სანქცია, პოლიტიკა და ფეხბურთი
სანქცია, პოლიტიკა და ფეხბურთი
27.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს დილით, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ბათუმის პორტში, რუსი ტურისტებით გატენილი თურქული საკრუიზო გემი შევიდა, დაახლოებით, დილის 9 საათისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყაზახური „აქტობე", როგორც იქნა მიიღო. გუნდს, რომელსაც უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის  „ტორპედოს" წინააღმდეგ დღეს, 21:00 უწევს თამაში, საქართველოშია.


უეფა-ს პროტოკოლის მიხედვით, „აქტობე" ქუთაისში გუშინ უნდა დაშვებულიყო და გუნდს, მატჩის წინ ევარჯიშა. თუმცა, GCAA-მ, რომელმაც მოგვიანებით ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა ჩარტერულ რეისს, რომლითაც ქართული გუნდის ყაზახური მეტოქე უნდა ჩამოფრენილიყო სანქცირებული ავიაკომპანიების სიაში მყოფი კომპანია ასრულებდა.




„საფეხბურთო კლუბ აქტობეს საქართველოში ჩამოფრენასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა უნდა განეხორციელებინა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO), რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა.


ახალი განაცხადით, რეისს შეასრულებს ყაზახური ავიაკომპანია "SCAT Airlines"-ი, რომელზეც უმოკლეს ვადებში, მომართვიდან ორ საათში გაიცა ნებართვა სააგენტოს მიერ. გაცნობებთ, რომ ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 08:45 საათზე ჩამოფრინდება", - ნათქვამია  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.


თავის მხრივ, ყაზახურმა კლუბმა, ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა მომხდარის მისეული ვერსია და მის თარგმანს გთავაზობთ უცვლელად:




„ყაზახეთის საფეხბურთო საზოგადოებასა და „აქტობეს" გულშემატკივართა საყურადღებოდ


დღეს, 26 ივლისს, დილის 11:00, სკ „აქტობეს" დელეგაცია გეგმავდა ჩარტერული რეისით აქტობე - ქუთაისი გაფრენას, რათა მონაწილეობა მიეღო უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში „ტორპედო" - „აქტობე", რომელიც ქ, ქუთაისში (საქართველო) 27 ივლისს, აქტობეს დრით 22:00 საათზე უნდა გაიმართოს. 


საჰაერო ხომალდის ტიპი და ბორტის ნომერი, რეისის ნომერი, რომელიც ჩარტერულ ფრენას ასრულებდა, შესაბამისი დოკუმენტებით, ქართულ მხარეს დროულად გადაეგზავნა კლუბის პარტნიორი ტურისტული კომპანია „სანჟარ ტურ"-ის მიერ, რომელიც ბოლო ხუთი წლის მანძილზე, საფეხბურთო კლუბი „აქტობეს" ავაიაგადაყვანებს ასრულებს.


თუმცა, 26 ივლისს, დილით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებმა, გამოგვიგზავნეს შეტყობინება უარი, მიზეზის აუხსნელად, რომლის მიხედვითაც საჰაერო ხომალდს ქუთაისის აეროპორტში დაჯდომის უფლებას არ აძლევდნენ. მომდევნო სწრაფ მოლაპარაკებას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. სკ „აქტობე" დარჩა სახლში და ამჯერად მატჩის წინა ვარჯიშს ატარებს „ცენტრალნი" სტადიონზე".


ამ მომენტისთვის მთელი მარშრუტის მანძილზე ყველა შესაბამის სტრუქტურასთან შეთანხმებულია საჰაერო ხომალდის ფრენა სკ „აქტობეს" დელეგაციით.


ხვალ, 27 ივლისს, დილის 9:00 საათზე, სკ „აქტობეს" დელეგაცია სხვა საჰაერო ხომალდით გაფრინდება ქუთაისში.


მოვუწოდებთ გულშემატკივრებს, რომლებიც გასვლით მატჩზე კლუბის საქომაგოდ არიან გამგზავრებულნი შეინარჩუნონ სიმშვიდე და საზოგადოებაში ქცევის ნორმები. გვჯერა, რომ რა სირთულეებიც, არა მხოლოდ საფეხბურთო ხასიათის, არ უნდა შეგვხვდეს გზად, ჩვენი გუნდი, ყაზახეთში საუკეთესო გულშემატკივართან ერთად, აუცილებლად  და ღირსეულად გადალახავს მათ. 


„აქტობე" მადლობას უხდის, სკ „ტორპედო" (ქუთაისი) ადმინისტრაციას აღმოჩენილი ექსტერნული დახმარებისთვის აღნიშნული საკითხის მოგვარებისას".


შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე ქუთაისში, რამაზ შენგელი არენაზე, „ტორპედო" - „აქტობეს" დაუპირისპირდება. ცნობილია, ისიც, რომ მას შემდეგ რაც „ტორპედოს" ფიროსმანის ნახატებით გაფორმებული ფორმები „კარგად დასცადა", ქუთაისელთა ახალი მწვრთნელი ინიციატივა, გუნდს გასახდელში დახვდეს საქართველოს დროშა, ფეხბურთელებს კარგად წაადგებათ, მითუმეტეს, რომ საპასუხო მატჩის წინ, რომელსაც ყაზახების „ჩარტერის" ინციდენტი უსწრებდა, კაცმა არ იცის, რა საპასუხო ნაბიჯს ამზადებს ქართული კლუბის მეტოქე.