საპასუხო საშინაო მატჩის წინ „დინამო თბილისი“ უფრო კომფორტულ მდგომარეობაშია
საპასუხო საშინაო მატჩის წინ „დინამო თბილისი“ უფრო კომფორტულ მდგომარეობაშია
12.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზუსტად ერთ კვირაში 19 ივლისს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე" საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „ასტანას" საპასუხო მატჩში უმასპინძლებს. თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ უკვე შესაძლებელია, დინამოელები კი, თამაშზე სავსე სტადიონის მხარდაჭერას ელიან. ბილეთების ფასი პირველ იარუსში 20, მეორეში კი, 10 ლარი ღირს. ყაზახეთიდან თბილისელები ხვალ დაბრუნდებიან და აღნიშნული თამაშისთვისაც აქ გააგრძელებენ ასპარეზობას.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ასტანაში დღეს ფრედ 1-1 დასრულდა. „ასტანა არენაზე", რომელიც 30000-ზე მეტ გულშემატკივარს იტევს და თითქმის სავსე იყო, მასპინძელთა უპირატესობით და სტუმართა ბავშვური შეცდომებით დაიწყო. დიდი ალბათობით, თბილისელებს, ხელოვნურსაფარიან მოედანთან შეჩვევა თავიდან გაურთულდათ, თუმცა, ნელ-ნელა ალღო აუღეს. თუმცა, მანამდე გაგი მარგველაშვილის შეცდომის შემდეგ, მე-11 წუთზე გიორგი ლორიამ ვერ მოახერხა „დინამო თბილისის" გადარჩენა და მასპინძლები დაწინაურდნენ.


ერთის შეხედვით პირველ ტაიმში, დინამოელთა თამაშის შედარება, „გაზი"-„ტორმუზის" თანმიმდევრობასთან  შეიძლება, ავტომობილის მართვისას. თბილისელებს, აკლდათ სისწრაფე გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინაც კი, როცა სივრცეები აშკარად იკითხებოდა. თუმცა, „წყლის შესვენების" შემდეგ, „დინამომ" ცოტა უმატა სიჩქარეებს და ეს სივრცეები კიდევ, უფრო გამოიკვეთა, ამასთან თბილისელებმა ბურთის „დაჭერა" უკვე მეტოქის ნახევარზე მოახერხეს, მაგრამ რეალურად, კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. თუ არ ჩავთვლით იმრანის შორეული გასროლას 45-ე წუთზე, რომელიც ძელმა აისხლიტა. ამ მომენტამდე, საგოლე შანსი ვერ გამოიყენა კამარამ, რომელმაც მოახერხა „ასტანას" მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა, თუმცა,  შემდეგ მეკარეს ვერ ააცილა. ტამის მიწურულს დავით კობოურმა გაისროლა შორიდან, თუმცა აქ, მეკარემ მოასწრო რეაგირება. ფაქტია, პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ „დინამო თბილისის" ასტანაში უბრალოდ, არ უნდა წაეგო.


მეორე ტაიმი, ისევე, როგორც თბილისელთა სხვა თამაშებისასა მიმდინარე სეზონში, პირველისგან განსხვავებული იყო. შეხვედრის ეს მონაკვეთი თბილისელებმა შეიძლება ითქვას, მთლიანად გააკონტროლეს და მძიმე, ხელოვნურსაფარიან მოედანზე შეხვედრის ფრედ დასრულება და რაც მთავარია, ტრავმების გარეშე, სამშობლოში დაბრუნება მოახერხეს. თბილისელებს, ალბათ, ცოტა მეტი რომ მოენდომებინათ, თამაშის მოგებაც შეეძლოთ, თუმცა, საჭირო გამარჯვება მათ თბილისური საპასუხო მატჩისთვის გადადეს. საპასუხო მატჩისთვის კომფორტული ბალანსის შესანარჩუნებლად კი, დღეს, 57-ე წუთზე გოლი გაბრიელ სიგუამ გაიტანა. სხვათა შორის, დღევანდელ თამაშში „სიგუ", იმრანთან და ლორიასთან ერთად ყველაზე გამორჩეული იყო.


და ბოლოს, ჩვენი მოსაზრებით და თუნდაც, დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, „ასტანა" დასაძლევი ბარიერია. ამისთვის, დინამოელებმა, საშინაო მატჩში ის ხარვეზები და წუნი უნდა გამოასწორონ, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში საკმაოდ იყო.



მატჩის სტატისტიკა