უკრაინელი ქალი მოფარიკავე ოლგა ჰარლანი ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატიდან მხოლოდ იმის გამო მოხსნეს, რომ მან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც მოიგო ხელი არ ჩამოართვა მეტოქეს. თავის მხრივ მეტოქე ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე რუსი ანა სმირნოვა იყო.
უკრაინელმა, რუსი 15-7 დაამარცხა. რუსმა უკრაინელს ხელი გაუწოდა, თუმცა, უკრაინელმა მას რაღაც მიაძახა და ფარიკაობის ბილიკიდან გავიდა. შემთხვევა მილანში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) წესებისა და პროტოკოლის შესაბამისად, შეხვედრის დასრულებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეტოქეები ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ. გამომდინარე აქედან, რუსმა გადაწყვიტა ბილიკი არ დაეტოვებინა და დიდი ალბათობით, ამ ხერხით, უკრაინელისთვის „ადგილი" მიეჩინა. თუმცა, მანამდე თავად, თითქმის ერთი საათის მანძილზე გაუკეთა „ოკუპაცია" ადგილს, ფარიკაობის ბილიკზე, ვითომდა უკრაინელისგან ხელის ჩამორთმევის მოლოდინის მიზეზით. ტურნირის ორგანიზატორებმა, მას სკამიც კი მიუტანეს, თუმცა, როგორც უკრაინული nikvesti.com - ი იტყობინება, „ოკუპანტი, ასევე ვერ ეღირსა, უკრაინელისგან ხელის ჩამორთმევას".
აღსანიშნავია, რომ ზემით ხსენებული წესებით უკრაინელ სპორტსმენს დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა, ორგანიზატორები მხოლოდ მისი ტურნირიდან მოხსნით შემოიფარგლნენ და გამარჯვება ოფიციალურად უკრაინელს ჩაუთვალეს. აქვე, დავაზუსტებთ, რომ მომდევნო ეტაპზე უკრაინელის მეტოქეს, ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვლება.
უკრაინული დელეგაცია შეეცადა, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ოლგა ჰარლანის ტურნირიდან მოხსნა გაეპროტესტებინა, თუმცა, FIE-მ აღნიშნული პროტესტი არ მიიღო. სხვათა შორის, ოლგა, იმ უკრაინელ სპორტსმენთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც ცოტა ხნის წინ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების შესაძლებლობა გააპროტესტეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ მომენტისთვის სოკ-მა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მოწვევა მსოფლიოს 203 ქვეყანას გაუგზავნა და ჯერ-ჯერობით მათ შორის არ არიან რუსეთი და ბელარუსი. ამასთან, ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის 14 ივლისს გამოაქვეყნა ცნობა, რომ 26 ივლისს, ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქვეყნებს გაეგზავნებოდათ ოფიციალური მოწვევები და დასაპატიჟებელ ქვეყნებს შორის არ იქნებოდნენ რუსეთი და ბელარუსი.
ფოტო: ©nikvesti.com / Oleg Derenuga