ინგლისი ევროპის 2023 წლის ჩემპიონია 21-წლადეთა შორის
ინგლისი ევროპის 2023 წლის ჩემპიონია 21-წლადეთა შორის
08.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გორის „თენგიზ ბურჯანაძის სტადიონის შემდეგ", ბათუმის „აჭარაბეთ არენა" მეორე ფეხბედნიერი სტადიონია ინგლისის ნაკრებისთვის. თუკი, 2017 წელს 19-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატზე, აარონ რამსდეილი, დღეს უკვე „არსენალის" მეკარე იყო ლაპარაკისა და შექების საბაბი, დღეს დასრულებული 21-წლამდეთა ევროს შემდეგ პირადად ჩემი სიმპათია ინგლისელთა მეკარის ჯეიმს ტრაფორდს უნდა უმადლოდეს, მთელი გუნდი, რომ ევროპის 2023 წლის ჩემპიონობა სწორედ მათ იზეიმეს. იმას გარდა, რომ ტრაფორდმა ბოლო წუთზე 11 მეტრიანი მოიგერია და გადავარდნილ ბურთზე, დამატებულიც მიაყოლა, ის ამ ჩემპიონატზე აღმოჩნდა ერთად-ერთი მეკარე, რომელმაც ევრო 2023 წლის დასკვნით ეტაპზე საკუთარი კარი მშრალად შეინახა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტურნირის საუკეთესოდ სხვა, მისი თანაგუნდელი ენტონი გორდონი დაასახელეს.




„ჩემი გუნდის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახის გამოც, მეგობრებისთვის და სამწვრთნელო შტაბისთვის. ეს იყო ძალიან დიდი გუნდური თანადგომა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს იყო ის, რაც ტურნირის დაწყებამდე დავისახეთ და ჩვენ ამის გაკეთება შევძელით. ნამდვილად ვამაყობ ჩვენით.  დღეს დილით ყველას ვუთხარი, რომ დღეს პენალტს მოვიგერიებდი და როდესაც მსაჯმა დადო, ვიცოდი, რომ მას ავიღებდი. როდესაც დავბრუნდები სახლში, ჩემს მეგობრებს ყველას ვეტყვი, რომ ერთი მოვიგერიე. რაც შეეხება, რეკორდს, ტურნირზე მშრალად შენახული კარი, ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან სხვებს ბევრი ძალისხმევა დასჭირდებათ მის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ და გვჯეროდა, ვერავინ გაგვიტანდა და ეს საქმეშიც დავამტკიცეთ", - ამბობს ტრაფორდი.


ინგლისის ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონის ტიტული 39 წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩამდე გუნდების დაპირისპირებაში 4 მატჩიდან ინგლისელებს 3 მოგებული ჰქონდათ, ერთი კი, ფრედ დასრულებული, ჩემპიონები კი, მხოლოდ მესამედ გახდნენ. სხვათა შორის ბოლოს, 1984 წელს, როდესაც ინგლისის ნაკრები ამ ასაკში გახდა ევროპის ჩემპიონი, ფინალში, სწორედ, ესპანეთის ნაკრები დაამარცხა.




2023 წელს კი, ამავე სტადიონზე, ინგლისელთა მონაწილეობით გამართული 1/2 ფინალის მსგავსად, ფინალური შეხვედრაც, უფრო დაძაბული და ერთ გოლზე გათვლილი გამოდგა, ვიდრე სანახაობრივი და ეს, იმის ფონზე, რომ ბათუმში, საჩემპიონო თამაშს, 18884 გულშემატკივარი დაესწრო.


მატჩის ბედი შეხვედრის პირველი ტაიმისთვის კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე, კურტის ჯონსმა სტანდარტულის შემდეგ გაიტანა, რომლისთვისაც ესპანელებმა საგულდაგულოდ „ააშენეს" კედელი, თუმცა, გასახდელში გოლის ჩატანა მოუხდათ. გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე 44-ე წუთზე, ანგარიშის გახსნის საშუალება კოლვილს ჰქონდა თუმცა, მისი თავური ძელს მოხვდა. ინგლისელებს, კიდევ ჰქონდათ ერთი საგოლე მომენტი, თუმცა, ორმაგი „სეივი" ესპანელთა კარის მცველი, ანგარიშზეა. საერთოდ, პირველი ტაიმის რამდენიმე ფრაგმენტს თუ არ ჩავთვლით, ესპანელებმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ ბოლო ფაზაში ან სიზუსტე აკლდებოდათ, ან დარტყმა იყო სუსტი, ან კარში დარტყმის ნაცვლად, თავად განმუხტავდნენ ხოლმე სიტუაციას. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ თამაშზე ვერ იტყვი უხეში იყოო, მსაჯს თამაშის გაჩერება რამდენჯერმე მოუხდა, პატარ-პატარა კინკლაობების და რამდენიმე სერიოზული შეხლა-შემოხლის გამო, რომლის დროსაც ინგლისელთა სკამიდან, ნორვეგიელმა მსაჯმა მწვრთნელის ასისტენტიც კი გააძევა. ორჯერ, თამაში VAR-მა გააჩერა, პირველად როდესაც მეორე ტაიმის დასაწყისში, აბელ რუისმა გოლი გაიტანა (არა და ინგლისელთა კართან ვინც ახლოს იჯდა, აშკარა თამაშგარე იყო) და მეორე მომენტიც, რუისს უკავშირდება, რომელთა უხეში თამაშის გამოც დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც გოლოს მანვე ვერ გამოიყენა.




და ბოლოს, უბრალოდ ისტორიისთვის... ალბათ, გახსოვთ, 21-წლამდეთა ევროს დაწყებამდე, რამაზ სვანაძის გუნდმა, ინგლისის ნაკრებთან სპარინგი გამართა. ყურადღებიან გულშემატკივარს ისიც ემახსოვრება, რომ მატჩის ჩატარების ადგილი, საკმაოდ გვიან გაირკვა და შეხვედრა ბათუმში ჩატარდა. უკვე მას შემდეგ რაც ინგლისი ჩემპიონი გახდა და საჩემპიონო თასის ასაწევად ემზადებოდა, სანდო წყარომ გაგვიმხილა, რომ მაშინ, თამაში რომელშიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა გაიმარჯვა, ბათუმში სწორედ, ინგლისელების თხოვნით ჩატარდა, მიზეზი - ფინალში, რომ აქ მოგვიწიოს თამაშიო...