ხვალ, 19 ივლისს, 20:00 საათზე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა დაიწყება. ყაზახური, 42-გრადისიანი სიცხის შემდგე, თბილისურ სიცხეშიც კი, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა შეუძლებელიც კი უნდა შესძლოს, რომ გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდეს. როდესაც დღეს, მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე, „ასტანას" მთავარ მწვრთნელს, გრიგორი ბაბაიანს ჰკითხეს, რა მიაჩნდა ქართული გუნდის პლიუსებად, ბაბაიანი არც კი დაფიქრებულა ისე უპასუხა - ბურთის კონტროლი, შეტევაში გადასვლა, თავდაჯერება.
„პირველი მატჩი ჩვენთვის ძალიან რთული გამოვიდა, რადგან ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვითამაშეთ და ძლიერ სიცხეში, რასთანაც ადაპტირებულები არ ვართ. მე არ მიყვარს კონკრეტულ მიზეზებზე დაბრალება, თუმცა ის პირველი ტაიმი, რომელიც ყაზახეთში ჩავატარეთ, ძალიან არ მომეწონა და მინდა, რომ ამ გარემოებებს მივაწერო"- ამბობს მოგვიანებით, იმავე დარბაზში მედიასთან შეხვედრისას გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელიც ჩვენი აზრით დღეს, ტრადიციულზე მეტად დაძაბული გვეჩვენა, თუმცა, ამ მდგომარეობის ახსნაც მარტივია. ხვალ, მის გუნდს, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა უნდა.
„დინამო თბილისის" თავკაცი თვლის, რომ ის, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მის გუნდს წილისყრამ მეტოქედ „ასტანა" არგუნა, არც გამართლებაა და არც „უბედურება". ამ წყვილში თანაბარი გუნდები თამაშობენ, მეტ-ნაკლები უპირატესობებით. მაგალითად, თუკი, „ასტანას" ეროვნულ ნაკრებებში გამოცდილების მქონე ფეხბურთელები ჰყავს, „დინამო თბილისში" არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სისწრაფეებზე შეუძლიათ აქცენტირება. თანაც, ამას უკვე საშინაო კედლებში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის საგანგებოდ დაგებულ მინდორზე გააკეთებენ, რომელზეც თბილისელებმა, 2023 წელს ერთი ტროფეი უკვე ასწიეს, ამასთან ახალგაზრდული ჩემპიონატის დროს, კარგადაც გატესტეს.
„ბევრი დიდი გუნდისგან გამიგია, რომ ჩვენ მოედნის (ასტანაში ხელოვნურსაფარიანი მინდორი იყო) გამო უპირატესობა გვაქვს. თუმცა, ასე არ ვფიქრობ მე, რადგან ადაპტაციისთვის, წინა დღით ვარჯიში ყველას აქვს", - ამბობს ბაბაიანი, რომელიც ოდნავ უფრო ადრე ამბობს, რომ „გუნდმა უნდა ისწავლოს ცუდიო თამაშების მოგებაც. ამისთვის, შინაგანი განწყობა, ფსიქოლოგიური განწყობა არის მთავარი. ამ მიმართულებითაც მიდის გუნდში მუშაობა, რადგან ამ მხრივ არის გარკვეულია სირთულეებია. ბევრისთვის ეს არის რაღაც ახალი. არ გვაქვს გამოცდილება და ამ გზის გავლა გვიწევს. გამოცდილებმა, უნდა მისცენ ამის მაგალითი".
ასტანელთა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, ელხან ასტანოვი, რომელსაც პირველ დაპირისპირებაში ცოტა სათამაშო დრო მიეცა, მაგალითად თვლის, რომ თუკი „დინამო თბილისმა" მოახერხა ასტანურ ჰავასთან და სტადიონთან ადაპტაცია, ამის გაკეთება არც მათ გაუჭირდებათ თბილისში. თუკი სტუმართა დღევანდელ, მატჩისწინა პრესკონფერეციას შევაჯამებთ, სტუმრებს, „შეკრული გუნდის" და მოწინააღმდეგის „სახლის" ფაქტორის ეშინიათ. ჩვენ, ვეცადეთ დღეს, გაგვერკვია, ხვალინდელ თამაშზე დასასწრები რამდენი ბილეთია გაყიდული, თუმცა ზუსტი რიცხვი ვერ დავადგინეთ. ხვალ, 19 ივლისს დილის 12:00 საათიდან მატჩის ბილეთები ონლაინ რეჟიმის პარალელურად, სტადიონის სალაროებშიც გაიყიდება.
„ახლა, უკვე საშინაო კედლებში და გარემოში ვართ, სადაც არც ადაპტაციის პრობლემა გვაქვს და გულშემატკივრის მხარდაჭერასაც ველით, რასაც განსაკუთრებული როლი აქვს", - ამბობს „ჭია". გულშემატკივარს, აქტიურობისკენ მოუწოდა გიორგი მოისწრაფიშვილმაც, რომელიც ჭიაბრიშვილის თქმით, „დინამო თბილისის" შემადგენლობაში, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, გუნდის „ბირთვის" ნაწილი და შეცვლაზე მისი შესვლით, დინამოელთა თამაში ძლიერდება. თუმცა, ამისდა მიუხედავად, თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა თავი შეიკავა ეპასუხა მიეცემა თუ არა მოისწრაფიშვილის ძირითადი შემადგენლობიდან თამაშის დაწყების საშუალება.
