დღეს, მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები, ანგარიშით 5-0 დაამარცხა. ახალი მთავარი მწვრთნელის ირის ანტმანის ხელმძღვანელობით ჩვენმა ქალთა ეროვნულმა მართალია ამხანაგური, თუმცა პირველი შეხვედრა გამართა.
„დღევანდელი მატჩი კარგი დასაწყისია, თუმცა შემდეგ ნაბიჯებზე უნდა ვიფიქროთ. ამ საფეხურზე გაჩერება ეროვნულ გუნდში სათამაშოდ და ერთა ლიგაზე საასპარეზოდ საკმარისი არ იქნება. ასე რომ, დღევანდელი გამარჯვება კარგი იყო თავდაჯერებისთვის და რწმენისთვის. ნებისმიერი მოგება სასიამოვნოა, თუმცა პროფესიონალებად უნდა დავრჩეთ. მოგება მიყვარს და გოგონებს ვუთხარი, რომ გამარჯვების გემოს არაფერი შეედრება. მინდა, რომ ფეხბურთელებმა ეს იგრძნონ და დამატებითი მოტივაცია მიიღონ", - იტყვის ირისი მატჩის დასრულების შემდეგ.
ჩვენი გვერდის მკითხველმა, ალბათ იცის, რომ ირისი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, რამდენიმე თვეა დაინიშნა. პირველი დღიდან მოყოლებული. სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ისრაელის ქალთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე და ქალთა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელი, რომლის სახელსაც უკავშირდება გარკვეული წარმატებები, პირადად დაესწრო ქალთა ორი ლიგის თითქმის ყველა თამაშს, ასევე, ჩაატარა სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით მთელი რიგი ტესტები და შეარჩია ფეხბურთელები, რომლებიც დღეს პირველად, „საქმეში" გამოსცადა.
მეზობელი სომხეთის ნაკრებთან პირველი სპარინგი დღეს, ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა. ქართველთა გუნდიდან გოლები თინათინ ამბალიამ, ნათია დანელიამ, ხატია ჭყონიამ, თეონა ბაქრაძემ და ნინო პასიკაშვილმა გაიტანეს.
16 ივლისს, საქართველოს ნაკრები, კიდევ ერთ სპარინგს გამართავს სომხეთის ნაკრებთან. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ქალთა შორის უეფა-ს ახალი ტურნირისთვის, უეფა-ს ერთა ლიგისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი ასპარეზობას აღნიშნულ ტურნირზე შემოდგომიდან დაიწყებს.
მატჩის ფოტო-ამბავი