ჯუნიორ NBA-ის 2023 წლის A ლიგა ვინგსი-ოვერტაიმის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც ტურნირში ფილადელფია 76-ის სახელით გამოდიოდა. ეს გახლდათ 2 გუნდის - ვინგსის და ოვერტაიმის გაერთიანებული გუნდი, რომელიც თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა და გაცემული ავანსი გაამართლა.
ჯუნიორ ნბა-ს წლევანდელი გათამაშება ყველაზე მასშტაბური იყო და მასში მთლიანობაში, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 100-ზე მეტი გუნდი და 2000-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა. უფრო ზუსტად, ჯუნიორ ნბა-ს გათამაშება გრძელდება - B და C ლიგების გამარჯვებულები 14 და 15 ივლისს გამოვლინდებიან.
ჯუნიორ ნბა-ს ფინალზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსული იყო ნბა-ს ელჩი ფრანცისკო ელსონი, რომელიც სან ანტონიოს შემადგენლობაში ნბა-ს ჩემპიონია. მასთან ერთად ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ ამერიკის საელჩოს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და ყოფილი კაპიტანი - ზაზა ფაჩულია.
ფინალურ მატჩში ოვერტაიმი-ვინგსმა ქუთაისი 3 დაამარცხა. მესამე ადგილი ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ქუთაისი 1-ს მოუგო და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. ფინალის დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი სადაც ჩემპიონატის 1-4 ადგილებზე გასულ გუნდებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.
მე-4 ადგილზე გასული ქუთაისი 1 (დენვერ ნაგეტსი), მესამე ადგილოსანი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი (ნიუ-იორ ნიქსი) და მეორე ადგილოსანი ქუთაისი 3 (ოკლაჰომა) შესაბამისი სინჯის მედლებით ხოლო ჩემპიონი გუნდი ვინგსი-ოვერტაიმი(ფილადელფია) NBA-ის საჩემპიონო მედლებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაულმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა და NBA-ის ყოფილმა მოთამაშე ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშემ კრისტოფერ ანდერსონმა დააჯილდოვეს.
სეზონის საფინალო მატჩში ტრადიციულად გამოვლინდა 2023 წლის ჯუნიორ NBA-ის A ლიგის ოთხთა ფინალის 8 საუკეთესო მოთამაშე:
ქუთაისი 1 - საბა ლოსაბერიძე, სანდრო ტუღუში
ზაზა ფაჩულიას აკადემია - ანდრია ქურდიანი, გიორგი გოჩაშვილი
ქუთაისი 3 - გური ობოლაძე, მათე დახუნდარიძე
ვინგსი-ოვერტაიმი - საბა დოხნაძე, ლუკა გოცირიძე
8 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს ეროვნული ნაკრების მაისურები, ეროვნული ნაკრების მოქმედმა კალათბურთელებმა გიორგი შერმადინმა, კახაბერ ჯინჭარაძემ და დუდა სანაძემ გადასცეს.
ჯუნიორ NBA-ის A ლიგის საუკეთესო მოთამაშე, MVP გახდა ვინგსი-ოვერტაიმის მოთამაშე საბა დოხნაძე, რომელსაც სპეციალური თასი NBA-ის 2-გზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ გადასცა. გამარჯვებული გუნდის კაპიტანი სპეციალური, საჩემპიონო თასით, ჯუნიორ NBA-ის ელჩმა, სან ანტონიოში ნბა-ს ჩემპიონმა, ვეტერანმა კალათბურთელმა, ფრანცისკო ელსონმა დააჯილდოვა!