ლონდონური ამინდი, ბათუმური განწყობა და ესპანური იმედები
ლონდონური ამინდი, ბათუმური განწყობა და ესპანური იმედები
07.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბათუმში საღამოს 19:00 საათიდან ლონდონის ამინდია. შავიზღვისპირა ქალაქში ხვალაც წვიმაა გამოცხადებული. რთული სათქმელია ეს გარემოება, დაეხმარება თუ არა ლი კარსლის ნაკრებს ხვალ, უეფა-ს 21-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში კიდევ ერთხელ დაამარცხოს ესპანეთი, თუმცა, ფაქტია, რომ ინგლისის ნაკრები, ჯერ კიდევ მიმდინარე ჩემპიონატზე ერთადერთი გუნდია, რომელმაც წვიმიანი ამინდების მიუხედავად კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სამწუხაროდ, ჩვენ ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე და პრეს-კონფერენციაზე მოხვედრა ვერ მოვასწარით, თუმცა, ესპანელების „მატჩისდღე1"-ს დავესწარით. ვინც, მიმდინარე ჩემპიონატს თვალს ადევნებს, გემახსოვრებათ რამდენიმე დღის წინ, ბათუმური 1/2 ფინალის პირველი ტაიმის მიწურულს როგორც იდგნენ, ამ სიტყვის სრული გაგებით ინგლისისა და ისრაელის ნაკრებები. ვერ გეტყვით, „ბათუმი არენა" მოქმედებს ასე თუ არა, მაგრამ დღეს, ესპანეთის ნაკრები მატჩის წინა ვარჯიშზე, მედიისთვის დაშვებული მთელი 15 წუთის მანძილზე, მინდორზე უბრალოდ იდგნენ, ან სეირნობდნენ ან სარეკლამო დაფებს უშენდნენ ბურთს. სულ ბოლოს „კვადრატი" ივარჯიშეს და ჩვენი დროც ამოიწურა. თუმცა მანამდე, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტი დენიამ მედიის კითხვებს უპასუხა.




„უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გააპროტესტა, რომ მის გუნდს ბუქარესტში ჩასასვლელად, დიდი დრო და გრძელი გზა დასჭირდა. ამ მხრივ, ჩვენც, ბუქარესტიდან ბათუმში გადმოვფრინდით, და დაგვიჯერეთ, არც ჩვენთვის იყო მოგზაურობა მარტივი, მაგრამ ჩვენ ვართ ფინალში და ვიცით, რას ნიშნავს ეს გზა. ახლა ჩავატარებ მატჩის წინა ვარჯიშს და შევხედავთ. გუნდში, ყველა მუშაობს ექიმები, ფიზიო, სტაფის ყველა წევრი, რომ ჩვენი გუნდი იყოს სათანადო ფორმაში",  - ამბობს დენია.


მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ესმით ესპანელებს ხვალინდელი მატჩის სირთულე, სჯერათ, რომ ისინი საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ და შეეცდებიან გახდნენ ჩემპიონები. ამ მომენტისთვის, ფინალამდე, ცოტად რთულად მოსვლის მიუხედავად, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.


„შთამბეჭდავი არის, რომ ინგლისი თამაშობს დაცვაში და თავდასხმაშიც შესანიშნავად. მე მინდა გავამახვილო ყურადღება მათ ინდივიდუალისტებზეც. გუნდმა გააკეთა უდიდესი სამუშაო და დღემდე, ჩაატარეს საუკეთესო ტურნირი. Great Job!"- ამბობს ესპანელთა მთავარი მწვრთნელი.



თუკი ხვალ, ბათუმში, ინგლისის საკმაოდ ძლიერ გუნდთან, ესპანეთის ნაკრები მოახერხებს გამარჯვებას, ეს ამ გუნდის მეექვსე ტიტული იქნება და აღნიშნულ ასაკობრივ გუნდში, ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გახდება.


იმ შემთხვევაში, თუკი ინგლისის ნაკრები მოიგებს, გამოდის, რომ საქართველო ამ ასაკობრივი ნაკრებებისთვის საკმაოდ ფეხბედნიერია. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ინგლისის 17-წლამდე ნაკრები, გორში ევროპის ჩემპიონი გახდა.


ხვალ, ბათუმი არენაზე შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ბლო ინფორმაციით მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შეხვედრას, ნორვეგიელი ესპენ ესკასი მოემსახურება, რომლისთვისაც ფინალური შეხვედრა მიმდინარე ჩემპიონატზე რიგით მე-5 იქნება. მის მიერ განსჯილ შეხვედრებს შორის არის საქართველო - ისრაელის ¼ ფინალური და საქართველო - პორტუგალიის ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრები.