როცა იმედი ბოლოს კვდება...
როცა იმედი ბოლოს კვდება...
26.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისმა" ისევ წააგო. მიუხედავად იმისა, რომ უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადართულმა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ასტანასთან" ბოლო მატჩისგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და გუნდმა, რეალურად 5 მცველი ითამაშა, საბოლოოდ, დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო, შეხვედრის მე-80 წუთიდან ორი გოლი გაუშვა და უკვე ზედიზედ მეორედ, შეხვედრას, რომელსაც იგებდა 2-1 წააგო. ყველაზე დასანანი კი, ისაა, რომ შეცდომები შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა დაუშვა. თუმცა, მხოლოდ მასზე ჯოხის გადატეხვაც არ იქნება სწორი, რადგან მთლიანობაში გუნდმა საშინელი მატჩი ჩაატარა და თუ არ ჩავთვლით, მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე ზორან მარუშიჩის გოლს, მის მიერ ორჯერ ძელს გარტყმულ ბურთს და ერთსაც კამარას მცდელობას კარის აღების, „დინამო თბილისს" ბურთის „დაჭერის" გარდა, არც არაფერი გაუკეთებია. ამას ალბათ, სხირტლაძის ტრავმას და საპასუხო თამაშის წინ დიდი რაოდენობით ყვითელი ბარათებიც შეგვიძლია დავამატოთ, რომლებსაც ბოსნიელი მსაჯი, ნაღდად, განსაკუთრებით, ქართული გუნდისთვის არ იშურებდა.

„თამაში რთული გამოდგა. ეს პირველი მატჩია და ვიმედოვნებ, რომ ამის გამოსწორებას თბილისში, განმეორებით შეხვედრაში შევძლებთ. წაგების მიზეზებზე საუბარი ახლა, ვფიქრობ, არ ღირს, რადგან ამაში კარგი ანალიზი დაგვეხმარება, მაგრამ ვხდები, რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც შედეგზე აისახა - ეს ცვლილებების დროსაც მოხდა. ტრავმამ ბევრი გაუთვალისწინებელი შეცვლა გვაიძულა.


თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს თამაში ჩემი დაგეგმილი იყო და, ვფიქრობ, რაც ჩავიფიქრე, არ გამომივიდა. შეხვედრა ამიტომ დავთმეთ. ვეცდებით, თბილისში თამაში უკვე სხვაგვარად დავგეგმოთ, დაპირისპირების ბედი შემოვაბრუნოთ და შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ", - ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი, დინამოელთა თბილისში გამოფრენის წინ, კლუბის პრეს-სამსახურისთვის გაკეთებულ კომენტარში.


იმ ფონზე, რა თამაშებსაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანი მიმდინარე სეზონში ატარებს, მათ შორის ეროვნულ ლიგაზე, რთული დასაჯერებელია, რომ კლუბში, რაიმე რადიკალურად (შესაძლოა ეს მოხდეს ერთჯერადად, თუნდაც, 29 ივლისს, „ლოკომოტივთან" სათასო შეხვედრაში) გამოსწორდეს. მიუხედავად ამისა, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, იმედს იტოვებს, რომ 3 აგვისტოს, თბილისში, „დინამო არენაზე" ქართული კლუბი მოახერხებს გამარჯვებას, მალტის „ჰამრუნის" ბარიერის დაძლევას და მომდევნო ეტაპზე გასვლას.