ფრენბურთში, ევროპის 17-წლამდე გოგონათა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა ბულგარელ თანატოლებთან სამ სეტში 17-25, 17-25, 15-25 წააგო (დღევანდელი შეხვედრის სრული სტატისტიკა). მიუხედავად ამისა, პარკეტზე მყოფმა ყველა მოთამაშემ, მაქსიმუმი გააკეთა. საერთო ჯამში შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა. ქართული გუნდიდან დღეს ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მაგდა კობაიძე იყო 11 ქულით. 10 ქულა, მარიამ მუშკუდიანმა დააგროვა.
ალბათ, ტელე-ეკრანიდან მეტ-ნაკლებად კომპეტენტურები ვიქნებით, თუმცა, ჩვენი აზრით პირველ და მეორე სეტების გადამწყვეტ მომენტებში, მსაჯებმა, ცოტა უფრო მეტი სიმპათია ბულგარეთის ნაკრების სასარგებლოდ გამოავლინეს, მაგალითად გადასული ბურთი მოედანში დაინახა და მეორე მომენტში პირიქით... მოკლედ, სადაც ასეთი მომენტების გადამოწმება ვერ ხერხდება, სატელევიზიო ჩვენებაც კი ერთი კამერით არის (სხვათა შორის, მატჩის დასაწყისში ოპერატორმა, ჰიმნების შესრულების დროს თავდაპირველად ბულგარეთის, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებებს ვერ „მიაგნო") და თბილისიდან ამის გარკვევა კიდევ უფრო რთულია, ჩვენმა ნაკრებებმა და არა მხოლოდ ფრენბურთში, არ მხოლოდ გოგონებმა და განსაკუთრებით ასაკობრივ გუნდებში, უნდა ვისწავლოთ, რომ ვიმარჯვებთ მსაჯებიანად.
სერბეთში მოასპარეზე გუნდების მეორე სათამაშო დღე, სწორედ, ბულგარეთისა და საქართველოს 17-წლამდე გოგონების შეხვედრით დაიწყო. დღეს კიდევ სამი შეხვედრა იმართება:
იტალია - ხორვატია
სერბეთი - ესტონეთი
პოლონეთი - ნიდერლანდები
დღევანდელი მატჩების დასრულებამდე კი, საქართველოს ნაკრები 8 გუნდს შორის მე-4 ადგილზეა (სატურნირო ცხრილი და ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე).
ხვალ, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება, რომელსაც პირველი მატჩი მოგებული აქვს და დღეს, ასევე, სასტარტო შეხვედრაში გამარჯვებულ ხორვატიას ეთამაშება. თამაში 13 ივლისს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: (c)CEV