ქართული კლუბებიდან ევროტურნირებს ბათუმის „დინამო“ გამოეთიშა
ქართული კლუბებიდან ევროტურნირებს ბათუმის „დინამო“ გამოეთიშა
21.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უკვე მომდევნო კვირაში გორის „დილა", ქუთაისის „ტორპედო" და „დინამო თბილისი" რომელმაც 1 წუთში დაშვებული გაუმართლებელი შეცდომების გამო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგიდან კონფერენს ლიგაზე გადმოინაცვლა, უკვე უეფა-ს ამ გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.

„დილა", უკრაინულ „ვორსკლას" შეხვდება. 21-ე საუკუნეში რუსეთის აგრესია გამოვლილი ორი ქვეყნისა და კონკრეტულად ორი რეგიონის გორისა და პოლტავას გუნდები უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველი შეხვედრას 27 ივლისს, ნეიტრალურ მოედანზე პოლონეთში გამართავენ. საპასუხო მატჩი კი, აგვისტოს დასაწყისში, 3 აგვისტოს უკვე გორში გაიმართება. მანამდე კი, ქართული გუნდის უკრაინელი მწვრთნელის ანდრეი დემჩენკოს გუნდმა სლოვაკური „დუნაისკა სტრედა" 2-0 დაამარცხა  (მატჩის სტატისტიკა ) და ორი შეხვედრის ჯამში ერთი ბურთის სხვაობით 3-2 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ გორელები საპასუხო შეხვედრაში ბევრად უფრო მობილიზებულები.


„როგორც სლოვაკეთში, ისე გორში, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, ვცდილობდით, ბურთი ჩვენ გვქონოდა. უბრალოდ, ბიჭებმა პირველ მატჩში საკუთარი ძალების ბოლომდე ვერ ირწმუნეს, ფსიქოლოგიურად, თავდაჯერება გვაკლდა. დღევანდელ თამაშში, კი თავდაჯერება იგრძნობოდა - ინიციატივას ვფლობდით, ბურთი ჩვენი იყო, გოლის გასატანად უამრავი შანსი გვქონდა", - იტყვის დემჩენკო მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან შეხვედრაზე. სხვათა შორის, პირველ გოლამდე, რომელიც გორელთა ლეგიონერმა გალემ 33-ე წუთზე გაიტანა, ქართულ გუნდს კარის მიმართულებით უკვე ექვსჯერ ჰქონდა დარტყმული, სლოვაკურს კი არც ერთხელ. ვერ ვიტყვით, რომ „დუნაისკა სტერდას" არ ჰქონდა მომენტი, თუმცა, „დილამ" მაქსიმალურად მობილიზება მოახერხა, და ძირითად დროში არა მხოლოდ თავის დაცვა, არამედ, მეორე გოლის გატანაც შეძლო, 78-ე წუთზე სანტოსმა გაიტანა.


მომდევნო ეტაპზე გორელები 27 ივლისს, როგორც უკვე გითხარით „ვორსკლას" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა, პოლონურ ტიხიში თბილისის დროით 21:30 დაიწყება და მას ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის (მთავარი მსაჯი - ნიკოლა პოპოვი, მას დაეხმარებიან გეორგი ტოდოროვი, მარტინ ვენევი და მეოთხე მსაჯი იქნება ივაილო სტოიანოვი).


