ჯუნიორ ნბა-ს B ლიგის გამარჯვებული დენვერ ნაგეტსის სახელის მოთამაშე იბერი გახდა
ჯუნიორ ნბა-ს B ლიგის გამარჯვებული დენვერ ნაგეტსის სახელის მოთამაშე იბერი გახდა
14.07.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

2 დღის წინ ჯუნიორ ნბა-ს A ლიგა დასრულდა, დღეს კი, B ლიგაში გამოვლინდა ჩემპიონი. აქვე დავაანონსებთ, რომ ხვალ, 15 ივლისს, C ლიგის გამარჯვებულიც გვეყოლება, რაც აღნიშნულ ტურნირს ყველაზე მასშტაბურს ხდის ქართულ რეალობაში. ამ სეზონის ჯუნიორ ნბა-ს ძირითად ტურნირებში, რომელიც A, B და C ლიგებს მოიცავს, 90 გუნდი მონაწილეობდა, თუმცა A ლიგაში მოსახვედრად, დიდი მოთხოვნილების გამო, საკვალიფიკაციო ტურნირების გამართვა გახდა საჭირო, რაც გუნდების რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდის და ჯამში, ამ სეზონში, ჯუნიორ ნბა-ს ლიგებში მთლიანობაში 2040-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

ჯუნიორ ნბა-ს ორგანიზატორი ეროვნულ ფედერაციაში საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების განყოფილებასთან ერთად აშშ-ის საელჩოა, ხოლო მხარდამჭერი - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მე-7 წელია, საქართველოში ჯუნიორ ნბა ტარდება, რომლის საწყისი 3 წელი (2016, 2017, 2018) სტანდარტულად, როგორც სხვა ქვეყნებში, A ლიგა იმართებოდა, რის შემდეგაც, მოთხოვნილების გაზრდის გამო, B ლიგა დაემატა და 2019, 2021 და 2022 წლებში 2 ლიგა ტარდებოდა. ამ სეზონის დაწყების წინ კი, ისევ და ისევ გუნდების სიმრავლისა და მოთხოვნილების გაზრდის გამო, C ლიგაც შეიქმნა. შესაბამისად, ჯუნიორ ნბა იქცა ყველაზე დიდ და მასშტაბურ ტურნირად, რომლის მაღალ დონეზე ჩასატარებლად ფედერაციაში ყველაფერი კეთდება.


B ლიგის ფორმატიც ნამდვილი ნბა-ის ანალოგიურია. 30 გუნდი 6 დივიზიონშია გაყოფილი და A ლიგისგან განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თამაშები მთლიანად თბილისში ტარდებოდა. პლეი ოფში გასული 16 გუნდი მერვედფინალში დაწყვილდა და ფინალამდე დაუმარცხებლად ტურნირში დენვერ ნაგეტსის სახელით მოასპარეზე იბერი და ნიუ იორკ ნიქსის სახელით მოთამაშე ოვერტაიმი გავიდნენ. ამ გუნდებთან ნახევარფინალურ მატჩებში დამარცხებული დინამო 3 (კლიპერსი) და ზაზა ფაჩულიას აკადემია (ინდიანა) ერთმანეთს მე-3 ადგილისთვის შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა დინამო 3-მა, რომელიც ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა.


ფინალური შეხვედრა იბერის უპირატესობის დაიწყო და ასევე დასრულდა. დენვერმა საბოლოოდ 46-25 გაიმარჯვა და ნამდვილი ნბა-ს მსგავსად, ჩემპიონი გახდა. ცნობისთვის, ამ სეზონში დენვერმა არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ნბა-ს ჩემპიონის ტიტული.


ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.


ოთხთა ფინალის 8 გამორჩეული მოთამაშე



დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ოთხთა ფინალის ყველა გუნდიდან 2-2 გამორჩეული მოთამაშე ეროვნული ნაკრების წევრებისგან სათამაშო მაისურებით ჯილდოვდება. მიხეილ ბერიშვილმა, ბექა ბექაურმა და გიორგი კორსანტიამ წარმოდგენილ მოთამაშეებს ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა მაისურები გადასცეს.


იბერი - ალექსანდრე სამხარაძე, ანდრია კირთაძე ოვერტაიმი 2 - საბა ტიკვაძე, ლუკა უგრეხელიძე დინამო 3 - თორნიკე შუბითიძე, მარიამ ცერცვაძე ზაზას აკადემია - ანტონ კუკულავა, ლუკა ფოჩხუა  

ტურნირის MVP




ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჩემპიონი იბერის კაპიტანი, ალექსანდრე დადიანი, რომელიც MVP-ის პრიზით ფედერაციის საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა    

საჩემპიონო თასი



ფინალური აკორდი საჩემპიონო თასის გადაცემა გახლდათ, რომელიც ჩემპიონი დენვერის (იბერის) კაპიტან ალექსანდრე დადიანს ნამდვილი დენვერ ნაგეტსის ყოფილმა მოთამაშემ (2002-2005), ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა და ამჟამად კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა.