მადლობა „დინამოს“ - სიგუა „განვითარების“ ახალ ეტაპს იწყებს
მადლობა „დინამოს“ - სიგუა „განვითარების“ ახალ ეტაპს იწყებს
25.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გაბრიელ სიგუა უკვე ოფიციალურად, „ბაზელი 1893-ის" ფეხბურთელია. „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილმა ახალ კლუბთან კონტრაქტს ხელი 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერა. შვეიცარულ კლუბში 18 წლის ქართველი 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ჩემს კარიერაში დღეს ახალი ეტაპი დაიწყო და ამით, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. ამასთან ერთად უნდა დავემშვიდობო კლუბს, სადაც ყველაფერი დაიწყო. „დინამოში", 12 წლის ასაკში აღმოვჩნდი და ახლა, კლუბს პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსით ვტოვებ. ეს ყველაფერი შეუფასებელია და მადლობელი ვარ ამისთვის. ეს არის კლუბი, სადაც ყველაფერი ვისწავლე და პირველად შევიგრძენი ჩემპიონობის ემოცია.


მადლობას ვუხდი კლუბში მყოფ ყველა პიროვნებას ვინც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩემს განვითარებაში მცირე წვლილი მაინც შეიტანა. გემშვიდობებით დინამოელებო, თუმცა, არა სამუდამოდ, მე ყოველთვის დავრჩები „დინამოს" რიგით ქომაგად და იმედს ვიტოვებ, მომავალში ერთმანეთს კვლავ შევხვდებით. ჩვენი ქალაქი, ჩვენი გუნდი!", - ასეთი შინაარსის სტატუს გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ საკუთრ სოციალურ ქსელში ფეხბურთელმა.



გაბრიელ სიგუას დებიუტი „დინამო თბილისის" ძირითად გუნდში 2022 წლის საფეხბურთო სეზონში შედგა და ელიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა მაშინ, 9 შეხვედრა ჩაატარა. 2023 წლის სეზონზე, სიგუას „დინამო თბილისის" მაისურით 16 მატჩი აქვს გამართული და 3 გოლი გატანილი. ამას გარდა, სიგუას გოლით, საქართველოს თასის სუპერთასის ფინალში „დინამო თბილისმა" თამაშის პენალტების სერიაში გადაყვანა მოახერხა, მოგვიანებით კი, სწორედ, მისი გატანილი პენალტი აღმოჩნდა თბილისური კლუბისთვის 2023 წლის პირველი ტროფეის მომტანი.


„გაბრიელი, რეალურად ქართულ ფეხბურთში ტალანტია. 18 წლის ასაკისთვის მას იდეალური ფიზიკური მონაცემები აქვს და ამასთან 190 სმ სიმაღლისაა და შეუძლია ძალისმიერი თამაში. მოხარულები ვართ, რომ მისი სახით შევიძინეთ ხარისხიანი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელსაც უკვე მაღალი დონის საერთაშორისო გამოცდილება აქვს",  - ამბობს ჰაიკო ფოგელი, „ბაზელი 1893"-ის სპორტული დირექტორი.



შვეიცარული „ბაზელის" ოფიციალური გვერდი სიგუას წარდგენისას ხაზს უსვამს, რომ ფეხბურთელმა, რომელსაც 18 წელი სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა, „დინამო თბილისთან" ერთად ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა და მათ შორის ორი, „ასტანას" წინააღმდეგ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე სადაც გოლის გატანაც მოახერხა.


„მოხარული ვარ, რომ „ბაზელთან" გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება მოვახერხე. ეს, მსოფლიოში ცნობილი კლუბია და ბუნებრივია, ყველაზე პოპულარული შვეიცარიაში. დარწმუნებული ვარ, რომ აქ, პირადი განვითარებისთვის მომდევნო ნაბიჯს გადავდგამ. FCB მომდევნო განვითარებისთვის ჩემს მსგავს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ძალიან კარგ შანს აძლევს", - ამბობს გაბრიელ სიგუა, ახალი კლუბისთვის გაკეთებულ კომენტარში.


მემარჯვენე, შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში - „დინამოს" გარდა, ფეხბურთელმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩაატარა მატჩი. 2023 წელს კი, მას დებიუტი ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა მონღოლეთის წინააღმდეგ - წერს სიგუას პრეზენტაციისას „ბაზელის" ოფიციალური ვებ-გვერდი.


გაბრიელ სიგუას წარდგენა



სტატიაში გამოყენებულია www.fcb.ch მასალა