27 ივლისს, ზემოთ აღნიშნულ შეხვედრამდე ნახევარი საათით ადრე დაიწყება მატჩი ქუთაისში, „რამაზ შენგელია არენაზე", რომელშიც „ტორპედო", ყაზახურ „აქტობეს" დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის უეფა-ს ვებგვერდი მატჩზე მომსახურე მსაჯების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ამ მატჩამდე კი, ქუთაისელებმა, საკმაოდ პრინციპული და რთული დაპირისპირება მოიგეს ბოსნია და ჰერცეგოვინაში. საპასუხო მატჩის წინ, ქუთაისში, „სარაევოს" გულშემატკივართან დაკავშირებული ინციდენტი აქტუალური თემა იყო. შესაბამისად, ადგილობრივების მხრიდან, ქართული გუნდისთვის ესეც კიდევ ერთი დამატებითი ზეწოლის ფაქტორი იყო. ვერ გეტყვით ეს გახდა თუ არა მიზეზი, მატჩის საწყის წუთებზე გაშვებული გოლის, თუმცა ფაქტია, რომ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს მე-12 წუთზე და შეხვედრის ძირითადი დროის პირველ კომპენსირებულ წუთამდე თავი ქუდშიც ეგონათ, მაგრამ... მაგრამ აქ, გიგაურის თავურს, მორიგი და ალბათ, უფრო სპეციალურად აღებული საჯარიმოს შემდეგ, ვერაფერი გაუკეთეს. „ტორპედომ" ანგარიში გაათანაბრა და ორი შეხვედრის ჯამშიც, ანგარიშიდან 3-3 გამომდინარე თამაში დამატებით დროში გამოვიდა. აქ, ძირითადად გიორგი არაბიძის მიმართ უხეშობები უფრო დაგვამახსოვრდა და კიდევ რამდენიმე უსიამოვნო მომენტი ქართული გუნდის კართან, თუმცა, თამაშიდან მეტი გოლი აღარ გასულა. როგორც ჩანს, ქართული სუპერთასის დროს „პენალტების სერიაში" ვარჯიში ქუთაისურ გუნდს კარგად წაადგა. პირველი პენალტი ფილიპ კლიაიჩმა აიღო და „ტორპედომ" „ფორა" შეიქმნა. ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა, მერე გიული მანჯგალაძემ, გიორგი ქობულაძემ და ჯერი კლიაიჩზე დადგა, რომელმაც მეორე პენალტი მოიგერია. მომდევნო ეტაპზე გასავლელი საგზური კი გუნდს, შეცვლაზე შემოსულმა კაბალიერომ მოუტანა. „ტორპედომ" პენალტების სერიაში 2-4  (შეხვედრის სრული სტატისტიკა) მოიგო და სარაევოში, სავსე სტადიონი დაადუმა.


მატჩამდე ბევრი ამბიცია, ცინიზმით აღსავსე „კრიტიკა" ქართულ ჩემპიონატში უშუალო კონკურენტი „დინამო თბილისის" მიმართ, რომელმაც 20 ივლისის უეფა-ს კონფერენს ლიგის სათამაშო დღემდე, ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრა წააგო 1-2 ყაზახურ „ასტანასთან" და დიდი ალბათობით, მეტოქის შეუფასებლობა იყო განწყობა, რომლითაც ბათუმის „დინამო", სახლში, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე ალბანურ „ტირანას" დაუპირისპირდა. შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. ალბათ, ბათუმელთაგან გიორგი ზარიას და შემდეგ უკვე შეცვლაზე შემოსულ მათე ვაწაძეს თუ გამოვარჩევდით, რა თქმა უნდა, ანტონ ჩიჩკანთან ერთად, რომლის დიდი ალბათობით, ჩანაცვლებაზეც (როინ კვასხვაძეთი), გია გეგუჩაძე თუ არა, ბათუმელთა მიმართ სიმპათიებით გამსჭვალული მედია, უკვე ღიად ოცნებობს. ჩიჩკანის დამსახურებით, ამ შეხვედრაში ბათუმელებმა მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს, თამაშში კი, რომლის ძირითად დროსაც 8 წუთზე მეტი დაემატა, მხოლოდ თორნიკე კაპანაძის გოლით დაბრუნდნენ, რომელიც თამაშში, მხოლოდ 81-ე წუთზე შემოვიდა. ფაქტია, რომ ბათუმელებმა, იმავე ანგარიშით 1-2 (მატჩის სრული სტატისტიკა ) დასთმეს საპასუხო შეხვედრა, როგორც „დინამო თბილისმა" და განსხვავებით, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისგან, ასპარეზობას გამოეთიშნენ.


და ბოლოს, რადგან სიტყვამ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი" მოიტანა, რომელმაც უპატიებელი 1-წუთიანი მონაკვეთის გამო, მეტოქეზე მოხვეული საკუთარი თამაში და უპირატესობა გაანიავა, მომავალ კვირაში უეფა-ს კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას და 25 ივლისს, მალტაში, „ჰამრუნს" დაუპირისპირდება. Ta' Qali-ის ეროვნულ სტადიონზე, შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მას „ტორპედოზე" განაწყენებული ბოსნია და ჰერცეგოვინას მსაჯთა ბრიგადა მილოშ გიგოვიჩი (მთავარი მსაჯი), დამირ ლაზიჩი, ამერ მასიჩი  (ასისტენტები) და ანტონი ბანდიჩი (მეოთხე მსაჯი) განსჯის.