ერთ წუთში დამსხვრეული ოცნება, იმედი. აბსოლუტური სიცარიელე და განწყობა, როდესაც ვერც კი ბრაზდები. მორიგი დეჟავიუ და მოჯადოებულ წრეზე სიარული. „დინამო არენაზე" დღეს, დაახლოებით 15000 გულშემატკივარი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი თამაშიდან გამომდინარე იმ იმედით მივიდა, რომ „დინამო თბილისი", „ასტანას" ბარიერს დაძლევდა.
პირველი ტაიმის შემდგე, რომელიც „დინამომ", 22-ე წუთზე კამარას გატანილი გოლით მოიგო ეს იმედები გაორმაგდა. მითუმეტეს, თუ არ ჩავთვლით შეხვედრის ამ მონაკვეთში გიორგი ლორიას ორ „სეივს", გატანილ გოლთან ერთად თბილისელებმა ბურთი გააკონტროლეს. ორ მომენტში ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა, უფრო ინერტულები იყვნენ, ვიდრე გოლზე ორიენტირებულები.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენ კიდევ გვქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, ხარაშვილმა კარის მიმართულებით ჩააწოდა, სხირტლაძე ბურთს ასცდა, კამარამ კი, ვეღარ ჩაკეტა. ამის შემდეგ, მოხდა ის, რასაც ალბათ, მტერსაც არ უსურვებ, ყველაზე საშინელ სიზმარში. ერთ წუთიან მონაკვეთში „დინამო თბილისმა" ორი გოლი გაუშვა. ამ წუთიანი კოშმარის შემდეგ, გუნდმა კი მოახერხა დამშვიდება, ცვლილებები მოხდა დაცვის ხაზში, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის გაშვებულ გოლებში. გუნდს, ჰქონდა მინიმუმ სამი აშკარა საგოლე მომენტი, რომელთაგანაც ერთში ბურთი ხარიხამ აისხლიტა. თბილისელებმა თამაშით კვლავ აჯობეს მეტოქეს, თუმცა გოლი ვეღარ გაიტანეს და ამ შეხვედრაში 1-2, ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში კი 2-3 დამარცხდნენ და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების გათამაშებას გამოეთიშნენ.
„დინამოელთა გოლმა ცოტა გაგვირთულა მდგომარეობა. გოლამდეც მოედნის ცენტრში მეტოქე გვჯობდა და შეცვლები დაგვჭირდა. მეორე ნახევარში ცვლილებებმა გაამართლა. მატჩის დასასრული რთული იყო, „დინამომ" წნეხის ქვეშ მოგვაქცია, დავუშვით შეცდომებიც, თუმცა მთავარია, რომ მოვიგეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით", - იტყვის მატჩის შემდეგ გრიგორი ბაბაიანი, „ასტანას" მთავარი მწვრთნელი.
სამწუხაროდ, საქართველოში, არა მხოლოდ ფეხბურთში, ნებისმიერ სფეროში, არ იციან, არ უნდათ და არ იღებენ კრიტიკას. განსხვავებული და არგუმენტირებული მოსაზრების შემთხვევაში, ეგრევე მტრის იარლიყებს მოგაკერებენ, "იბუტებიან", ეს უკეთეს შემთხვეაში და უარესში, აქეთ გადმოდიან შეტევაში და გაიძულებენ, იქით უხადო ბოდიში. ასეა თუ ისე, დღეს, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „დინამოელთა" თავკაცმა ისაუბრა მარუშიჩზე, რომელიც, სუპერლიგაზე მიღებული ტრავმის შემდეგ, პირველად გამოვიდა მინდორზე და ისიც ბოლო 13 წუთით (ზორანს კი ჩვენი აზრით, ცოტა დროს სჭირდება „ამოსაქოქად"), თუმცა, არაფერი თქვა დაცვის ხაზის მიერ დაშვებულ გადამწყვეტ შეცდომებზე (მაგალითად, მეორე გოლის მომენტში, რომლის დროსაც მეტოქე, ლორიას კარამდე დინამოელის ესკორტით მივიდა და უძლიერესად დაარტყა. ლორიმ ბურთი აიღო, თუმცა ვერ შეიკავა...)
„პირველად არ ვამბობ ამას: გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გვაქვს, შეგვიძლია ხელიდან მარტივად გავუშვათ ის, რასაც მოვიპოვებთ. ეს არ არის ერთდღიანი პრობლემა, არც ჩემს გუნდში და არც მთლიანად ქართულ ფეხბურთში. ახლა უნდა ვიმუშაო ფსიქოლოგიურად, რომ კონფერენს ლიგის მატჩს კარგ განწყობაზე შეხვდნენ ფეხბურთელები, რადგან ახლა ძალიან დათრგუნულები არიან", - ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი მატჩის დასრულების შემდეგ პრეს-კონფერენციაზე.
ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, ჩვენი დღევანდელი მეტოქის თავკაცმა, თქვა, რომ „ასტანამ" უნდა ისწავლოს, ისეთი თამაშების მოგება, რომელიც მათთვის სასურველად არ მიმდინარეობს. დღეს, მისმა გუნდმა, სწორედ, ასეთი თამაში მოიგო. ჩვენ კი...
ფაქტია, რომ დღეს, კიდევ ერთხელ დაიმსხვრა ოცნება იმ ხალხს, რომელმაც ჯერ მხოლოდ გაბედა სტადიონზე დაბრუნება.. მოვიდა შვილებთან ერთად, რადგან ეს თამაში შეუყვარდეთ ბავშვებს. როდესაც ვამბობთ "გაბედაო", მათ ფიზიკურად ტრიბუნაზე ყოფნას ვგულისხმობთ, რადგან თუ არ ჩათვლით რამდენიმე წუთიან გამოცოცხლებას, სტუმართა გუნდის ქომაგები, დღეს მინდორზე მყოფი „ასტანასგან" განსხვავებით, უფრო აქტიურები და ენერგიულები იყვნენ.
დღევანდელ მატჩამდეც (ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი გვაქვს მხედველობაში) და დღევანდელი თამაშის შემდეგაც, ვიცი, რომ ამ კითხვებზე პასუხს ვერ არა, არ მივიღებთ, ალბათ ცოტა ხანი მაინც. თუმცა, მათზე არა მედიისთვის, კლუბში პასუხები აუცილებლად და სასწრაფოდ გასაცემია, რამეთუ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშვის შემდეგ, დინამოელები ე.წ. „ჩემპიონის გზით" უკვე უეფა-ს კონფერენს ლიგაზე საასპარეზოდ გადაერთვებიან, სადაც 25 ივლის მალტაში, „ჰამრუნთან" უწევთ თამაში.