შოთა ბაჩოშვილმა და მერაბ სამადაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ჰიმნი ორჯერ ააჟღერეს. ქართველ ძიუდოისტების ამ წარმატებაზე ჩვენ უკვე გიამბეთ და ისიც გითხარით, რომ ამ დღეს, ჩვენმა გუნდმა სპორტის კიდევ 4 სახეობაში სცადა ბედი.
დღესვე, სპორტულ ტანვარჯიშში, ვაჟებს შორის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა, სადაც ქართველმა ტანმოვარჯიშემ დაჩი დოლიძემ, შთამბეჭდავად იასპარეზა ტაიჭზე, შემდგომ პარალელურ ორძელზე და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ახლა მას, ფინალში 28 ივლისს მოუწევს გამოსვლა.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღე, წარუმატებელი გამოდგა ჩოგბურთელთა ტურნირის მეორე წრეში გასული ელენე ხუბუასთვის, რომელიც ესპანელ თანატოლთან ორ სეტში (4-6, 3-6) დამარცხდა და ფესტივალზე ასპარეზობა დაასრულა.
ორიდან ორი წაგება ჰქონდათ 3X3-ზე კალათბურთელებს (ირაკლი ახალაია, ნიკოლოზ გურგენიძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ანდრია მდინარაძე). ჩვენი გუნდი ჯერ უკრაინასთან დამარცხდა 11-21, შემდეგ, გერმანიასთან 12-21.
საგზატკეცილო ველოსპორტში გიორგი გაბრიჩიძემ 54-ე, რუსლან ბაბილოძემ 78-ე და არჩილ უნდილაშვილმა 79-ე ადგილი დაიკავა.
24 ივლისს, კვალიფიკაციაში გასვლის შემთხვევაში დღეს, ცურვაში 200 მ ბრასი -ლუკა ქვილორიას და 200 მ ბატერფლაი - ანა ნიჟარაძესაც უნდა ეასპარეზათ, თუმცა, ჩვენებმა, საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლა ვერ მოახერხეს.