„პირველ მატჩში გიორგი მოისწრაფიშვილი სათამაშოდ მზად არ იყო. ახლა მანაც ივარჯიშა და ზორან მარუშიჩმაც, თუ რამდენად შეძლებენ ჩვენს დახმარებას ამას უკვე მატჩისწინა ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტთ. თორნიკე კირკიტაძეს, მას სერიოზული ტრავმა აქვს და შესაძლოა მომავალ მატჩებშიც ვერ დაგვეხმაროს", - ამბობს ჭიაბრიშვილი.
მატჩის წინა დღეს, ტრადიციულ პრეს-კონფერენციებზე ორივე გუნდის მთავრმა მწვრთნელმა ისაუბრა მზადყოფნაზე, განწყობაზე, მომავალ მატჩში 100-200%-ით დახარჯვაზე, მეტოქის უფრო „პლიუსებზე", თუმცა, როგორც ჩანს „მინუსები" „თეორიისთვის" შემოინახა.
„პირველ თამაშში „დინამომ" მოახერხა მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობის მოპოვება. „დინამოში" ხარისხიანი და მაღლი დონის შემტევები არიან და ამიტომ შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. ამასთან 200 %-ით დავიხარჯოთ", - ამბობს გრიგორი ბაბაიანი.
და მაინც, რა „პლუსები აქვს „ასტანას", რომელიც ხვალ დინამოელებმა უნდა გაითვალისწინონ - „დინამო თბილისის" ხვალინდელი მეტოქე, რომელთანაც ქართულმა გუნდმა ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი ეტაპის შემდეგ, ასტანადან ქულა წამოიღო, კლუბის ასაკის მიუხედავად საკმაოდ გამოცდილი გუნდია. „ასტანა", ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა, შესაბამისად, გამოცდილებით საკმაოდ აღემატება 21-ე საუკუნის „დინამო თბილისს".
ამის საწინააღმდეგოდ, ალბათ საინტერესოა ქართული ფეხბურთის ფლაგმანს რა უპირატესობები აქვს გულშემატკივრისა და საშინაო კედლების გარდა.
პლიუსი პირველი: „დინამო თბილისი" არის ახალგაზრდა, მოტივირებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი.
პლიუსი მეორე - გუნდში არის გიორგი ლორია, რომელიც დინამოელთათვის, არამხოლოდ ძლიერი მეკარეა, არამედ არის „თავდაჯერებულობა მთლიანად გუნდში". „გიორგი პიროვნულად ძალიან ძლიერი ადამიანია და ამის გამო კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერია, რომელიც ჩემი სურვილით და რომან ფიფიას დახმარებით განხორციელდა. ჩვენთვის მის ტრანსფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მისი იმედი ყოველთვის შეგვიძლია გვქონდეს და არსებული გამოცდილების ხარჯზე, შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩვენთვის ნახევარი გუნდია" , - თვლის ჭიაბრიშვილი.
პლიუსი მესამე - მეტოქის მთავარი ძლიერი მხარის, ჩაწოდების მაღალი ხარისხის საპირწონედ, „გვყავს სხვადასხვა ტიპის მცველები, შესაბამისად, ყველა მათგანის ნახვა შემადგენლობაში შესაძლებელია. გვყავს, როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი და ეროვნულ ნაკრებში პრაქტიკის მქონე მოთამაშეები", - ამბობს ჭიაბრიშვილი.
და ბოლოს, უეფა-ს ევროტურნირები, დაპირისპირებების იმ კატეგორიას განეკუთვნება, სადაც განსაკუთრებით „სტუმრის გოლის" წესის გაუქმების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა პენალტების სერიას ენიჭება. დღეს, პრეს-კონფერენციაზე, ჭიაბრიშვილი ამ თემასაც შეეხო: „პენალტების სერიაზე მუშაობაში კარგი დახმარება ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულმა ახალმა ტურნირმა, სუპერთასის განახლებული ფორმატმა შეგვიწყო. ერთია, როცა პენალტების შესრულებაში ვარჯიშობ და მეორე, როცა ამას რეალურად, მატჩის დროს აკეთებ. ფსიქოლოგიურად, ეს გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია".
შეგახსენებთ, რომ ხვალ, „დინამო არენაზე" შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. „დინამო თბილისისა" და „ასტანას" დაპირისპირებას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. შეხვედრის მთავარი მსაჯი 40 წლის სტიუარტ ატველი იქნება. მას ასისტენტობას სტიუარტ ბარტი და ნილ დევისი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი, ჯონ ბრუქსი იქნება.
MD1 -ის ფოტო-ამბავი