კლუბისათვის და დაგვაშორებს მთავარ მიზანს. შედეგების შეფასების დრო, ევროსეზონის გათვალისწინებით აუცილებლად გვექნება სეზონის ბოლოს და დარწმუნებული ვარ ერთად დავსახავთ უფრო ამბიციურ მიზნებს და აუცილებლობის შემთხვევაში ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება.
აქვე მინდა დავძინო, რომ კლუბის მენეჯმენტი და პირადად მე მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჯგუფთან შესახვედრად და დინამოში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ".
შემდეგი განცხადება კვლავ „პირატებს" ეკუთვნით, რომლებმაც უკვე კატეგორიული გადაწყვეტილების შესახებ, ტრიბუნიდან წასვლის შესახებ განაცხადეს:
„ვინაიდან და რადგანაც "დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ არ მიიღო ჩვენი აზრით გონივრული გადაწყვეტილება, საჭიროდ ჩავთვალეთ, პირველებს ისევ ჩვენ გვემოქმედა.
კლუბის ხელმძღვანელობასთან და სტაფის წარმომადგენელთან შეხვედრა "ტირანასთან" მატჩის შემდგომ, მეორე დღესვე გავმართეთ. მიღებული პასუხები ჩვენთვის არადამაჯერებელი და მიმდინარე რეალობასთან აცდენილი იყო, თუმცა მოვითათბირეთ და გუნდისთვის გონივრული ვადის მიცემა გადავწყვიტეთ, შედეგად კი ვეტერანებთან შეხვედრა გვთხოვეს. აქვე დიდი პატივისცემა ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, თუმცა შეხვედრას შეხვედრისთვის არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ.
2011 წელს, როდესაც ფანკლუბი ფუძნდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, თუ ამ ფრაზის დაწერა მოგვიწევდა - პირატები ვტოვებთ ტრიბუნას! ვტოვებთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი არ დაგვემშვიდობება".
აქვე გვინდა აღვნიშნოთ - თუკი ვინმეს სურვილი აქვს მივიდეს სტადიონზე, უმორჩილესად გთხოვთ - პირატების ატრიბუტიკის გარეშე!".
დღის ბოლოს კი, კვლავ კლუბმა, ადმინისტრაციის სახელით გაავრცელა პასუხის პასუხის პასუხი:
„თავს ვალდებულად მივიჩნევთ კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ჩვენი ფანკლუბის - შავი ზღვის პირატების მიერ გაკეთებულ განცხადებას დინამოს მატჩების ბოიკოტის შესახებ და საზოგადოებას განვუმარტოთ მოცემული ვითარება.
კლუბის მენეჯმენტის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მხოლოდ ვეტერან ფეხბურთელებთან შეხვედრის შეთავაზებას. ჩვენი შეთავაზება ითვალისწინებდა ცალკეულ ფორმატში კლუბის მენეჯმენტთან, ფეხბურთელებთან, სამწვრთნელო შტაბთან და პრეზიდენტთან შეხვედრას რაზეც ყველა ეტაპზე მივიღეთ უარი, რაც აღნიშნული პროცესის მიზანმიმართული პერსონალიზაციის განცდას გვიჩენს.
კლუბის მენეჯმენტის მხრიდან დიალოგის კონსტრუქციულ და სადისკუსიო რეჟიმში გადაყვანის არაერთი მცდელობის მიუხედავად მივიღეთ მხოლოდ ტენდენციური და ნეგატიური უკუკავშირი, რაც ჩვენი აზრით კლუბის ინტერესებს ვნებს და აზარალებს
ძალიან სამწუხაროა, რომ ფანკლუბის მხრიდან სხვა გულშემატკივრის მიმართ ისმის მატჩების ბოიკოტის და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის არ გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მოწოდებები.
კლუბის მენეჯმენტი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ხედავს იმედს ვიტოვებთ, რომ ფანკლუბის წევრები გაითავისებენ ზემოაღნიშნულ მოცემულობას და კლუბის ინტერესებს პირად შეხედულებებზე მაღლა დააყენებენ".
შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებიდან გამოთიშვის შემდეგ, ბათუმის „დინამოს" უახლესი ოფიციალური თამაში 30 ივლისს, ბოლნისში, საქართველოს დავით ყიფიანის თასზე, „სიონის" წინააღმდეგ უწევთ.