საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი ბრინჯაოს მედლებით დაასრულა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ჩვენი გოგონები მალტის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 5-ბურთიანი სხვაობით, 46-51 (მატჩის სრული სტატისტიკა) იმარჯვეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებმა პირველი მეოთხედი ერთი ქულით, 10-9 დათმეს, მეორეში, მოინდომეს, 8-16 მოიგეს და დიდი შესვენებაზე 7 ქულის უპირატესობით გავიდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 18-25 იყო, ქართველთა სასარგებლოდ.
მეორე ტაიმის ორივე მეოთხედში ქართველთა გუნდმა მოახერხა ანგარიშში უპირატესობის შენარჩუნება და ეს, მიუხედავად იმისა გააკეთა, რომ მესამე პერიოდი, 15- 13 წააგო, ბოლო კი ფრედ, 13-13 ითამაშა. მარგი ქმედების კოეფიციენტით თუ ვიმსჯელებთ, ქართველთა გუნდში, ამ დღეს საუკეთესო გვანცა შარიქაძე იყო. აი, შედეგიანობით კი, 24 ქულა სალომე სვანის ანგარიშზეა, რომელმაც ორივე გუნდში, ამ მატჩში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამასთან სალომემ, ბოლო თამაშში, 5 მოხსნა, 5 მოპარვა და 2-იც ასისტი მიითვალა.
სხვათა შორის, სალომე სვანი, C დივიზიონის დასკვნითი (მესამე ადგილი და ფინალი) თამაშების წინ MVP-ის ტიტულისთვის იბრძოდა და ხმების 56 % -ით ლიდერობდა კიდეც. ფიბა-ს ოფიციალურ სტატიკაშიც, სადაც მოთამაშეების პირადი სტატისტიკაა მოცემული, სალომე 80,4 % -ით გრძელი სიის სათავეში იყო, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ ტურნირის საუკეთესო ხუთეულში დასახელდა. C დივიზიონის MVP კი, აზერბაიჯანელი ელა ნურ გიოკჩოლი გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში 19 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტი ჩაიწერა.
დივიზიონი კი, იმ აზერბაიჯანის გოგონათა ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ჩვენი გუნდის დამარცხება სულ რაღაც 2 ქულით, 1/2 ფინალში მოახერხა. ფინალში, ჩვენმა მეზობლებმა 46-57 ტურნირის მასპინძელი ანდორას გუნდი დაამარცხეს და მომავალი სეზონიდან ერთი დივიზიონით დაწინაურდნენ.