პარიზში - 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქში გაიმართა ოლიმპიური მისიების ხელმძღვანელთა 5-დღიანი სემინარი, რომელშიც 196 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოდან მომავალი ოლიმპიადის დედაქალაქს სტუმრობდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი და საერთაშორისო ერთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.
სემინარის დღეებში გამართული პლენარული სხდომები მიეძღვნა დელეგაციის წევრთა აკრედიტაციის, განთავსების, ტრანსპორტირების, ბილეთებით უზრუნველყოფის, თამაშების გახსნისა და დახურვის, მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. სემინარის დელეგატებმა მოინახულეს მშენებარე და უკვე დასრულებული ოლიმპიური საწვრთნელი და საშეჯიბრო ობიექტები, ოლიმპიური სოფელი, მოისმინეს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელების, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელთა დეტალური ინფორმაციები ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე. სეოკ-ის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ის არენები, სადაც ასპარეზობა მოუწევთ ჩვენს ძიუდოისტებს, ძალოსნებს, მოფარიკავეებს, მოჭიდავეებს.
პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტონი ესტანჯემ ოლიმპიური მისიების ხელმძღვანელებს გააცნო თამაშებამდე დარჩენილ პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოების გეგმა, ისაუბრა საფრანგეთისთვის და პარიზისთვის ამ ოლიმპიადის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ მზადება გეგმის მიხედვით მიდის და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული.
სემინარის ფარგლებში გაიმართა მიღებები პარიზის მერიის და საფრანგეთის მთავრობის სახელით, დელეგატები ასევე მიწვეულნი იყვნენ ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე.
სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ელგუჯა ბერიშვილის თქმით, ეს იყო საინტერესო დისკუსიებით და შეხვედრებით დატვირთული ხუთი დღე: „ჩვენ შევეცადეთ მიგვეღო მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენთვის საინტერესო ყველა საკითხზე. პლენარულ სხდომებთან ერთად, თითოეული დეტალის დასაზუსტებლად გამოვიყენეთ დამატებითი შეხვედრები ცალკეული სამსახურების წარმომადგენლებთან. სემინარის დღეებში არაერთი ასეთი შეხვედრა გავმართეთ, მათ შორის - ჩვენს უშუალო კოორდინატორთან, რომელთანაც მომავალშიც აქტიური კომუნიკაცია გვექნება.
ასევე შევხვდით საფრანგეთში საქართველოს ელჩს, ბატონ გოჩა ჯავახიშვილს, მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია. შევთანხმდით, რომ ოლიმპიადამდე დარჩენილ დროში ჩვენი თანამშრომლობა მოემსახურება მთავარ მიზანს - მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართველ სპორტსმენებს და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრებს წარმატების მიღწევაში."
სეოკ-ის უახლოეს აღმასკომის სხდომაზე აღმასკომის წევრებს და სპორტულ ფედერაციებს წარედგინებათ დეტალური ინფორმაცია ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელთა სემინარის შესახებ.