ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გუნდს შეკრებიდან ხვალ, 17 ივლისს, 12:00 საათის შემდეგ „გაანთავისუფლებს". მანამდე, დიდი ალბათობით, გუნდის წევრებთან შეკრებაზე და სომხეთის ქალთა ეროვნული ნაკრების შეკრების პერიპეტიებზე ისაუბრებს, მისცემს რჩევებს და დიდი ალბათობით, დავალებებს. ქალთა ეროვნული, 2023 წლის სექტემბრიდან, უეფა-ს ახალი ტურნირისთვის, ქალთა შორის ერთა ლიგისთვის ემზადება. ახალი მწვრთნელიც, ჩვენს გუნდს დაახლოებით იმ პერიოდიდან ჰყავს, რაც საქართველოს ქალთა ეროვნულის ახალ ტურნირში მონაწილეობის დრო მოახლოვდა.
„ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები არ არიან მიჩვეულები სამდღიანი ინტერვალით ორი მატჩის ჩატარებას. გარდა ამისა, რთულია ერთი და იგივე გუნდის წინააღმდეგ თამაში, რადგან მეტოქე შენ შესწავლას ახერხებს. იყო შეცდომები, თუმცა ეს დასაწყისია და გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს. მათ შორის მენტალური, ტექნიკური და ტაქტიკური კუთხით. ბევრი დრო არ გვაქვს, მაგრამ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ და ფეხბურთელები ინდივიდუალურ დავალებებს შეასრულებენ. დასაწყისისთვის კარგი იყო, თუმცა გუნდთან ერთად, მეტი დრო გვჭირდება", - ამბობს ირისი, მეორე სპარინგ-მატჩის დასრულების შემდეგ.
უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის, სადაც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები C2 ჯგუფში თურქეთის, ლუქსემბურგისა და ლიეტუვას ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს, ანტმანის გუნდი 13 დღიან შეკრებაზე იმყოფებოდა და ორი ამხანაგური ტექსტ-მატჩიც გამართა სომხეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებთან, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნულ ტურნირზე, ისრაელის ნაკრებთან ერთად მოხვდა ჯგუფში. შესაბამისად, საქართველოსა და სომხეთის ქალთა ნაკრებების თამაშს, ებრაელი სპეციალისტებიც გულდასმით აკვირდებოდნენ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თამაშს, სომხეთთან ჩატარებული მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, გუნდს, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, ხასიათი დაეტყო. ცდილობს იბრძოლოს და წარმატებული იყოს. პირველი სპარინგის შემდეგ, რომელიც 13 ივლისს, „მიხეილ მესხი 2"-ზე გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა 5-0 მოიგო, დღეს გუნდს ცოტა უფრო დაძაბულობა და დაღლილობა ეტყობოდა. თუმცა, ქალთა ერთა ლიგის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენს ნაკრებს, 22 სექტემბრიდან 5 დეკემბრის (უეფა-ს ქალთა ლიგის თამაშების განრიგი) ჩათვლით, სწორედ, ამ ფორმატში მოუწევთ ასპარეზობა. შესაბამისად, გრაფიკს და თუნდაც, ღამის განათებაზე თამაშსაც მიჩვევა უნდა.
პირველი თამაშისგან განსხვავებით, დღეს, სომხებმა, რიგ მომენტებში მოახერხეს ბურთის გაკონტროლება და ერთ-ერთი შეტევის დროს, 36-ე წუთზე, ოქსანა პიზლოვამ, გოლიც კი გაიტანა - ისარგებლა რა ჩვენი მეკარის მცირედი შეცდომით და მცველების უყურადღებობით, დასწრებაზე კარგად ითამაშა. თუმცა, ამ გოლამდე, მიხეილ მესხის ცენტრალურ მოედანზე, თამაშის საყურებლად მოსულმა გულშემატკივარმა, მე-17 წუთზე თეონა ბაქრაძის სტანდარტიდან გატანილ გოლი აღნიშნა. სხვათა შორის, ტაიმის მიწურულს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდათ სტუმრებს, თუმცა, თათია გაბუნიან, ბურთი ზედ ხარიხადან კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა.
სხვათა შორის, სომხეთის ნაკრებთან ჩატარებული პირველი თამაშისგან განსხვავებით, დღეს, შემადგენლობაშიც მცირედი ცვლილებები იყო. პირველი მატჩისგან განსხვავებით, სადაც გუნდს ხატია ჭყონია გამოუძღვა, დღეს, გუნდის კაპიტანი, ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი გამოცდილი მოთამაშე, ანა ჩემინავა იყო. გუნდის სამწვრთნელო შტაბში, აგვიხსნეს, რონ ნაკრებს ორი კაპიტანი ჰყავს და ისინი, გუნდს თამაშებზე მორიგეობით უხელმძღვანელებენო.
ორი გოლი გავიდა მეორე ტაიმში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა გაზარდა და ალბათ, მეტი გოლის გატანაც შეეძლო. თუმცა, გოლები 51-ე წუთზე ნათია დანელიამ, 57-ე წუთზე კი, თინათინ ამბალიამ გაიტანეს. შეხვედრა 3-1 საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
კიდევ ერთი გარემოება, რის აღნიშვნაც გვინდა, სომხეთის ქალთა ნაკრებთან ჩატარებულ 2 სპარინგში სამმა ფეხბურთელმა, ბაქრაძემ, დანელიამ და ამბალიამ ორივე თამაშში გოლების გატანა მოახერხეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 16 ივლისის მატჩში: თათია გაბუნია, გვანცა ქადაგიშვილი, სოფიკო ნარსია, მარიამ კალანდაძე, ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, თეონა ბაქრაძე, ანა ჩემინავა, თინათინ ამბალია, სალომე გასვიანი, ხატია ჭყონია (ნინო ბუხრიკიძე / მაიკო ბებია).
სათადარიგო: თეონა სუხაშვილი, ეკა თაბაგარი, ანა ჯოჯუა, ნინო გუჯაბიძე, მარიამ ცისკარიშვილი, ნათია წოწერია, ელენე ჩიქოვანი
მსაჯები: ხათუნა მაისურაძე, ასისტენტები - ქეთი გაიპარაშვილი, სოფო რიჟამაძე, მეოთხე მსაჯი - ვიკა სახურია
რედაქტირებული 15:31 - მატჩის სრული ფოტო-ამბავი